Logo

გიორგი კეპულაძე - არ გამოვრიცხავ, რომ სხვა სქემებიც არსებობს და ეს ფული მხოლოდ სავალუტო ჯიხურში არ თეთრდება

ინტერვიუ
43
Frontnews image description

ფულის გათეთრების მასშტაბური საქმე, რომელიც, სავარაუდოდ, 624 მილიონ დოლარსა და 35 მილიონ ევროს მოიცავს, უპრეცედენტოა საქართველოსთვის. აღნიშნული საქმე უამრავ კითხვას აჩენს ფინანსური ზედამხედველობის სისტემისა და სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანობის შესახებ. ეკონომიკის დოქტორი,  "საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ქეპულაძე Front News-თან ინტერვიუში საუბრობს თუ როგორ შეიძლებოდა ამხელა მოცულობის ოპერაციები შეუმჩნეველი დარჩენილიყო სამი წლის განმავლობაში. რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ სქემას ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. ასევე, რამდენად რეალისტურია დღეში 1.7 მილიონი ლარის „გადახურდავება“ და რა გავლენას ახდენს ეს ფაქტი ქვეყნის ეკონომიკასა და რეპუტაციაზე.

- თქვენი აზრით, როგორ შეიძლებოდა ამხელა მოცულობის ოპერაციები სამი წლის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩენილიყო როგორც ეროვნულ ბანკს, ისე ფინანსური მონიტორინგის სამსახურსა და სამართალდამცველებს?

- ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, როგორ ვერავინ შენიშნა ამხელა ფულის გათეთრება ამ ხნის განმავლობაში. ფაქტია, რომ ამ სქემას მფარველები ჰყავდა, რომლებიც, სავარაუდოდ, „ოცნების“ მაღალჩინოსნები იყვნენ ან მათთან დაახლოებული პირები. როგორც ჩანს, ეს ადამიანები ვეღარ სარგებლობენ იმ პრივილეგიებით, რომლებითაც აქამდე სარგებლობდნენ. საბოლოო ჯამში, საქმე გამოძიებამდე მივიდა და დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი. ბავშვიც კი მიხვდება, რომ ამხელა ფულის გათეთრებას ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა. ჯერ ამხელა კონტრაბანდისა და ფულის შემოტანა წარმოუდგენელი მასშტაბის ამბავია, შემდეგ კი მისი გადახურდავება ერთ ჯიხურში. ამის შემდეგ კი ამ ფულის გატანა და დახარჯვა... ერთი ადამიანი ამხელა სქემას ვერ დაგეგმავდა და ვერ განახორციელებდა. ამიტომ, პროკურატურის ამ განცხადებაში პასუხების ნაცვლად, უფრო მეტი კითხვის ნიშნები გაჩნდა. ეს თანხა ჩვენი  მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ია.

- თქვენ უკვე ახსენეთ, რომ ერთი ადამიანი ამხელა სქემას ვერც დაგეგმავდა და ვერც განახორციელებდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, პროკურატურის მტკიცებით, გამოდის, რომ დღეში საშუალოდ ეს ერთი სავალუტო ჯიხური 1.7 მილიონი ლარის „გადახურდავებას“ ახერხებდა. რამდენად რეალისტურია ეს მაჩვენებელი ბაზრის ლოგიკიდან გამომდინარე? უნდა მოხდეს თუ არა სხვა სავალუტო ჯიხურების შემოწმებაც და რა ბზარებს აჩენს ეს სქემა ფინანსური ზედამხედველობის სისტემაში?

- ამ სფეროს ძალიან ბევრი ზედამხედველი და რეგულატორი ჰყავს. დავიწყოთ იქიდან, რომ საბაჟომ არადეკლარირებული თანხის შემოტანა დაუშვა. შემდეგ მოდის ეროვნული ბანკი, რომელსაც ფულის გათეთრების სპეციალური დეპარტამენტი აქვს და ის აკონტროლებს მსგავს ფაქტებს. შემდეგ კი ფინანსური მონიტორინგისა და უსაფრთხოების სამსახურები, პროკურატურა და ა.შ. ძალიან ბევრი უწყებაა იმისთვის, რომ ეს დანაშაული აღკვეთილი ყოფილიყო. ეროვნული ბანკი პატარა გადაცდომისთვისაც კი აჯარიმებს ასეთ სავალუტო ჯიხურებს. ეს ჯიხური კი ბოლო სამი წლის განმავლობაში არც კი დაჯარიმებულა.

ეს ორი რამის ნიშანია: ან რეგულირების საკითხშია სერიოზული პრობლემა და ძალიან დიდ სისტემურ რღვევასთან გვაქვს საქმე, ან ამ ადამიანს ჰყავდა მფარველები, რომლებიც ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ. რა თქმა უნდა, სხვა სავალუტო ჯიხურებსაც არ გამოვრიცხავ. 2022 წლიდან რუსეთიდან ჯერ მილიარდობით თანხა ლეგალურად შემოვიდა და პლუს არალეგალურად, არადეკლარირებული „შავი ფული“. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ სხვა სქემებიც არსებობს და ეს ფული მხოლოდ სავალუტო ჯიხურში არ თეთრდება. ფულის გათეთრების არაერთი სქემა შეიძლება იქნეს გამოყენებული. ფულის გარეცხვის მეთოდი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში არსებობდა, ახლა კი ეს ტექნიკა განსაკუთრებით განვითარებულია. მთელ მსოფლიოში ეს ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლება, შესაბამისად, ევროკავშირმა და ამერიკამ დიდი ძალისხმევა ჩადეს იმაში, რომ საქართველოში ამ მიმართულებით შესაბამისი უწყებები შექმნილიყო და სპეციალური ტექნიკით აღჭურვილიყვნენ. ეს ქეისი პირდაპირ ურტყამს ხელისუფლებას და ასევე აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. თითქმის 2 მილიარდი ვიღაც ჯიხურის მეპატრონემ გაათეთრა? ეს ხომ წარმოუდგენელია.

- რა შეგვიძლია ამ ფულის წარმომავლობაზე ვთქვათ? საიდან არის შემოტანილი? შესაძლოა, რუსეთიდან იყოს და ასევე მისი გათეთრება უძრავ ქონებაში ხდებოდეს? ბოლო დროს სულ არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ყიდულობს ამ ბინებს და რატომ არის ასეთი ძვირი. გამორიცხავთ, რომ ეს სქემა ამ მიმართულებითაც იყოს დალაგებული?

- რა თქმა უნდა, თბილისში უძრავი ქონება ამიტომაც ღირს ძალიან ძვირი. ბევრი "შავი ფული“ ტრიალებს ბოლო წლებში და უძრავი ქონების ბიზნესი არის ერთ-ერთი, სადაც შესაძლებელია დიდი ოდენობით ნაღდი ფული გადაიხადო და წარმომავლობა არც იკითხო. ეს ფულის გათეთრების ყველაზე კარგი საშუალებაა. ფულს გარეცხვა მაშინ სჭირდება, როდესაც ის კრიმინალური და არა პატიოსანი გზით არის ნაშოვნი. ბიზნესიდან ნაშოვნ ფულს გათეთრება არ სჭირდება. ეს არის იარაღის, ნარკოტიკის გაყიდვიდან, პროსტიტუციიდან და კორუფციული სქემებით ნაშოვნი ფული.

- რა ასახვა შეიძლება ამხელა ფულს საქართველოს ეკონომიკაზე ჰქონოდა და ბოლო დროს გაზრდილი ეკონომიკური ციფრები შესაძლოა, თუ არა, რომ სწორედ ამ „შავი ფულის“ მოძრაობის შედეგად, ხელოვნურად ყოფილიყო გაზრდილი?

- „შავი ფულით“ გამდიდრებული ქვეყანა მე არ მინახავს. მაშინ კოლუმბია ყველაზე მდიდარი ქვეყანა უნდა იყოს. „შავი ფულით“ კრიმინალი და ვიწრო ჯგუფი მდიდრდება. ამ ფულზე ხელი ჩვეულებრივ მოქალაქეს არ მიუწვდება. ვიღაცები საქართველოში „ფერარებით“ და „ლამბორჯინებით“ დარბიან, სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი კი ცარიელ მაცივრებს უყურებს. ეს ახასიათებს კრიმინალურ და მაფიოზური მმართველობის ხელისუფლებებს. ჩვენ არ გვინდა ასეთი სახელმწიფო, სადაც ვიღაც გავლენიანი და „დაკრიშვის“ შედეგად უამრავ ფულს ათეთრებს და მერე ამაზე პასუხსაც არავინ მოსთხოვს. შესაძლოა, ეს ერთი ადამიანი გაიწირა და მან აიღოს საკუთარ თავზე.

- პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადებით, ასევე ამ სქემაში მონაწილეობს აზერბაიჯანის მოქალაქე და თანხის შემოტანაც ამ ქვეყნიდან მოხდა. როგორ ფიქრობთ, უნდა მოითხოვოს თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანისგან ამ სქემასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება ან თანამშრომლობა? ხოლო რაც მთავარია, იყო თუ არა საქართველო უბრალოდ სატრანზიტო ქვეყანა, ანუ სად წავიდა ამდენი ფული?

- წარმოიდგინეთ, ახლა თუ ამხელა მოცულობის ფული ავტომობილის სამალავებით შემოიტანეს, ნარკოტიკების შემოტანის კუთხით რა ხდება! რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის საკითხი ძალიან საინტერესოა და საგამოძიებო ორგანოების ფოკუსში უნდა იყოს. მე აზერბაიჯანში ვარ ნამყოფი და პატარა ჩემოდანი ისე დეტალურად გამიჩხრიკეს, რა უნდა მდებოდა?! ამიტომ იქაც ფაქტია, რომ ვიღაც მფარველობდა და ძალიან დიდ მასშტაბურ სქემასთან გვაქვს საქმე. თუ ეს რუსული რუბლებია, ფაქტია, ჯერ აზერბაიჯანშია შეტანილი და შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველოს საზღვარზე შემოიტანეს. ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია, მივეჩვიეთ, რომ ასეთი სქემების და ამხელა კორუფციული სქემის გამტარი არ იქნებოდა. ჩვენ ამ გამოწვევას დიდი ხანი ვუმკლავდებოდით, საზღვარზე და საბაჟოზე ძალიან მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით. ორი კვირის წინ ოპოზიციის „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი საზღვარზე გააჩერეს და 20 ათასი დოლარის გამო პრობლემები შეუქმნეს და მისი დეკლარირება მოსთხოვეს. როცა სჭირდებათ, ყველაფერს მშვენივრად ამოწმებენ.

- ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ სქემის არსებობა ცნობილი იყო ერთი წლის განმავლობაში, დაკავებული პირი კი აქამდე გამოძიებასთან თანამშრომლობდა. თუმცა, ახლა მოხდა ამ ამბის გასაჯაროება და ამ პირის დაკავება. მათი ვარაუდით, ეს სამთავრობო ჯგუფებს შორის დაპირისპირებაა, სადაც ვიღაცებს სიგნალი გაეგზავნა და ამ ამბავს პოლიტიკური ელფერი აქვს. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- შიდა დაპირისპირების შესახებ ამბავი დიდი ხანია, ვრცელდება. ბიძინა ივანიშვილის კარზე რაც ხდება და რა სახის დაპირისპირებაა, ამაზე უკვე ბევრი საუბრობს. ვხედავთ, რომ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის, მეგობრები და გარემოცვის წევრები დააკავეს. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ ამ სქემას ვიღაც მაშინდელი გავლენიანი ფიგურა მფარველობდა, რომელიც დღეს აღარ არის გავლენიანი. შესაძლებელია, ეს იყოს სიგნალი ამ ადამიანებისთვის, რომ „თქვენზე გვაქვს სერიოზული ქეისები და ამიტომ ჩუმად და ჭკვიანად იყავით. რასაც გეტყვით, იმას თუ არ გააკეთებთ, დაგიჭერთ“.

ელზა პაპოშვილი 

Advertisement