Logo

გიორგი ჯინჭარაძემ სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ ხობისა და სენაკის ფილიალები დაათვალიერა

საზოგადოება
209
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ ხობისა და სენაკის ფილიალები დაათვალიერა.

მთავრობის თავმჯდომარემ კლინიკების ინფრასტრუქტურას გაეცნო, სამედიცინო პერსონალს შეხვდა და დაწესებულების ხელმძღვანელებისგან პოლიკლინიკებში აღჭურვილობის გაუმჯობესებისა და ბენეფიციარებზე მორგებული სერვისების დანერგვის მიმართულებით არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„ჩვენი მთავრობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთიდან დევნილებს ჰქონდეთ ისეთივე სრულყოფილი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ პოლიკლინიკების ინფრასტრუქტურის განახლებაზე, მედპერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში, ასევე თბილისში აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული "დიომედის" სამედიცინო ცენტრის 11 ფილიალი ფუნქციონირებს, სადაც არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს საშუალება მიეცემათ პოლიკლინიკებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიიღონ.

Advertisement