გიორგი ჯინჭარაძე - ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც აფხაზებთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა გვეძლევა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მიერ დასმული ყველა საკითხი აუცილებლად გამოიღებს გარკვეულ შედეგს


ავტორი
Front News საქართველო
2025 წლის 25-26 ივნისს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მონაწილეობდა.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მოლაპარაკებების 64-ე რაუნდის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
„მიმდინარე რაუნდზე ქართულმა მხარემ აქტუალურად დავაყენეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი და გამოწვევა, რომელიც ჩვენ დევნილ საზოგადოებას უკავშირდება. ხაზი გაესვა უკანონო დაკავებებს, გადაადგილების შეზღუდვას და ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას.
მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებებზე როდესაც საკითხი შეეხო ჩვენი დევნილების უპირობო დაბრუნებას მათ საკუთარ სახლებში, აფხაზური მხარის მიერ მოხდა მოლაპარაკებების დატოვება, რაც სიახლე არ არის ჩვენთვის, თუმცა ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც აფხაზებთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა გვეძლევა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მიერ დასმული ყველა საკითხი აუცილებლად გამოიღებს გარკვეულ შედეგს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილი რთული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული გარემოს საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა აეროპორტის უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო მიმოსვლა და ელექტრომატარებლის ამოქმედება.
მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით იმართება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2025 წლის 11-12 ნოემბერს გაიმართება.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს