გიორგი ბაჩიაშვილი - მსურს, მივმართო ყველა პოლიტიკოსს, ვისთვისაც საქართველოს ბედი არ არის სულ ერთი, ქართველ ხალხს სჭირდება ერთობა


ავტორი
Front News საქართველო
მსურს, მივმართო ყველა პოლიტიკოსს, ვისთვისაც საქართველოს ბედი არ არის სულ ერთი, ქართველ ხალხს სჭირდება ერთობა. ერთობა იმ მთავარ მიზანში, რასაც საქართველოს ცივილურ ორბიტაზე დაბრუნება ჰქვია, - ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
მისივე თქმით, გუშინ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე იყო.
"გუშინ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე იყო. ქვეყნის გაოფიციალურებული ღალატი პარლამენტის ტრიბუნიდან... საპატიმროში გაშვებული უამრავი ახალგაზრდა... ქალების მასიურად დაჭერაზე გადასული რეჟიმი და გაეროში გაგზავნილი ინციტატუსი... ქალბატონო თეა, სულ რომ მთელი ბიბლიოთეკა გადაწვათ და თავიდან გამოსცეთ, ახალგაზრდების გულიდან „ჯალათეას“ ვერ ამოშლით... ან რა უნდა დაწეროთ ახალ სახელმძღვანელოში? გამოგონილ „ომის პარტიას“ რომ ებრძოდით და ამ ბრძოლაში როგორ ასახიჩრებდით ქართველ ახალგაზრდებს? თუ სიხარბეს და ეჭვიანობას შეწირულ თანაგუნდელებს ორდენებს როგორ ურიგებდით? ჩემი თხოვნა იქნება, ეგ თქვენი 400-გვერდიანი ნაშრომი, ეგებ რუსულად გამოსცეთ. რით ვერ ხვდებით, რომ ქართველს დაჭერით ვერ გააჩუმებთ, სტალინმა საქართველო ვერც დაჭერით, ვერც დახვრეტით და ვერც გადასახლებით ვერ გააჩუმა. ასს დაიჭერთ? ზღვა გამოვა!
მსურს, ასევე მივმართო ყველა პოლიტიკოსს, ვისთვისაც საქართველოს ბედი არ არის სულ ერთი, ქართველ ხალხს სჭირდება ერთობა. ერთობა იმ მთავარ მიზანში, რასაც საქართველოს ცივილურ ორბიტაზე დაბრუნება ჰქვია. მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და ნუ ვუღალატებთ დემოკრატიის მთავარ პრინციპებს. მივიდეთ ყველანი 4 ოქტომბრის არჩევნებზე და შემდეგ ერთად დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი, ამით ერთმანეთს მხოლოდ გავაძლიერებთ.
ჩემი სრული და გულითადი მხარდაჭერა ყველა მამაც და საამაყო ახალგაზრდას, ყველა პოლიტპატიმარს, მათ ოჯახებს და ჩვენი ქვეყნის ყველა ნამდვილ პატრიოტს. ბრძოლა გრძელდება... "ქართული ოცნება“ ის ბოლო ტალახია, რომელიც საბჭოთა კავშირმა გვესროლა და ამ ტალახს ქართველი ერი სახელოვნად ჩამოირეცხავს. გახსოვდეთ, ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არ აქვთ - ჩვენ გვაქვს სიყვარული“, - წერს ბაჩიაშვილი.
თაგები:
გიორგი ბაჩიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს