Logo

გიორგი გახარია – გეყოთ გამბედაობა და დამიჯექით დებატებში თქვენსავე ტელევიზიებში

პოლიტიკა
13.09.2021 / 17:25
Frontnews image description

გეყოთ გამბედაობა და დამიჯექით დებატებში თქვენსავე ტელევიზიებში – ყოფილი პრემიერი პარტია, “საქართველოსთვის” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია მთავარ კონკურენტებს – კახა კალაძესა და ნიკა მელიას მიმართავს. 

 

ყოფილი პრემიერის თქმით, ოპონენტებს მათსავე ტელევიზიებში, პირისპირ დაუჯდება.

 

“მივმართავ „ოცნების“ მერობის კანდიდატ კახა კალაძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას, მოდით, თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები, პირისპირ, ერთი-ერთზე, რათა მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა, მიიღონ სწორი და ინფორმირებული არჩევანი. როგორც მოვისმინე, კახა კალაძეს გარკვეული დისკომფორტი აქვს სხვა ტელევიზიებში სიარულის, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, შევთავაზო თბილისის დღევანდელ მერს, დებატები პირისპირ „იმედის“ ტელევიზიაში. იმედი მაქვს, ამაზე მაინც მივიღებ დადებით პასუხს. ასევე ნიკანორ მელიას მინდა, შევთავაზო, „ნაციონალური მოძრაობის“ „მთავარ არხზე“, პირისპირ მოვაწყოთ დებატები.

 

მოგეხსენებათ, დებატები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის არჩევნების განუყოფელი ნაწილი. ერთადერთი შესაძლებლობა, პატივი ვცეთ ამომრჩევლებს, მიიღონ ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილება. ჯერ კიდევ არის დრო, ამიტომ ივარჯიშეთ მეგობრებო, მოემზადეთ.

 

მე მზად ვარ, ნებისმიერ თქვენთვის კომფორტულ ფორმატში ასეთი დებატები ჩავატაროთ, რამეთუ დარწმუნებული ვარ, ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი პატივისცემა საქართველოს მოქალაქეების, მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალური არჩევანი გააკეთონ”, – განაცხადა გახარიამ. 

 

რაც შეეხება ნარკოტესტირების საკითხს, გახარია აცხადებს, რომ ტესტირებას ევროპაში ჩაიტარებს. 

 

“მეორე საკითხი – ჯანსაღი ცხოვრების ნიღაბქვეშ შემოჭრილი თემა – ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა სამხარაულის ბიუროში, ამიტომ მე ჩავფრინდები ევროპაში და გაკაკეთებ ტესტს, რომელიც იქნება საჯარო”, – განაცხადა გახარიამ.

Advertisement