Logo

გიორგი ჯინჭარაძემ წიგნის მუზეუმში ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების პირადი ნივთების გამოფენა დაათვალიერა

საზოგადოება
294
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში აფხაზი თავადების ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების პირადი ნივთების გამოფენა დაათვალიერა.

ღონისძიებაზე მთავრობის თავმჯდომარემ და ეროვნულ ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ ჩხოტუების მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს და შერიგების პროცესში ქართულ-აფხაზური კულტურული დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„იმ პირობებში, როდესაც მიდის ისტორიის გაყალბების მცდელობა, უმნიშვნელოვანესია ჩხოტუების არქივის მნიშვნელობა. ეს ფოტომასალა, კულტურული მემკვიდრეობა და გამოცემები ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ისტორიულ კავშირს, რომელიც ჩვენ აფხაზი ხალხის მიმართ გვაქვს და ქართველებისა და აფხაზების საერთო კულტურულ მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის მთავრობის მკვლევრები აქტიურად მუშაობენ მსგავსი ისტორიის წინ წამოწევაზე და პოპულარიზაციაზე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ნდობის აღდგენისა და ერთიანობის სურვილს, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორის წლების მანძილზე არსებობდა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

აფხაზი თავადების საარქივო მასალების საქართველოში ჩამოტანა, 2024 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის „აფხაზური არქივები“ ფარგლებში განხორციელდა.


Advertisement