გიორგი გახარია – ვერც ივანიშვილი გაიპარება უკანა კარიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს მისი მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა, არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
“ევროპა მშვიდობაა. საპირისპიროდ, რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენა კი ნიშნავს ომს. ოკუპაციას და ომს ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ბევრჯერ დაგვანახა, რომ დასავლეთთან ერთობის გარდა, სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი ჩვენ რთულ რეგიონში საქართველოს სამწუხაროდ, არ აქვს. ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც ფრთხილი და არც დაბალანსებული აღარ არის.
დღეს “ოცნება” ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და მათი საგარეო პოლიტიკა, სწორედ ამ ლოგიკას ეყრდნობა. ამ გადამწყვეტ მომენტში “ოცნება” კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს და სვამს კითხვას – გვინდა კი ასეთი ევროპა? კარგია თუ არა თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და სულ მალე ახალ კანონზე დაყრდნობით აგენტს დაუძახებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. “ოცნება” ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების სურვილით და მზადაა ამისთვის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამ არჩევანის ფასის გადახდა ჩვენს შვილებს მოუწევთ. “ნაციონალური მოძრაობა” კი, მზადაა ჩვენი ქვეყნის ეროვნული მომავალი გაცვალოს მიშა სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში. ეს ის წითელი ხაზებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე გადის და აქ კომპრომისი დაუშვებელია.
სწორედ ამიტომ, მივმართავ “ოცნებაში” დარჩენილ ადამიანებს, ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები ხართ თქვენ. გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ თქვენ და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვერც ივანიშვილი ვერ გაიპარება უკანა კარიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს მისი მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული.
საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპულ ინტეგრაციასთან, როგორც დღეს და ასევე, არასდროს ყოფილა ასე ახლოს ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან. ეს დაკარგული შესაძლებლობა იქნება დანაშაული მომავალი თაობების წინაშე. ყველამ, ვინც შეიძლება, განსხვავებულად ვაფასებდეთ წარსულს, მაგრამ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, უნდა ვიმოქმედოთ. ვის როგორც შეგვიძლია, ერთად, ცალ-ცალკე, დღეს ამას უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა.
მე, ჩემი მხრივ, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, დღეს მივმართე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს, თხოვნით, მიუხედავად „ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებისა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. ეს არის აუცილებელი პირობა საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიაზე დასაბრუნებლად და ქართველი ხალხი იმსახურებს ამ მხარდაჭერას. მე ვიწყებ და ბოლომდე გავაგრძელებ მუშაობას საქართველოს მეგობრებთან, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, რომელთა ნაწილთან პირადი კონტაქტები და მეგობრული ურთიერთობები მაკავშირებს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია

გიორგი გახარია – ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველა ლარს, ხალხის ფულს, მოპარულს ბიუჯეტიდან, იმ ვაჟბატონებიდან ყველას მოატანინებს უკან

გიორგი გახარია – პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული, ეს ეხება ყველას და უპირველეს ყოვლისა, დამალულ ივანიშვილს

დავით ზურაბიშვილი – აქ თუ ივანიშვილმა სიტუაცია პოლიტიკურად მოგუდა, ვერც ევროკავშირი და ვერც ამერიკა ვერაფერს იზამს, არც სანქციები დადგება დღის წესრიგში