გიორგი ხატიაშვილი - ირანის გადაბომბვა იოლია, მაგრამ მერე რა ხდება?

ავტორი
Front News საქართველო
ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ხალი ხამენეის მკვლელობამ ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსი რადიკალურად შეცვალა. მაშინ, როდესაც ისრაელი ამ მომენტს "ისტორიულ შესაძლებლობად“ აფასებს, ხოლო დასავლეთი თეოკრატიული რეჟიმის შესაძლო კოლაფსზე საუბრობს, კითხვები ჩნდება სისტემის მდგრადობისა და მოსალოდნელი ქაოსის მასშტაბების შესახებ. რა ბედი ელის ირანის „დიფ სთეითს“, რამდენად რეალურია შიდა რევოლუცია სამხედრო იერიშების ფონზე და როგორ უნდა დააბალანსოს საქართველომ საკუთარი ინტერესები ამ გეოპოლიტიკურ ქარიშხალში? ამ თემებზე Front News-ს საერთაშორისო ანალიტიკოსი გიორგი ხატიაშვილი ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ ლიდერის გარდაცვალება არ ნიშნავს სისტემის რღვევას. თქვენი ანალიზით, რამდენად მყარია ირანის "ექსპერტთა ასამბლეა“ და შეუძლია თუ არა ახალი ლიდერის (მაგალითად, მოჯთაბა ხამენეის) სწრაფად არჩევას შიდა დაპირისპირების თავიდან აცილება? პროცესების რა სცენარით განვითარებას ელით?
- დავიწყოთ იმით, რომ ამერიკის გაცხადებული გეგმა ირანის მიმართ არის: პირველი - დემილიტარიზაცია, ბალისტიკური და სამხედრო შესაძლებლობების განადგურება; ხოლო მეორე - რეჟიმის "თავკვეთა“ და ხელმძღვანელობის განადგურება. ასევე იმ დონეზე სახელმწიფო სტრუქტურების მოშლა, რომ ხალხმა შემდეგ ეს რეჟიმი დაამხოს.
აქ ასევე რამდენიმე საკითხია: რამდენად გაუძლებს ირანი და ასე ვთქვათ, იქაური „დიფ სთეითი“. მართალია, ხამენეი მოკლეს, მაგრამ სისტემა მაინც მუშაობს. პროცესები ასევე დამოკიდებული იქნება იმაზე, ხალხი რამდენად გამოვა ქუჩაში. მე ვფიქრობ, რომ გამორიცხულია, დაბომბვის პირობებში ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. ჩემთვის წარმოუდგენელია, ასეთ დროს რაიმე რევოლუციაზე საუბარი იყოს.
ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა არის ირანის მიზანი. ისინი ახლა ცდილობენ, გაუძლონ ამ დაბომბვებს და მოახდინონ ამ ომის მთელ რეგიონში გაფართოება. ამით სურთ ამერიკული რესურსის გახარჯვა, რადგან ამ რაკეტების ჩამოგდებასაც რაკეტები უნდა. მეორე მხრივ, სურთ იმდენად შეაწუხონ მეზობელი ქვეყნები, რომ ამათმა მერე ტრამპს სთხოვონ - დაუზავდი ირანსო. ნავთობის ფასების გადაკეტვით თუ სხვა გზით, სურთ იმდენი ტკივილი მიაყენონ მოწინააღმდეგეს, რომ ისინი იძულებული გახდნენ, დაუზავდნენ. ირანელები სულელები არ არიან, ხვდებიან, რომ ამერიკასა და ისრაელს ომს ვერ მოუგებენ.
თუ ირანელებმა გაუძლეს, მათთვის ეს უკვე გამარჯვებაა. ამ მხრივ, ყოველი შემდეგი დღე, სტრატეგიულად, ამერიკელებისთვის ჩიხს ზრდის. კარგი, დაბომბე და ყველაფერს გაანადგურებ, მაგრამ აქვე ხომ ჩნდება კითხვა: სულ რომ გაავერანებ ქვეყანას, მერე რა ხდება? თუ ეს რევოლუცია არ ხდება და ვიცით, რომ ირანელების ნაწილი ამ რეჟიმის მხარდამჭერია, როცა ხალხს ლიდერს მოუკლავ, იქ ხომ ანტიამერიკული განწყობები გაიზრდება? პრორეჟიმული განწყობები შემცირდება თუ არა, ესეც კიდევ საკითხავია.
- ბატონო გიორგი, აიათოლა ხამენეის მკვლელობის შესახებ მინდა გკითხოთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მოსადმა" ჰაკერული შეტევის შედეგად დაადგინა ირანის მაღალჩინოსნების გადაადგილება და კამერების სისტემის გატეხის შედეგად ზუსტად იცოდა, ვინ სად იყო. თუმცა აქ ჩნდება კითხვა: ხამენეი, რომელიც შარშანდელი დაძაბულობის დროს გადამალეს და ბუნკერში იმყოფებოდა, ახლა, როცა ლიკვიდაციის რისკი დიდი იყო, რატომ იმყოფებოდა საკუთარ სასახლეში ოჯახთან ერთად? ეს იყო გამიზნული თვითმკვლელობა თუ ღალატი?
- აქ ორი ვერსია არსებობს. ერთი, რომ აიათოლა 87 წლის იყო და გადაწყვიტა, რომ ადრე თუ გვიან სიკვდილი მაინც მოვიდოდა - "ცას არავინ გამოვეკერებით“. ამიტომ, ჯობია ასე წავიდეო. შიიზმში ეს მარტვილობა და მოწამეობა დიდ როლს თამაშობს და შესაძლოა, ამით ერის გაერთიანება სცადა.
თუ ღალატზე ვისაუბრებთ, ესეც საინტერესოა, რადგან როცა იცი, რომ დღე-დღეზე დაგბომბავენ (ამაზე საჯაროდ კეთდებოდა განცხადებები), ზიხარ საკუთარ სასახლეში და ელოდები? ანუ, იმ სასახლის ბუნკერშიც კი არა ხარ დამალული. არ ვიცი, ამას აკეთებ მთელ ოჯახთან ერთად და გენერალიტეტიც გყავს... ბუნკერიდან ის კაცი საერთოდ როგორ ამოუშვეს, მე ეგეც არ ვიცი. ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება მის მკვლელობასთან დაკავშირებით.
- ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი სკეპტიკურია და მიიჩნევს, რომ მხოლოდ საჰაერო იერიშებით მსგავსი იდეოლოგიზებული რეჟიმის შეცვლა შეუძლებელია. ვიცით, რომ სახმელეთო სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ წარმოუდგენელია გეოგრაფიიდან და მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. ბევრი იმასაც ამბობს, რომ დონალდ ტრამპი ისრაელის ზეწოლის ქვეშ იმყოფება. რამდენად რეალურია ეს?
- ზეწოლა ხდება თუ არა ტრამპზე, აქ სტრატეგიული მოცემულობაა. რამდენი ხანი შეიძლება სხვა ქვეყანა ბომბო? ერთი მხრივ, თუ ირანი წინააღმდეგობას გააგრძელებს, ეს ძალიან დიდი ფასია. მეორე კი ამერიკის ამ ომში ჩაფლვაა. იემენს უკვე 5 წელია, ბომბავენ და მერე რა? ამერიკას ამ ომში ჩაფლვა არ უნდა, მიუხედავად იმისა, რას სთხოვს ისრაელი.
მათი მიზანი უნდა იყოს სისტემის განადგურება და „ოპერაცია დელსი როდრიგესი“, რომ მოვიდეს ვიღაც, ვინც იტყვის, რომ ურანს არ გავამდიდრებ და ისრაელს დავუზავდებიო, მაგრამ ეს ოპერაცია ირანში არ გამოდის, რადგან იქ სხვა სიტუაცია და სისტემაა. თუ ყველაფერს დავთვლით, ისიც აღვნიშნოთ, რომ ორ მილიონამდე შეიარაღებული კაცი ჰყავთ და ბევრ რამეს უძლებენ. გადაბომბვა იოლია, მაგრამ მერე რა იქნება?
- ანუ არ არსებობს ირანში დღეს ისეთი ორგანიზებული ოპოზიციური მუხტი, რომელსაც შეუძლია ქაოსი "სახალხო რევოლუციაში“ გადაზარდოს ან ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში?
- ირანში უკმაყოფილება არის, მაგრამ ორგანიზებული ოპოზიცია მაინცდამაინც არ ჩანს. რევოლუცია და ქაოსი არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაში ვინმე ლიბერალს და პროამერიკელს მოიყვანენ, შეიძლება აიათოლა ხამენეიზე უარესი მოვიდეს. ირანი მარტო ის ხომ არ არის, რომ ვიღაცას უხარია აიათოლას სიკვდილი? ასიათასობით ადამიანი გამოდის გლოვის მიტინგზე. ამიტომ, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ყველა მხოლოდ „ხახვის და სუპის“ გამო გამოდიოდეს გარეთ. უმძიმესი სიტუაციაა ირანის შიგნით. ბირთვულ ინფრასტრუქტურას გაანადგურებ, ქვეყანას გადაუვლი, მაგრამ ეს გამოიწვევს თუ არა რევოლუციას, საკითხავია.
- ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ეს ისტორიული მომენტია. რა არის ისრაელის საბოლოო „წითელი ხაზი“ - მხოლოდ ბირთვული პროგრამის განადგურება თუ ირანის, როგორც სახელმწიფოს, სრული დეკონსტრუქცია?
- ისრაელს გაცილებით გამოკვეთილი მიზანი აქვს. დემოკრატია იქნება იქ თუ არა, ეს არ ანაღვლებთ. მათი მიზანია განადგურდეს როგორც ბალისტიკური რაკეტები, ისე ბირთვული პროგრამა. ირანმა ვერ უნდა შეუქმნას ისრაელს საფრთხე. ეს არის მოსისხლე მტერი, რომელიც გასანადგურებელია. ისრაელი ამ კონკრეტულ გეგმას მიჰყვება.
- რამდენად არის დასავლური სამყარო მზად იმ გეოპოლიტიკური ძვრებისთვის, რასაც ირანის რეჟიმის შესაძლო კოლაფსი გამოიწვევს? ხომ არ მივიღებთ უფრო დიდ "შავ ხვრელს“? ჩვენ ვნახეთ ტრამპის საყვედური ბრიტანეთის პრემიერის მიმართ, ასევე მაკრონის განცხადება, რომ მოკავშირეებმა ბევრი არაფერი იცოდნენ.
- ტრამპი ევროპას ექცევა ისე, როგორც ის იმსახურებს. ძალა არ გაქვს? არაფერს გეკითხებიან. ევროპა, ამერიკისგან განსხვავებით, ირანს ყოველთვის ფრთხილად ექცევა, სხვა ურთიერთობები აქვთ. დიდი ბრიტანეთი რატომ იკავებდა თავს, ამაზე პასუხიც გვაქვს - ვნახეთ, რომ ირანმა კვიპროსსაც "გაუქანა“. შესაბამისად, ეს ბუნებრივი სიფრთხილეა. ტრამპის უკმაყოფილება კი იმითაა განპირობებული, რომ ბრიტანეთი ამერიკის მოკავშირეა და ეს წყენა ღიად გამოხატა.
- ჩვენს რეგიონზე, კავკასიაზე მინდა გკითხოთ. აიათოლას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამძიმარი გამოხატეს. ალიევი კიდევ უფრო მკაფიო იყო ირანის მხარდაჭერის კუთხით. საქართველოს მხრიდან კი უფრო ნეიტრალური პოზიცია ვიხილეთ. რამდენად ადეკვატური იყო ეს?
- ამერიკელებს თუ ტვინი აქვთ, არც ჩვენი, არც ალიევის და არც ფაშინიანის პოზიცია არ უნდა მიიღონ ცუდად. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ, მაგალითად, ესტონეთისნაირი საგარეო პოლიტიკა გვქონდეს, იმიტომ რომ დაუცველები ვართ ალიანსების მხრიდან. არც ნატო გვიცავს და, პლუს ამას, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყანა ვართ.
ირანთან მიმართებაშიც არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ისრაელის პოლიტიკა გავატაროთ. ჩვენ არც 200 თვითმფრინავი გვყავს და არც „რკინის გუმბათი“. ამიტომაც, რეგიონში თურქეთმაც, აზერბაიჯანმაც სომხეთმაც და საქართველომაც ირანს მიუსამძიმრეს. ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება. არ მგონია, ვინმე ჩვენგან ელოდებოდეს, რომ მსოფლიოს გადავასწროთ და აქტივისტური პოლიტიკა დავიკავოთ ირანში რეჟიმის ცვლილების მხარდასაჭერად. ან რატომ არის საქართველოს უსაფრთხოების ინტერესში, რომ ხამენეი დაემხოს? ვინ მოვა და რა იქნება, კაცმა არ იცის. ხალხს ავიწყდება, რომ ირანი 500 კილომეტრშია. თუ კვიპროსს წვდება მათი რაკეტები, ჩვენც მოგვწვდება.
- ანუ ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებული კრიტიკა ამ საფრთხეებს ადეკვატურად არ აფასებს?
- ოპოზიციიდან ყველანაირი სისულელის ლაპარაკი იოლია, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ძალთა ბალანსის, უსაფრთხოების და რეალური გამოწვევების მიხედვით წარიმართება. ვინც არ უნდა იყოს საქართველოში ხელისუფლებაში, ყველა დაინტერესებული უნდა იყოს ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობით. სხვა პარტია რომ იყოს ხელისუფლებაში და "რეჟიმ ჩეინჯი" (ხელისუფლების შეცვლა) დაეწყოთ, ამით ქვეყანას დაღუპავდნენ.
ის, რომ ხელისუფლება არ მოგწონს, არ ნიშნავს, რომ აბსურდი ილაპარაკო. რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ისეთს, რასაც ჩვენი მეზობლები არ აკეთებენ? რა უნდა გავაკეთოთ განსხვავებული, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იქნება? როცა ოპოზიციაში ხარ, ლაპარაკი იოლია. გვითხრან აბა, თავად რა გეგმა აქვთ იმ კატაკლიზმებისთვის, რაც რეგიონში ხდება.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
გიორგი ხატიაშვილი




