Logo

გიორგი კეპულაძე - კომისიამ რაღაც კვლევითი ინსტიტუტის ფუნქცია შეითავსა, რასაც მოსახლეობისთვის რეალური შედეგი არ მოაქვს

ინტერვიუ
61
Frontnews image description

საპარლამენტო კომისიის 100-გვერდიანი დასკვნა სურსათზე ფასების ზრდის მიზეზების შესახებ, პოლიტიკური და ეკონომიკური განხილვების ეპიცენტრში მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი მოლოდინი კარტელური გარიგებების მხილებას უკავშირდებოდა, დოკუმენტმა ბაზარზე პირდაპირი შეთანხმებების არსებობა ვერ დაადასტურა, რამაც მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა წარმოშვა.

Front News-თან ინტერვიუში "საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე კომისიის მუშაობას აფასებს და აღნიშნავს, რომ მკაცრი რეგულაციების ნაცვლად, აქცენტი ქვეყანაში ეკონომიკური რისკების შემცირებასა და კონკურენციის გაჯანსაღებაზე უნდა გაკეთდეს. რატომ აღმოჩნდა კომისიის დასკვნა პრემიერ-მინისტრის განცხადებებთან წინააღმდეგობაში, რა საფრთხეებს შეიცავს მინიმალური ხელფასის ხელოვნური ზრდა და რატომ ვერ მუშაობს საქართველოში უმუშევრობის დაზღვევის მოდელი? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გიორგი კეპულაძე ვრცლად საუბრობს.

- საპარლამენტო კომისიამ ვერ დაადგინა კარტელური გარიგებები, თუმცა დასკვნაში საუბარია „გრძელ და არაეფექტურ მიწოდების ჯაჭვებზე“. როგორ შეაფასებდით ამ დასკვნას? შესაძლებელია თუ არა, რომ ბაზარზე კონკურენციის ნაკლებობა ფასების ზრდის მიზეზი მაინც იყოს, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი გარიგებები არ დადასტურდა?

- პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ, რის გამო შეიქმნა ეს კომისია. ყველას გვახსოვს ირაკლი კობახიძის მიერ დეკემბერში გაკეთებული განცხადება და პრეზენტაცია, სადაც მან აღნიშნა, რომ ფასები და ფასნამატები ძალიან მაღალია. საბოლოოდ კი კომისიამ დაასკვნა, რომ ხშირად ფასდაკლებების დროს ფასები უფრო დაბალია, ვიდრე დახლზე მითითებული ღირებულება - ანუ იმაზე იაფია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

გამოვიდა ისე, რომ თითქმის ყველაფერი, რაზეც ირაკლი კობახიძე საუბრობდა, უარყვეს. 100-გვერდიან დასკვნაში ვკითხულობთ, რომ არც კონკურენციის პრობლემა არსებობს, არც მარჟების და არც ზემოგების. ჩნდება კითხვა: საერთოდ რატომ შეიქმნა ასეთი კომისია? ასეთ დასკვნებს ანალიტიკური ცენტრები უნდა წერდნენ და არა საპარლამენტო კომისიები, რომლებსაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ევალებათ და არა სამეცნიერო კვლევების ჩატარება. ამას აქამდე არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებდნენ, ახლა კი კომისიამ რაღაც კვლევითი ინსტიტუტის ფუნქცია შეითავსა, რასაც მოსახლეობისთვის რეალური შედეგი არ მოაქვს. გასაგებია, რომ ევროპაში პროდუქციის მიწოდება უფრო იოლია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ამას მოქმედება სჭირდება. ჩვენ ხელისუფლებისგან სწორედ ნაბიჯების გადადგმას ვითხოვთ და არა თეორიულ კვლევებს.

- კომისია უარს ამბობს ბაზარში „პირდაპირ და მკაცრ ჩარევაზე“ და სთავაზობს „რბილ რეგულირებას“. რა ტიპის ეკონომიკური ბერკეტები ან „რბილი რეგულირების“ მეთოდები შეიძლება იყოს ეფექტური საქართველოში, რათა ფასები დასტაბილურდეს და ეს არ გადაიზარდოს ბაზრისთვის საზიანო ადმინისტრირებაში?

- ხელისუფლება სწორად იქცევა, როცა ბაზარში არ ერევა და ამას მხოლოდ განცხადებების დონეზე აკეთებს. არაერთხელ მითქვამს, რომ პირდაპირი ჩარევა ფასების ზრდასა და დეფიციტს გამოიწვევს. კარგია, რომ ეს კომისიის დასკვნაშიც აისახა. მთავრობას სჭირდებოდა რაღაც დოკუმენტი, რომ ლეგალური მოქმედება დაეწყო. ამ დასკვნით კი მხოლოდ ის გავიგეთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. უკვე 14 წელია, ამბობენ, რომ მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პროექტები აქვთ - „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, სოფლის მეურნეობის პროექტები. გამოდის, რომ თუ დღეს ისევ მხარდაჭერაა საჭირო, ეს ყველაფერი წყალში გადაყრილი ფული ყოფილა.

- გამოდის, ბატონო გიორგი, რომ ხელისუფლებაში ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით აზრები გაიყო? პოლიტიკურად რას ნიშნავს ეს დასკვნა? პრემიერ კობახიძის განცხადების გაბათილება უფრო გამოვიდა, ვიდრე მისი პოზიციების გამყარება?

- დიახ, ხელისუფლებაში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოჩნდა. მართალია, ჩემთვის ისინი მაინც ერთი გუნდი არიან და ერთი ცენტრიდან იმართებიან, თუმცა გამოჩნდა, რომ სოციალურ თემებზე დაპირისპირება არსებობს. „ხალხის ძალამ“ ღიად თქვა, რომ ამ ფორმით დასკვნას მხარს არ დაუჭერდა. გამოდის, კობახიძეს ან არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, ან ტყუილად ატეხა აჟიოტაჟი.

ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს კონკურენციას. თუ საშუალებაა, უნდა შეამციროს დამატებული ღირებულების გადასახადი სურსათზე და, პირველ რიგში, შეამციროს რისკები ეკონომიკაში. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობისა და ოკუპირებული ტერიტორიების გამო, საქართველო არ არის ისეთი დაბალრისკიანი ქვეყანა, როგორიც აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებია. როცა რისკები მაღალია, ბიზნესი ცდილობს მათ დაზღვევას მოგების მარჟის გაზრდის ხარჯზე, რაც საბოლოოდ ფასებში აისახება. ამიტომ აუცილებელია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უფრო ეფექტურად ამუშავდეს და მოქალაქეებს მეტი ოპტიმიზმი ჰქონდეთ.

- დასკვნაში ნახსენებია, რომ სექტორს აქვს მაღალი ოპერაციული ხარჯები. რამდენად შეესაბამება ეს არგუმენტი სინამდვილეს და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება და დისტრიბუცია უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს?

- საოპერაციო ხარჯები - ტრანსპორტირება, ფილიალების შენახვა, ხელფასები, მართლაც მაღალია იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში არსებობს. როდესაც ბიზნესს არ აქვს იმედი, რომ დავის შემთხვევაში სასამართლოში ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ყველაფერი ხარჯებს აძვირებს. საჭიროა პროგნოზირებადი გარემო. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, მიუხედავად „მილიარდიანი პროექტებისა“, რეალური შედეგი ვერ მივიღეთ. მოსახლეობის თითქმის მესამედი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, მაგრამ ის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 6-7%-ს ქმნის. საქართველო საკუთარი თავის გამოკვებასაც ვერ ახერხებს და პირველადი საჭიროების პროდუქტები მეზობლებიდან შემოაქვს. ხელისუფლების საქმეა, რომ მოსახლეობას შემოსავალი გაუზარდოს, რადგან ჩვენი სიმცირის გამო აღვიქვამთ ფასებს ასე მტკივნეულად.

- ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი შემოთავაზება მინიმალური ხელფასის 1050 ლარამდე გაზრდაა. რა რისკებს შეიცავს ეს ეკონომიკური თვალსაზრისით?

- 1050 ლარი საკმაოდ მაღალი ზღვარია. მე არ ვარ მომხრე ასეთი მემარცხენე მიდგომების. მაგალითად, თუ სასტუმროში ორი დამლაგებელი მუშაობს 600-ლარიან ხელფასზე და მინიმალურ ზღვარს 1000 ლარზე დავაწესებთ, ბიზნესი იძულებული გახდება, ერთი გაუშვას, რომ მეორეს მოუმატოს. ეს უმუშევრობას გაზრდის ან ფასების მატებას გამოიწვევს. ეს უფრო პოპულისტური განცხადებაა, რადგან დასაქმებულთა ნახევარზე მეტს დღეს 1000 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს. ასეთი ხელოვნური ჩარევა ბიზნესს ჩრდილოვან სექტორში გადაიყვანს - ადამიანებს არალეგალურად, ხელშეკრულების გარეშე ამუშავებენ. შემოსავლების ზრდა ეკონომიკური განვითარებით უნდა მოხდეს და არა ახალი რეგულაციებით.

- ოპოზიცია ასევე ითხოვს „უმუშევრობის დაზღვევის“ შემოღებას. რამდენად რეალისტურია ეს მექანიზმი?

- ამაზე მაგალითით გიპასუხებთ: ერთ-ერთმა სადაზღვევო კომპანიამ სცადა ასეთი პაკეტების გაყიდვა, მაგრამ პროექტი ერთ თვეში დაიხურა, რადგან ზედმეტად წამგებიანი აღმოჩნდა. ჩვენს რეალობაში ხშირად ხდება, რომ ადამიანი ფორმალურად თავისუფლდება, იღებს დაზღვევას და პარალელურად სხვაგან მუშაობს. ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა მაღალია, ეს მექანიზმი პირიქით, უმუშევრობის წახალისებას გამოიწვევს. როცა ადამიანმა იცის, რომ სახელმწიფო მაინც შეინახავს, დასაქმების მოტივაცია უკლებთ. ამას ვხედავთ სოციალური შემწეობების შემთხვევაშიც. ეს მდიდარი, განვითარებული ქვეყნების მოდელია (გერმანია, სკანდინავია), ჩვენ კი აქამდე ჯერ არ მივსულვართ.

ელზა პაპოშვილი 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები