Logo

გიორგი ჩალაძე – დამემუქრა, რომ ამომიწყვეტდა ოჯახს, იმ ადგილებში, სადაც კამერა არ იღებდა, ორჯერ შეეცადა ჩემ მოკვლას

სამართალი
09.08.2021 / 17:48
Frontnews image description

გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორი გიორგი ჩალაძე 7 აგვისტოს, მისი დაკავების შემთხვევას იხსენებს და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს.

 

როგორც ჩალაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, ერთ-ერთი პოლიციელი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამის შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა – ბორკილები მიზანმიმართულად ხელში ჩაარტყა.

 

ჩალაძის ინფორმაციით, ეს არის პატრულ-ინსპექტორი ვახტანგ გაბუნია, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა და საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით მოქმედებს.

 

“დამემუქრა, როგორც მე, ასევე ჩემს ოჯახს, სიცოცხლის მოსპობით. პირდაპირ მითხრა, რომ საღამოს გაიხდიდა თუ არა პოლიციის ფორმას, ის აღარ იყო პოლიციელი, იცოდა სად ვცხოვრობდი, იცოდა ჩემი ოჯახის ადგილმდებარეობა და ამომიწყვეტდა ოჯახს. მითხრა, რომ ჩემი და ჩემნაირების დრო კი არ მოდის, დასრულდა. იყო უშვერი სიტყვებით გინება….

 

იმ ადგილებში, სადაც კამერა არ იღებდა, ორჯერ შეეცადა ჩემ მოკვლას. მოკვლა იყო ხელის კვრით დამრეც კიბეზე, ეს იყო სასამართლოს ტერიტორიაზე. ხელი დამიზიანდა მიზანმიმართულად ხელბორკილის დადებისას, არა ჩასმისას, არამედ დახურული ხელბორკილი ჩამარტყა ხელში”, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ “დღის სტუმრის” ეთერში.

 

მისივე თქმით, სამხარაულის ბიუროში უკვე გაიარა შესაბამისი ექსპერტიზა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც მიმართა მომხდარზე რეაგირებისთვის.

 

გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორი გიორგი ჩალაძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 7 აგვისტოს დააკავეს. ჩალაძის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებთან დაპირისპირებას, პოლიცია მის პროვოკაციაზე წამოგებას შეეცადა.

Advertisement