გიორგი ბაჩიაშვილი - მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით


ავტორი
Front News საქართველო
მე თქვენ წინაშე ვდგავარ მოტაცებული, მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით, - ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოტაცების შემდეგ, მას "აირზენას" ბორტზე ანრი ოხანაშვილი და სხვა მაღალჩინოსნები დახვდნენ.
"ორი წლის წინათ, როცა დაიწყო ეს პროცესი, ჯერ კიდევ მაშინ როცა ჯერ კიდევ არსებობდა ქვეყანაში დემოკრატია და მე მაშინვე დავიწყე იმაზე საუბარი, თუ რა მიზეზით დაიწყო ეს დევნა ჩემ წინააღმდეგ. რეალური მიზეზი არის პოლიტიკური და პირადი შურისძიება, იქიდან გამომდინარე, რომ მე იმ დროს უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე.
არ დარჩა არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელმაც არ შეაფასა ეს შეკერილი საქმე, რომელშიც არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა ივანიშვილის პირადი ჩვენებისა, შესაბამისად, ეს გასამართლება სრულად პოლიტიკური და შეკვეთილია.
მე არ დამიტოვებია საქართველო ორი წლის მანძილზე, მხოლოდ მაშინ გავხდი იძულებული, როცა პირდაპირ მომივიდა ინფორმაცია, რომ ციხეში შენს წამებას აპირებენო, გაგჭყლიტავს ციხეშიო - ასე თქვა პირდაპირ ივანიშვილმაო. ზუსტად ამ სიტყვების მერე დავტოვე ქვეყანა და რა მოხდა შემდეგ - თავზე ტომარაჩამოფარებული მატარეს ორი დღე აბუ-დაბსა და დუბაიში ადვოკატის, მოსამართლისა და პროკურორის შეხვედრის უფლების გარეშე და პირდაპირ ძალით შემათრიეს თვითმფრინავზე, სადაც დამხვდა ანრი ოხანაშვილი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი.
მე თქვენ წინაშე ვდგავარ მოტაცებული, მე პატიმარი არ ვარ - მე ვარ ტყვე ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით. ვითომ, რომ მიპოვეს თეთრი მაისურითა და თეთრი ფეხსაცმლით სადღაც მდინარეგადმოცურული, ეს არის სიცრუე და ამ მოტაცებაზე გამოძიება მოვითხოვე ჯერ კიდევ 29 მაისს და არცერთი ადამიანი არ დაკითხულა, არც მე. როცა ჩამომიყვანეს, მომიწყვეს წამება. ქსნის საპყრობილიდან საგულდაგულოდ ჩამოიყვანეს ჯალათი, გაიღო კარი, დამიწყო ცემა, გინება, შუშით დამუქრება, გამიტეხა თავი და სხვა მრავალი დაზიანება მივიღე.
არც კამერები ამოუღიათ და არც დაზარალებულად არ მაღიარეს", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოტანილი განაჩენი განიხილება.
თაგები:
გიორგი ბაჩიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს