გიორგი გახარია – ჩვენი მთავარი მიზანია ძლიერი, სამართლიანი, თანამედროვე სახელმწიფო


ავტორი
Front News საქართველო
“ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი – ეს არის ჩვენი მომავალი, ეს არის ფუნდამენტი და საფუძველი ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფოსი!“- მიმართა გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერებს დღეს აჭარაში, სადაც აჭარის მუნიციპალიტეტების მერობის და ბათუმის მაჟორიტარობისა და სიის კანდიდატები წარადგინა. აღსანიშნავია, რომ პარტიამ შექმნილი კოვიდვითარებიდან გამომდინარე უარი თქვა ღონისძიებაზე მხარდაჭერების შეკრებისგან და წარდგენა დამსწრეების გარეშე ჩატარდა.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას გასული 9 წლის მანძილზე ოცნების ხელმძღვანელობით მრავალი მნიშვნელოვანი მიღწევა ჰქონდა და დღეს ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესისთვის სწორედ ეს მიღწევებია დასაცავი “ქართული ოცნების” დღევანდელი ხელმძღვანელებისგან, რომლებიც საკუთარი ხელით ანადგურებენ არსებულ მიღწევებს.
„ამ ბოლო 9 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ქვეყანამ ბევრ წარმატებას მიაღწია – რა თქმა უნდა, დღეს ქართულ ოცნებაში ბევრი ღირსეული ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლია დარჩენილი – მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ აქ ვდგავართ და ვერთიანდებით იმისთვის, რომ სწორედ ის მიღწევები, რაც შევძელით ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მიგვეღწია ბოლო 9 წლის განმავლობაში – ქართული ოცნების დღევანდელ ბოსებს ავუხსნათ, რომ ეს არ არის მათი საკუთრება – ეს საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაა. დღეს ჩვენ – პარტია „საქართველოსთვის“ ვდგავართ იმ მდგომარეობაში, როდესაც იძულებულები ვართ ბოლო 9 წლის დიდი და მნიშვნელოვანი მიღწევები დავიცვათ ქართული ოცნების დღევანდელი ბოსებისგან. და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. იმიტომ, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით თუ სხვა მიზნით, ქართული ოცნების დღევანდელი ბოსები უსუსურობით დააბრუნებენ ნაციონალურ მოძრაობას პირდაპირ ხელისუფლებაში, თუ თვითონ გამოიყენებენ იგივე ხრიკებს და მეთოდებს – ძალადობის, დაშინების, უსამართლობის და უღირსობის – ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ისაუბრა ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისათვის არსებული მიღწევების შენარჩუნების და თანმიმდევრული მშენებლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე ყოველ ჯერზე უკან დაბრუნების ნაცვლად.
„ჩვენ გვესმის, რომ სახელმწიფოს მშენებლობის ერთადერთი გზა არის არა ყველა ჯერზე დავანგრიოთ უკვე აშენებული და ყოველთვის დავიწყოთ ნულიდან – არამედ ყველა საუკეთესო, რაც უკვე იყო საძირკველში და ფუნდამენტში ჩადებული – შევინარჩუნოთ და დავაშენოთ ახალი სართულები. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს – ჩვენ დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, რომ იძულებულები ვართ ბოლო 9 წლის მიღწევები, რომელიც თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ერთიანი ბრძოლით არის მიღწეული – დავიცვათ იმ უგუნური პოლიტიკისგან, რომელსაც დღევანდელი ქართული ოცნების ბოსები ატარებენ.
ჩვენი მთავარი მიზანი არის ძლიერი, სამართლიანი, თანამედროვე სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი კულტურა, ჩვენი წარსული, ჩვენი ისტორია, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ეკლესია და რაც მთავარია უნდა შექმნას ქვეყანაში სამართლიანი გარემო, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა შეუქმნას სამართლიანობის განცდა და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა აღუდგინოს რწმენა სახელმწიფოში და სახელმწიფო ინსტიტუტებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია