გიორგი გობრონიძე – ამ სანქციებმა უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რუსეთის შეკავების საქმეში

ავტორი
Front News საქართველო
ეს სანქციები საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება ესკალაციის ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, თუ კი დამძიმდება სიტუაცია, დამძიმდება სანქციებიც, – ამის შესახებ Front News-ს „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორმა, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა გიორგი გობრონიძემ დასავლეთის მიერ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შესახებ განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარებით არაფერი დამთავრებულა და პრაქტიკულად, ბრძოლა უკრაინისათვის ახლა იწყება.
“რუსულ-უკრაინული კონფლიქტის ამ ეპიზოდით, რაც გამოიხატება, ერთის მხრივ, რუსული სამხედრო ნაწილების მობილიზებითა და მეორეს მხრივ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ე.წ. დამოუკიდებლობის აღარებით, არაფერი დამთავრებულა, პირიქით, ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც გადადგა მოსკოვმა, საბოლოო ჯამში უკრაინის საკუთარ ორბიტაზე სამუდამოდ დასამაგრებლად. მოსკოვს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინა მთლიანობაში დააბრუნოს რუსეთის ორბიტაზე. ამას ადასტურებს განცხადებები, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა, მასში ბევრი საგანგაშო გზავნილი იყო, მათ შორის უკრაინის სახელმწიფოებრიობის ეჭვქვეშ დაყენება. პუტინმა აღნიშნა, რომ რომ უკრაინა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ვლადიმერ ილიჩის სახელობის სახელმწიფო და მისი არსებობა პრაქტიკულად ლენინის არასწორ პოლიტიკას დააბრალა. მან უკვე მეორედ მოიხსენია უკრაინა ხელოვნურ წარმომნაქმნად. ეს ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, ბრძოლა უკრაინისთვის ახლა იწყება“, -განაცხადა გობრონიძემ. მისი თქმით, სანქციები ესკალაციის ამ ეტაპზე ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება.
“ვნახეთ დასავლეთის საკმაოდ სწრაფი რეაქცია. ეს სანქციები საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება ესკალაციის ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, თუ კი დამძიმდება სიტუაცია, დამძიმდება სანქციებიც. მაგრამ ეს განაცხადი უკვე რუსეთს დაუჯდა მილიარდობით დოლარი, ეს არის მხოლოდ სანქციების ანონსირების დონეზე დამდგარი რთული შედეგი. რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება ამტკიცოს, რომ სანქციების მას არ დააზარალებს, თუმცა ეს ასე არ არის“, – განაცხადა გობრინიძემ.
როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სანქციების დაწესებისთანავე რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება.
„მნიშვნელოვანია სანქციები, რომელიც ეხება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, რუსეთის ბანკებს, ფინანსურ ელიტასა და რუსს პოლიტიკოსებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს დასავლური სივრციდან რუსეთის მოკვეთა. პირველივე განაცხადი იმის შესახებ, რომ მოსკოვი ვეღარ შეძლებს ვალით ვაჭრობას, ვეღარ შეძლებს ფინანსურ რესურსებზე წვდომის მიღებას დასავლეთში, ეს უკვე არის დიდი წინაპირობა შემდგომი ეკონომიკური გართულების. ამაში არ ვგულისხმობ, რომ ხვალ ან ზეგ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება, თუმცა აღნიშნული სანქციებიდან გამომდინარე, ფასი, რომელსაც მოსკოვი იხდის, უკვე არის მაღალი. ეს უკვე პირდაპირ დაარტყამს რუსეთში თითოეული მოქალაქის ჯიბეს“, – განაცხადა გობრინიძემ.
მისივე მტკიცებით, რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ მოიტანა დასავლეთის კონსოლიდაცია და ნატოს კიდევ უფრო გაძლიერება.
“მთავარი გარდატეხა მოხდა დასავლეთის უსაფრთხოების ხედვებში, რუსეთთან მიმართებაში ევროპული და ამერიკული ხაზები დაახლოვდა. აქ არის, შეიძლება ითქვას, რუსული საგარეო პოლიტიკის მიდგომების მთავარი შეცდომა. რუსეთის შემტევითი პარადიგმა მოკლევადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ეფექტურია, მაგრამ ვხედავთ სხვა პროცესს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთისათვის გაცილებით დიდი რისკის მატარებელი იქნება, – ნატომ დაიწყო უსაფრთხოების არსებული მიმართულების გადახედვა და ვხედავთ, აღმოსავლეთ ევროპაში რამდენად ძლიერდება ნატოს სამხედრო კონტიგენტი.
რუსეთის ფედერაციამ თავისი აგრესიული ნაბიჯებით წარმოქმნა ერთგვარი „ამომგდები ძალა“, რის შედეგადაც მივიღებთ კიდევ უფრო მილიტარიზებულ ევროპას და აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ უფრო გაძლიერებულ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს“ , – განაცხადა გობრონიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ეს სანქციები კიდევ უფრო დაძაბულს გახდის რუსეთსა და დასავლეთის ურთიერთობას. თუმცა, მისივე თქმით, კონსოლიდაცია გარდა დასავლეთისა, შეინიშნება აზია – წყნარი ოკეანის აუზის მიმართულებითაც.
“ერთ მხარეს გვაქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძალიან დიდი პასიური პოზიცია, მაგრამ გვაქვს მნიშვნელოვანი პოზიცია იაპონიის, ასევე წყნარი ოკეანის ქვეყნების. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ამ სანქციებმა უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რუსეთის შეკავების საქმეში“, – განმარტა გიორგი გობრონიძემ.
თაგები:
უკრაინა




