Logo

გიორგი ჯინჭარაძე - 500-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა 200-მდე შეჭირვებულ, დევნილ ოჯახს, თბილისის მერიის მხარდაჭერით კი 2000-ზე მეტ ოჯახს წინასაახალწლო ნობათი

პოლიტიკა
322
Frontnews image description

წინასაახალწლოდ ჩვენ გვინდა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, სოციალურად შეჭირვებული ოჯახების მიმართ გამოვიჩინოთ თანადგომა და მხარდაჭერა, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგიის 500-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ, 500-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა 200-მდე შეჭირვებულ, დევნილ ოჯახს ქვეყნის მასშტაბით და ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით 2000-ზე მეტ ოჯახს - წინასაახალწლო ნობათი.

"პირველ რიგში დავიწყებ, რომ დღეს ვიმყოფებით აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს შემაჯამებელ ანგარიშზე. მე მინდა აღვნიშნო, რომ მინისტრმა წარმოადგინა ნამდვილად შთამბეჭდავი ანგარიში. მინდა ვისაუბრო 2026 წელს დაგეგმილ პრიორიტეტებზე.

აფხაზეთის მთავრობის რამდენიმე უწყებამ უკვე შეაჯამა წელი და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 2026 წელს დაგეგმილი პროექტების ჯამური მოცულობა გაზრდილია და შესაბამისად გაზრდილია ბიუჯეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დევნილ საზოგადოებას ექნება მეტი საშუალება ისარგებლონ ჩვენი პროგრამებით და ჩვენი მხარდაჭერა იყოს მეტად ხელშესახები. შესაბამისად ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს 2026 წელს.

პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო სრულიად საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი, განსაკუთრებით კი ჩვენ დევნილ მოსახლეობას. წინასაახალწლოდ ჩვენ გვინდა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, სოციალურად შეჭირვებული ოჯახების მიმართ გამოვიჩინოთ თანადგომა და მხარდაჭერა. დავიწყებ ფოცხოეწერით. მინდა აღვნიშნო, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, ეს ადამიანები ძალადობრივად და მათი ნების საწინააღმდეგოდ  ავტობუსებით იქნენ გადაყვანილი ფოცხოეწერში და დღეს აგრძელებენ ამ მკაცრ პირობებში ცხოვრებას. შესაბამისად მათ მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულია. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ელექტროენერგიის 500-ლარიანი ვაუჩერი გადავცეთ მათ.  ეს ოჯახები ყოველთვის იქნებიან განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ ჩვენი მხრიდან.

რაც შეეხება, შემდეგ პროექტს, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოა. 500-ლარიან ვაუჩერს გადავცემთ 200-მდე შეჭირვებულ, დევნილ ოჯახს საქართველოს მასშტაბით და ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით 2000-ზე მეტ ოჯახს გადავცემთ წინასაახალწლოდ ნობათს. ამ პროცესში ჩართული იქნებიან მინისტრები და მე პირადად. გვინდა სათითაოდ მივიდეთ ოჯახებში და მივულოცოთ მათ დამდეგი შობა ახალი წელი.

ჩვენი ბიუჯეტი გაზრდილია 30%-ით, რაც ნამდვილად უპრეცედენტოა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროგრამული წილი, რომელიც ჩვენ მოვახერხეთ და 22%-იდან გავზარდეთ 37%-მდე. უფრო გასაგები ენით რომ ვისაუბროთ, პროგრამებზე გათვლილი ჯამური თანხა ჩვენ გავაორმაგეთ. შესაბამისად ყველა მიმართულებით, ჯანდაცვა იქნება, განათლება, ნდობის აღდგენის თუ შერიგების მიმართულება განსახორციელებელი პროგრამები იზრდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დევნილ ოჯახებს, ექნებათ მეტი საშუალება, რომ უფრო ხელშესახები გახდეს ჩვენი მხარდაჭერა მათ მიმართ", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები