Logo

გიორგი ხატიაშვილი - ერთადერთი, რასაც რუსეთი თმობს, ის ფულია, რომელსაც ისედაც იციან, რომ სანქციების პირობებში ვეღარ მიიღებენ

ინტერვიუ
135
Frontnews image description

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ხატიაშვილი Front News-თან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების სავარაუდო გეგმასა და მის თანამდევ საფრთხეებს განიხილავს. ექსპერტი აფასებს გავრცელებულ 28-პუნქტიან "სამშვიდობო გეგმას“, უსაფრთხოების გარანტიების რეალურ მექანიზმებს და იმ გავლენას, რაც შესაძლოა, ამ პროცესებმა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე იქონიოს.

– ბატონო გიორგი, გავრცელებული 28-პუნქტიანი გეგმა ფაქტობრივად აიძულებს უკრაინას, უარი თქვას ტერიტორიების დიდ ნაწილზე და ნატოს წევრობაზე, სანაცვლოდ კი იღებს „უსაფრთხოების გარანტიებს“ და ევროკავშირთან დაახლოებას. რამდენად სიცოცხლისუნარიანია ეს გარანტიები? ხომ არ არის ეს დოკუმენტი უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისი, როგორც ამას ევროპელი პარტნიორები წინასწარმეტყველებენ?

– ეს გეგმა რეალურად იმის რწმენასა და წარმოდგენაზეა დამყარებული, თუ რას უქადის მომავალი უკრაინას და რუსეთს. ტრამპის წარმოდგენაში ეს არის საუკეთესო ვარიანტი, რაც შეიძლება ახლა ამ ომის დასრულების შემთხვევაში მივიღოთ. უკრაინა დამარცხდება და დონბასს დაკარგავს - ეს არის ტრამპის აზრით, კრიზისის მინიმიზაცია, მაგრამ თუ წარმოდგენა არის იმაზე, რომ რუსეთი დონბასს, რაც დრო გავა, უფრო ვერ აიღებს და გაუჭირდება, მაშინ გამოდის, რომ ეს გეგმა რუსეთისთვის მისაღები და სასარგებლოა. გამოდის, რომ შესაძლოა, ახლა რუსებმა იმაზე მეტი მიიღონ, ვიდრე ომით მოიპოვებდნენ. თუმცა, აქ ძალიან ბევრი პრობლემა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, უკრაინას რაღა რესურსი აქვს იმისთვის, რომ ეს ომი გააგრძელოს. თუკი მისი ენერგეტიკული რესურსი განადგურდება, დასავლეთს აქვს და შესწევს კი ძალა, რომ ამ ომის გაგრძელება დააფინანსოს და მხარი დაუჭიროს?

- რაც შეეხება პირობებს, რომ ნატოში არ უნდა გაწევრიანდეს უკრაინა და ამის პირობა ნატომაც უნდა დადოს. მაშ, რა სახის უსაფრთხოებას მიიღებს ამერიკისგან უკრაინა? ეს დოკუმენტში არ ჩანს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ უსაფრთხოების გარანტიები?

– მე რაც წავიკითხე, გეგმაში წერია, რომ პირველად ამერიკა მზად არის, უკრაინას უსაფრთხოების გარანტია მისცეს. თუმცა, ეს ნატოს წევრობა არ არის. მაშინ ხომ ჩნდება კითხვა, რა არის ეს უსაფრთხოების გარანტია? ომი თუ განახლდა, რას მოიმოქმედებენ ამერიკელები? ამის მიღმა, მე რომ რუსეთი ვიყო, უარს არ ვიტყოდი. რუსებმა ხერსონი და ზაპოროჟიე რაც ვერ აიღეს, იმის ვირტუალური დათმობის გარდა, პრაქტიკულად რა არის? უკრაინის და ნატოს ჯარის შემცირება? ჯარის 600 ათას კაცამდე შემცირება? ერთადერთი, რასაც რუსეთი თმობს, ის ფულია, რომელსაც ისედაც იციან, რომ სანქციების პირობებში ვეღარ მიიღებენ.

მე მგონი, ეს არის მიზეზი, რის გამოც რუსებმა ამერიკელები მოხიბლეს. ხომ ვიცით, რომ ტრამპი ფულით იხიბლება. ის გაყინული რუსული აქტივები, რომელზეც ისედაც რუსებს წვდომა არ აქვთ, 100 მილიარდი უკრაინის რეკონსტრუქციაში ჩაიდება, რომლის 50%-ს მოგებას ამერიკა მიიღებს. კიდევ 100 მილიარდი ევროპელებმა უნდა ჩამოვიდნენ და ჩადონ. ევროპასაც შეაწერეს ფული. დანარჩენი ფული ასევე რუსულ-ამერიკულ საერთო ბიზნესში ჩაიდება. პრაქტიკულად, რუსებმა ამერიკელებს უთხრეს, რომ ჩვენ ეს ფული ვერ მიგვაქვს და თქვენ წაიღეთ, ან საერთო საქმეში დავაბანდოთ. ეს არის, ალბათ, ის დათმობა, რაზეც რუსები მიდიან. სხვა რაიმე დათმობაზე აქ საუბარი არ არის.

ხოლო ნატო არ გაფართოვდება და მეზობლებს არ დავესხმებით - ეს არის იმ „იწილო-ბიწილოს“ დასასრული, რაც რამდენი წელია, მიდის. ისედაც ვერ აფართოებენ ამ ნატოს და ერთხელ და სამუდამოდ ეს საკითხი დასრულდება. რაც შეეხება იმას, ომი განახლდება თუ არა: რუსეთი თანხმდება ცეცხლის შეწყვეტას და 10 წელში ამ სამხედრო მანქანის მოქოქვაც რთული იქნება. ვთქვათ, თუ ამ ომს უკრაინა განაახლებს, როგორც ამ გეგმაში წერია, უკრაინა ყველაფერს დაკარგავს. მეორე მხრივ, თუ რუსეთი განაახლებს - სანქციები და კოორდინირებული პასუხის გაცემა, რომელიც ჯერ არავინ არ ვიცით, რა არის ეს პასუხი. რა თქმა უნდა, ამ ხელშეკრულების ავკარგიანობა მხოლოდ მომავლის ჰორიზონტის ანალიზიდან გამოდის.

– დასავლური მედიის ცნობით, ვაშინგტონი ზელენსკისგან პასუხს 27 ნოემბრამდე ითხოვს. როგორ ფიქრობთ, რა ბერკეტები დარჩა უკრაინის პრეზიდენტს ამ უპრეცედენტო წნეხის პირობებში? თუ კიევი უარს იტყვის გეგმაზე, ნიშნავს თუ არა ეს აშშ-ის სამხედრო დახმარების მყისიერ შეწყვეტას და აქვს თუ არა უკრაინას რესურსი, ევროპის იმედად გააგრძელოს წინააღმდეგობა?

– პასუხი ამაზე რიცხვებია. ევროპას ამის თავი რომ ჰქონოდა, ფულს არ შეაგროვებდა და ნატო ამერიკისგან იარაღს არ იყიდდა. არა აქვს ევროპას ამის შესაძლებლობა. ომის ამ სამმა წელმა გვაჩვენა, რომ ამერიკა ომის დახმარებაში, იარაღის მიწოდებასა და სადაზვერვო ინფორმაციის კუთხით ჩაუნაცვლებელია. ამერიკაა ევროპის ზურგია. ის ზღაპრები, რომ გვესმოდა, ვითომ ბრიტანელები განლაგდებოდნენ დნეპრზე და ფრანგები - ეს დამოკიდებული იყო ამერიკელების ზურგზე. ამერიკელების ზურგის გარეშე ევროპელებს არაფრის თავი არ აქვთ. აქ არის ერთადერთი ვარიანტი, რომ გავიჭირვოთ და დაველოდოთ, სანამ დემოკრატები ისევ ამერიკის ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. ამ გაჭირვებასაც დრო და რესურსი უნდა და მეორეა რამე შედეგს საერთოდ გამოიღებს თუ არა.

რაც შეეხება იმას, რით შეიძლება ტრამპი ზელენსკის დაემუქროს - ეს არის იარაღი და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება. ეს არის ურთულესი და უდიდესი პრობლემა ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელებისთვის. მეორე, როგორც ვხედავთ, "ნაბუს“ მიერ ამოვარდნილი ანტიკორუფციული სქემა, რომელშიც ზელენსკის უახლოესი მეგობარი ფიგურირებს,  რა თქმა უნდა, ესეც დიდი პრობლემაა უკვე უკრაინის ხელისუფლებისთვის.

– კორუფციული „დოსიეები“ და ზელენსკის ჩანაცვლების სცენარი. ბატონო გიორგი, ბოლო პერიოდში სინქრონულად გააქტიურდა ეს ორი თემა: ერთი მხრივ, დასავლურ მედიაში გამოჩნდა მწვავე სტატიები უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში არსებულ კორუფციაზე და ზელენსკის გარემოცვის ჩართულობაზე, მეორე მხრივ კი - სამშვიდობო გეგმა 100 დღეში არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ხომ არ არის ეს "კორუფციული გამოძიებები“ ვაშინგტონის მიერ შექმნილი შანტაჟის ინსტრუმენტი, რათა ზელენსკი აიძულონ, ხელი მოაწეროს მისთვის მიუღებელ გეგმას? და რამდენად სერიოზულია კულუარული ინფორმაცია, რომ აშშ უკვე ამზადებს „გეგმა B-ს“ ხელისუფლების ცვლილების სახით, სადაც ზელენსკის სავარაუდო შემცვლელად ვალერი ზალუჟნი ან აშშ-ის ნდობით აღჭურვილი რუსტემ უმეროვი განიხილებიან?

– რა თქმა უნდა, ეს შიდა წნეხის ნაწილად შესაძლოა, განვიხილოთ. "ნაბუ" არის თუ არა საგარეო კონტროლის მექანიზმი რთული სათქმელია, თუ უნდათ ზელენსკიზე ზეწოლისთვის მაინც  გამოიყენებენ. პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება და როგორც გაირკვა, "ნაბუს" დიდი ხნის ჩანაწერები აქვს. ფაქტია, რომ ეს არის ასევე წნეხის ნაწილი და პირობაც, რომ გეგმის ხელის მოწერიდან 100 დღეში არჩევნები უკრაინელებმა უნდა ჩაატარონ. შესაბამისად, ეს არის ზეწოლის ბერკეტი. რუსეთზე ყველა ზეწოლა გამოვიყენეთო, რუბიომ ხომ თქვა. ახლა უკრაინის ჯერია, როგორც ჩანს, მით უმეტეს, უკრაინა უფრო დაბალი ღობეა. ქვეყანა, რომელიც ყველაფრით შენზეა დამოკიდებული, მასზე ზეწოლა უფრო მარტივია და მოსთხოვ იმას, რაც გინდა.

– როგორ ფიქრობთ, ეს 28-პუნქტიანი გეგმა ქმნის თუ არა ევროპაში უსაფრთხოების ვაკუუმს და ზრდის თუ არა რეალურად რუსეთის მხრიდან ბალტიის ქვეყნებზე ან პოლონეთზე სამომავლო აგრესიის რისკს?

– მე ვფიქრობ, რომ სანამ ნატო არსებობს - არა. და მეორე, მე ყოველთვის ვამბობ: საიდან უნდა დაესხას პოლონეთს რუსეთი თავს? ბელარუსიდან თუ დასავლეთ უკრაინა უნდა აიღოს ამისთვის? მესამე, როცა ქვეყანას დონეცკის სამი და ოთხი სოფლის აღება უჭირს და წლებია მის დაკავებას  უნდება, მე მგონი, არასერიოზულია, რომ რუსეთი ევროპას თავს დაესხმება. არასერიოზულად მიმაჩნია. პოლონეთი ყველაფრის მიღმა თავს დაიცავს. პოლონეთის დასაღეჭი კბილი რუსეთს არა აქვს. ბალტიისპირეთს რაც შეეხება - სანამ ნატო არსებობს, რუსეთი თავდასხმას ვერ გაბედავს. თუ გაუქმდა ნატო, რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთის ქვეყნებს სერიოზული საფრთხე ემუქრებათ. რაც შეეხება პოლონეთს, ამას გამოვრიცხავ. ბალტიისპირეთზეც ამ საფრთხეს ჯერ ვერ ვხედავ. ერთადერთი საფრთხეა  მაშინ მოსკოვმა უნდა გამოცადოს, ნატო არსებობს თუ არა რეალურად. ან უნდა ნატო ჩაერთოს ომში, ან საერთოდ უნდა გაუქმდეს და ეგ იქნება.

– პრეცედენტი საქართველოსთვის: „ამ გეგმის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიების (ყირიმი, დონბასი) სტატუსი დე ფაქტო ან დე იურე აღიარებული ხდება რუსეთის ნაწილად, ხოლო ნატოს კარი იხურება. რა გავლენას მოახდენს ეს პრეცედენტი საქართველოზე? ნიშნავს თუ არა უკრაინის „ნეიტრალიზაცია“ ავტომატურად საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის საბოლოო დასამარებას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიის ლეგიტიმაციას საერთაშორისო ასპარეზზე?

– ყირიმი, ლუგანსკი - იქაც კი დე ფაქტო აღიარებაზეა საუბარი, თუმცა რას ნიშნავს, ესეც არ ვიცი. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, ის რუსეთს ანექსირებული არ აქვს და თავის კონსტიტუციაში რუსეთის რეგიონებად არ აქვს შეყვანილი. მე მგონია, რომ რუსეთს ახლა ამისთვის არ სცალია და ამას არ იზამს. რაც შეეხება საქართველოს ნატოში შესვლას, თავი არ მოვიტყუოთ, რომ არც იყო ჩვენი ნატოში მიღების შანსი. ახლა კი დე იურედ საბოლოოდ დასამარდება ამაზე საუბარი. ნატომ არგაფართოების ვალდებულება უნდა აიღოს, შესაბამისად, ვინღა დარჩა გასაფართოვებელი? ვრჩებით ჩვენ, მოლდოვა, უკრაინა და ეს ფაქტი უკვე გადაწყვეტილია და ნატოში ჩვენი გაწევრიანება გამორიცხულია.

ელზა პაპოშვილი

 

Advertisement