გიორგი ხატიაშვილი - ირანში რეჟიმი მხოლოდ დაბომბვით არ იცვლება, ქუჩაში ხალხის გამოსაყვანად ადგილზე რეალური ძალა უნდა არსებობდეს


ავტორი
Front News საქართველო
13 ივნისის ღამეს ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. ქვეყნის საჰაერო ძალებმა ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირველივე დღეებში ირანელი მეთაურების და სულ მცირე 14 ირანელი ბირთვული მეცნიერის ლიკვიდაცია მოახერხეს. ისრაელი და ირანი ურთიერთდარტყმებს აგრძელებენ.
დღეს აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ტიპის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი ხატიაშვილი Front News-თან ინტერვიუში საუბრობს, როგორია ისრაელის მოლოდინები ვაშინგტონისგან და რამდენად რეალურია ვარაუდი, რომ ირანში რეჟიმის შიდა დესტაბილიზაცია დასავლეთის სტრატეგიის ნაწილი გახდეს.
ხატიაშვილი განმარტავს, რომ ბუშერის ატომური ობიექტის დაბომბვით ირანული საფრთხის მოგვარება შეუძლებელია და აქვე ამატებს, რომ სახმელეთო ოპერაციის გარეშე რეჟიმის შეცვლა ილუზორულია. ის ასევე აფასებს რუსეთის პასიურ როლს და მიუთითებს, რომ მოსკოვის დახმარების რესურსი მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერამდეა შეზღუდული.
– როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორი კვირის განმავლობაში ღიად არ ჩაერთოს ირან-ისრაელის კონფლიქტში?
– ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. პირველ რიგში, ტრამპს არ აქვს მყვირალა, მყისიერი რეაქციების პოლიტიკა – ის არ არის იმ ტიპის ლიდერი, რომელიც ომში პირველივე შესაძლებლობისთანავე ერთვება. მან პრეზიდენტად სწორედ მშვიდობის დროშით მოიპოვა გამარჯვება და შესაბამისად, ჯერ თავს იკავებს სრულმასშტაბიან ჩართვაზე.
გარდა ამისა, აცნობიერებს, რომ ეს პროცესი მხოლოდ ერთი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვით არ დასრულდება. ასევე, საკითხავია, ორ კვირაში მართლაც მიიღებს თუ არა ომში ჩართვის გადაწყვეტილებას. წარსულშიც არაერთხელ გვინახავს, როგორ აცხადებდა ტრამპი ვადებს უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით – ორი კვირა, ორი თვე, 24 საათი და საბოლოოდ კონკრეტულ ქმედებებს არ ახორციელებს. ასე რომ, ეს "ორი კვირაც" რეალურად შეიძლება კვირები კი არა, წლებიც აღმოჩნდეს. ეს ვადა შესაძლოა, უბრალოდ სიტუაციის დაკვირვებისა და მოლოდინის დრო იყოს.
უკრაინის ომის დროსაც ვიხილეთ მსგავსი მიდგომა – საბოლოოდ ამ "ორმოცი დღის" დინამიკა არ იქცა რაიმე ქმედებით გაჩაღებულ რეალობად.
ფაქტია, რომ ტრამპმა თავდაპირველი რადიკალური ტონი შეარბილა. გვახსოვს მისი განცხადება, რომ იცის, სად იმყოფება ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და მოითხოვდა უპირობო კაპიტულაციას, თუმცა მოგვიანებით მკვეთრად შეიცვალა პოზიცია. ეს მისთვის დამახასიათებელი სტილია. ასე იქცეოდა, როცა მსოფლიოს ტარიფებს უყენებდა – თავიდან იმუქრებოდა და შემდეგ უკან იხევდა. ტრამპმა კარგად იცის, რომ თუ ომში ჩაერთვება, ეს მხოლოდ ბუშერის დაბომბვით არ დასრულდება – მით უმეტეს, როცა ირანი ღიად იმუქრება შურისძიებით.
– დროში გაწელილი კონფლიქტი და ამერიკის ორკვირიანი პაუზა – თქვენი აზრით, ეს ისრაელისთვის წამგებიანია?
– რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი სცენარი ისრაელისთვის. მისთვის იდეალური იქნებოდა, თუ ამერიკა რაც შეიძლება მალე ჩაერთვება კონფლიქტში.
ბუშერის ატომური ელექტროსადგურის დაბომბვით პრობლემა არ ამოიწურება. ისრაელისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ დროულად მოახერხოს იმ ბირთვული ინფრასტრუქტურის განადგურება, რომელიც ირანის მხრიდან საფრთხეს წარმოადგენს.
ისრაელისთვის სასურველია, ქვეყანაში რეჟიმის ცვლილებაც მოხდეს. თუმცა ამერიკას ამ ეტაპზე განსხვავებული პრიორიტეტები აქვს და არ ჩქარობს. ისრაელი ამ ეტაპზე მოქმედებს როგორც საკუთარი ინტერესების, ისე ამერიკის მიზნების შესასრულებლად. თუ ისრაელი ამ ინტენსივობით განაგრძობს დაბომბვებს, ირანმა, შესაძლოა, ფუნქციური სახელმწიფოს სტატუსი დაკარგოს.
თუ განადგურდება პორტები, წყალგამწმენდი ინფრასტრუქტურა, ელექტროსადგურები და ა.შ. ირანი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. თუმცა მხოლოდ დაბომბვებით რეჟიმის მოშლა შეუძლებელია.
– გადავიდეთ რეჟიმის ცვლილებისა და ირანში შიდა პოლიტიკური პროცესების თემაზე. არსებობს მოსაზრება, რომ აშშ იმედს ამყარებს ირანში საზოგადოებრივი პროტესტის გააქტიურებაზე, რაც საბოლოოდ აიათოლას რეჟიმის დასასრულს გამოიწვევს. რამდენად რეალურია ამ ეტაპზე ეს სცენარი?
– დიახ, ამგვარი გათვლა არსებობს როგორც ამერიკაში, ისე ისრაელში. თუმცა უნდა ითქვას, რომ მხოლოდ დაბომბვებით რეჟიმის ცვლილება ასე მარტივად არ ხდება. საჭიროა სახმელეთო ძალა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას წამოიყვანს.
ამ ვითარებაში, როდესაც თეირანი იბომბება და ტრამპი ხალხს დედაქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს, მოლოდინი, რომ მასობრივი ქუჩის გამოსვლები დაიწყება, არარეალისტურია. კი, შეიძლება ქვეყანა დასუსტდეს, გაღარიბდეს, მაგრამ რეჟიმს ჯერ კიდევ აქვს ძალაუფლების შენარჩუნების რესურსი.
ოპოზიციაც ირანში ან ძალად მოკვეთილია, ან დაშინებულია და დეზორგანიზებულ მდგომარეობაშია. შესაბამისად, რეალურად ქუჩაში გამოსვლის ორგანიზებული ძალა არ ჩანს.
სხვანაირად შეიძლება იყოს, თუ სახმელეთო ოპერაცია დაიწყება – მაშინ, როგორც ერაყის შემთხვევაში მოხდა, რეჟიმის დამხობა ტექნიკურად შესაძლებელი ხდება.
მაგრამ ახლა, როცა მხოლოდ გარედან აქვთ მოწოდება – „აჯანყდით, ჩვენ დაგბომბავთ და დაგეხმარებით“ – ეს სცენარი ვერ იმუშავებს. ამ ეტაპზე ირანში ხალხი უფრო გარბის, ვიდრე აჯანყებაზე ფიქრობს.
– განვიხილოთ ირანის მოლოდინები პარტნიორების მხრიდან. ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ რუსეთმა ირანი სტრატეგიულად "გაყიდა", შესაძლოა, უკრაინის საკითხში რაღაც სანაცვლოდ. როგორ ფიქრობთ, რატომ გრძნობს ირანი თავს მიტოვებულად?
– პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ რუსეთი მაინცდამაინც ჩუმად არ არის – ის ასაჯაროებს მხარდაჭერას და გმობს ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციას. ასევე აფრთხილებს, რომ ბუშერის ატომური სადგური არ უნდა დაიბომბოს, რადგან იქ არ მიმდინარეობს ურანის გამდიდრება. მაგრამ რეალურად, ძალთა ბალანსია განმსაზღვრელი. რაც არ უნდა თქვას რუსეთმა, რა შეუძლია ირანის დასაცავად? ომში ხომ ვერ ჩაერთვება? რაც ჰქონდა – საჰაერო თავდაცვის სისტემები – უკვე გამოჩნდა, რომ საკმარისი არ არის და ერთ დღესაც ვერ გაუძლეს.
ასე რომ, დიპლომატიური განცხადებების გარდა, რუსეთს მოქმედების რეალური რესურსი არ გააჩნია. აქ გარიგება ნაკლებად სავარაუდოა – უფრო ძალის ლიმიტებთან გვაქვს საქმე. როგორც სირიაში მოხდა, სადაც რუსეთი ასადის მოკავშირე იყო, მაგრამ საბოლოოდ ფაქტობრივად ვერაფერი შეძლო, ასეა აქაც – რუსეთს საკუთარი პრობლემები ჰყოფნის და ირანს ვერ დაეხმარება. აქაც ძალა წყვეტს ყველაფერს.
– ბოლოს საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზეც გკითხავთ. ზოგი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ნეიტრალური პოზიცია ამ ეტაპზე სწორია. რას ფიქრობთ ამ სტრატეგიაზე – სჯობს თუ არა ახლა მკვეთრი მხარდაჭერის გამოხატვა რომელიმე მხარისადმი?
– ცხადია, რთულ მდგომარეობაში ვართ. ჩვენი პოზიცია მარტივი არ არის – ესტონეთი ხომ არ ვართ, რომელსაც რეგიონული რეალობა არ აკავშირებს. ერთის მხრივ, ისტორიულად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ისრაელთან, მეორეს მხრივ კი – ირანთან ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები. ის რეგიონული მეზობელია.
ამიტომ, ცალსახად რომელიმე მხარეს ვერ დავუჭერთ მხარს. ვფიქრობ, ხელისუფლების მიერ დაკავებული პოზიცია – მოვუწოდოთ ორივე ქვეყანას დეესკალაციისკენ – სწორია.
საქართველო დღეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული პოზიციის მქონე ქვეყანაა რეგიონში, რაც გვაძლევს საშუალებას, "არ დავწვათ არც მწვადი და არც შამფური“. ჩემი აზრით, ეს სწორად გათვლილი და რეალისტური მიდგომაა.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
გიორგი ხატიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს