Logo

გიორგი გახარია – დღეს ყველაზე მთავარია, დავიცვათ ის მოქალაქეები, რომლებიც არიან უკანონოდ დაკავებულები და დავიცვათ საჯარო მოხელეები

პოლიტიკა
02.12.2024 / 16:47
Frontnews image description

დღეს, პირველ რიგში, ყველას ერთად გვყავს დასაცავი ის ადამიანები, რომლებიც “ოცნებამ” უკანონოდ დააკავა და  მეორე – ჩვენი საჯარო მოხელეები, რომლებმაც გაბედეს პროტესტი, მათ დღეს თავს ესხმიან, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს რეჟიმი მოქალაქეებზე სისტემურად ძალადობს.

“მას შემდეგ, რაც არჩევნები გააყალბა და შემდეგ მოკლა ქვეყნის ევროპული მომავალი, “ოცნებამ” მიიღო სამართლიანი პროტესტი საქართველოს მასშტაბით. 5 დღეა, “ოცნება” სამართალდამცავი სისტემის საშუალებით სისტემურად ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე.

დღეს, პირველ რიგში, ყველას ერთად გვყავს დასაცავი ის ადამიანები, რომლებიც “ოცნებამ” უკანონოდ დააკავა. ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ დაკავებულთა დიდი ნაწილი ფიზიკური ძალადობის გამო ტოვებს დევნის ტერიტორიას. ყველამ უნდა მოვითხოვოთ ამ ადამიანების გათავისუფლება.

მეორე – ჩვენი საჯარო მოხელეები, რომლებმაც გაბედეს პროტესტი, მათ დღეს თავს ესხმიან და ემუქრებიან – ესენიც გვყავს დასაცავი. საბოლოო ჯამში, ვიღებთ იმას, რომ დღეს გვაქვს ჩვენ აბსოლუტურად მოძალადე სისტემა.

მინდა, მივმართო საჯარო მოხელეებს – თქვენ ვალდებული ხართ, გამოთქვათ თქვენი აზრი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს აზრი საქართველოს უმრავლესობის აზრს ემთხვევა. ნუ შეგეშინდებათ იმ ვაი პოლიტიკოსების, რომლებიც ამბობენ, რომ ამით სისტემა იწმინდება. რაც უფრო მეტი საჯარო მოხელე გამოთქვამს საკუთარ აზრს, მით უფრო დაცულები იქნებით. დღეს ყველაზე მთავარია, დავიცვათ ის მოქალაქეები, რომლებიც არიან უკანონოდ დაკავებულები და დავიცვათ საჯარო მოხელეები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Advertisement