Logo

გიორგი კობერიძე - ისეთს ახლა კრემლი ვერაფერს მოიფიქრებს, რითაც ამერიკას და უკრაინას თუნდაც უკან დაახევინებს

ინტერვიუ
263
Frontnews image description

მსოფლიო ახლა მოლოდინშია ტრამპი ღაზის დიპლომატიურ კაპიტალს პუტინზე ზეწოლისთვის გამოიყენებს თუ არა,  მათ შორის, უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების პოტენციური გადაცემის საკითხის გააქტიურებით. ამერიკის პრეზიდენტის ოპტიმიზმი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით, რომელიც პუტინთან ორსაათიანი საუბრის შემდეგ გამოითქვა, ფრთხილ მოლოდინს აჩენს, ვინაიდან ანალიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ პუტინის მზადყოფნას, დათმობებზე წავიდეს, სანამ „ომში თავი  გამარჯვებული“ ჰგონია. 

ამ ფონზე, კიევსა და ვაშინგტონს შორის დახურულ კარს მიღმა მიმდინარე საიდუმლო მოლაპარაკებები მშვიდობის გეგმისა და პოსტ-სამხედრო მომავლის კონტურების შესახებ, დამატებით დაძაბულობას ქმნის კრემლისთვის. საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე, Front News-ისთვის მიცემულ  ინტერვიუში  ამ გლობალურ ჭადრაკს აფასებს. ტრამპის სამომავლო ნაბიჯებს, კრემლის „წითელ ხაზებსა“ და ერდოღანისა და ლუკაშენკოს პოტენციურ როლს კონფლიქტის შეჩერების პროცესში.

- როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ტრამპის „ღაზის ტრიუმფის“ შემდეგ ახალი კონცენტრაცია უკრაინა იქნება. ხოლო ტრამპის მიღწევა ისრაელ-ჰამასის მოლაპარაკებებში მისთვის სტიმული იქნება, ე.წ. „მეცხრე ომიც“ შეაჩეროს. თქვენი აზრით, რამდენად რეალურად გამოიყენებს ტრამპი ამ დიპლომატიურ კაპიტალს პუტინზე ზეწოლისთვის და რა ფორმით აისახება მისი წარმომადგენლისთვის მიცემული დავალება, კონცენტრირება რუსეთზე გადაიტანოს, კონკრეტულ ნაბიჯებში?

- ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემაზე საუბარი მიდის, ვიცით, და თუ ეს რეალურად მოხდა, მაშინ ეს პუტინზე და რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა იქნება. ტრამპი, ალბათ, ამას გამოიყენებს იმისთვის, რომ თუ არ იქნება რუსეთის მხრიდან რეალურად მშვიდობაზე საუბარი და რაიმე ქმედით ნაბიჯს არ გადადგამს, მაშინ უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ გადაცემა მოხდება. მე არ მგონია, რომ სინამდვილეში ეს ეფექტს გამოიღებს, მაგრამ მცდელობის კუთხით ეს არ არის ცუდი სვლა, რადგან პუტინს, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ძალიან აშინებს და ამ იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელება ნამდვილად შესაძლებელი იქნება. რაც შეეხება იმის გათვლას, რომ ფოკუსი ამაზე გაკეთდება თუ არა, ეს უფრო ტესტირების რეჟიმი იქნება. ტრამპიც თავის მხრივ თამაშობს და რუსეთს აჩვენებს, რომ აი, თუ ცეცხლის შეწყვეტაზე სურვილს და ნებას არ გამოხატავ, მაშინ მე უკრაინას ამ ფორმით დავეხმარები.

- თუ ტრამპი ამ რაკეტებს რეალურად გადასცემს უკრაინას და თუ ეს მოხდა, რა იქნება კრემლის საპასუხო, „წითელი ხაზის“ გადაკვეთასთან დაკავშირებული ნაბიჯები?

- რუსეთს ადრეც ბევრი წითელი ხაზი ჰქონდა დაწესებული. ყირიმის ხიდის დაბომბვა, რუსეთის ტერიტორია, აგერ კურსკის მიმართულებაზე, თუმცა არანაირი სხვა პასუხი ამას არ მოჰყოლია. რა პასუხი უნდა გასცეს? კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ რაც შეეძლო, გარდა ბირთვული იარაღისა, ყველაფერი გამოიყენა. აქედან გამომდინარე, არ ვვარაუდობ, რომ ახლა იზამს ისეთ რამეს, რაც აქამდე არ უქნია. კი ბატონო, არ არის გამორიცხული, რომ კრემლმა მშვიდობიან ქალაქებსა და მოსახლეობაზე კვლავ იერიშები მიიტანოს. რუსეთის ტაქტიკა ასეთია, რომ ის იარაღს აგროვებს და შემდეგ ისვრის. რაც, რა თქმა უნდა, მძიმე შედეგის მომტანია. თუმცა ისეთს ახლა კრემლი ვერაფერს მოიფიქრებს, რითაც ამერიკას და უკრაინას თუნდაც უკან დაახევინებს.

- ანალიტიკოსები საუბრობენ 17 ოქტომბერს იმდენად საიდუმლო თემებზე, რომ ტრამპი და ზელენსკი დახურულ სატელეფონო კავშირსაც არ ენდობიან და პირადად ხვდებიან. რა სახის საიდუმლო, არა-იარაღის საკითხები შეიძლება განიხილებოდეს (მაგალითად, სამშვიდობო გეგმის კონტურები, პუტინის რეჟიმის პოსტ-სამხედრო მომავალი), რამაც შესაძლოა, პუტინი ასე დაძაბოს?

- რა თქმა უნდა, რაც არ უნდა იყოს, სამშვიდობო გეგმაზე თუ იყო საუბარი, მისი განხილვა სატელეფონო საუბრისას არ შეიძლება. შესაძლოა, საუბარი იყოს ამერიკისა და ნატოს ჯარების შემდეგ სამომავლო განთავსებაზეც. ერთი არის ტრამპის რა გეგმა შეიძლება ჰქონდეს და მეორეა, მისი განხორციელება რამდენად შესაძლებელია. მე მგონია, რომ რუსეთის მხრიდან არანაირი გეგმა არ იარსებებს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. მე მაინც ვფიქრობ, რომ ზელენსკი შეეცდება ტრამპი რაც შეიძლება მეტი შეიარაღების გადაცემაზე დაითანხმოს. 

- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ორსაათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი „ძალიან ნაყოფიერი“ და „პროდუქტიული“ იყო და მიღწეულია "მნიშვნელოვანი პროგრესი“ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიმართულებით. ტრამპის ეს ოპტიმიზმი, რომ პუტინი შესაძლოა, რაიმე დათმობაზე წავიდეს, საყურადღებოა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ომი უკვე დიდხანს გრძელდება და რუსეთის მხრიდან დათმობების ნიშნები იშვიათია. თქვენი მოლოდინი როგორია?

- სანამ პუტინს ჰგონია და დარწმუნებულია, რომ ომს იგებს, მანამდე მას ომის გაგრძელების მოტივაცია ექნება. მე არ მჯერა, რომ ახლა რუსეთი მზადაა, უკან ნაბიჯი გადადგას და რაიმე დათმობაზე წავიდეს. ომის შეწყვეტის სურვილი რომ ჰქონოდა პუტინს, აქამდე გადადგამდა ამ ნაბიჯს, აღარც ხელახალ მობილიზაციას გამოაცხადებდა და რაიმე ნიშნები მაინც იქნებოდა იმის, რომ ის ამისთვის მზადაა. ეგ კი არა, ღაზაშიც არ არის ბოლომდე ომი შეწყვეტილი და ესეც დროებითი ცეცხლის შეწყვეტაა. უკრაინა-რუსეთის ომი ცეცხლი რომც შეწყდეს, ყოველ წუთს მაინც ადვილად განახლებადია. პუტინი მიიჩნევს, რომ მას საბოლოო შედეგამდე ჯერ მიღწეული არ აქვს. ამიტომ მოლაპარაკების მაგიდასთან თუ მიიღებს იმას, რაც უნდა, კი ბატონო, მაგრამ სხვა პირობებით მე არ ველი, რომ პუტინი თანხმობაზე წავა.

- ზელენსკი აქცენტს აკეთებს იარაღზე და მზადყოფნაზე ახალი თავდასხმებისთვის. „ღაზის ტრიუმფის“ შემდეგ, რამდენად გაიზრდება ზეწოლა უკრაინის ხელისუფლებაზეც, რათა დათანხმდეს პოლიტიკურ დათმობებს (მაგალითად, ნატოში გაწევრიანების გადავადება), როგორც ცეცხლის შეწყვეტის აუცილებელი პირობა, იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპს „მეცხრე ომის“ შეჩერება სურს?

- ეს არის მთავარი კითხვა. თუკი რუსეთი და პუტინი ისევ იმ მანევრებს გააგრძელებენ, რაზეც ამბობენ, რომ მე მინდა მშვიდობა, მაგრამ უკრაინას ეს არ უნდა, რა თქმა უნდა, ტრამპის მხრიდან ეს ზეწოლა მოსალოდნელია. ახლა უბრალოდ ის ამბავია, რომ ტრამპის წინადადებები, რომლებიც 6 თვის უკან არსებობდა და რაზეც რუსეთმა უარი თქვა, ამის შემდეგ პუტინმა უკრაინის დემილიტარიზაცია მოითხოვა, ამას უკრაინა არ დათანხმდება. თუმცა ტრამპის მხრიდან, ვფიქრობ, მაინც იქნება ზეწოლა იმ მხრივ, რაც მისი გეგმების განხორციელებისთვის იქნება საჭირო. ტრამპის გეგმა, მაინც ვფიქრობ, რომ უკრაინასთან შეთანხმებული იქნება და ალბათ, ზელენსკისთან ამაზე ისაუბრებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თავად რუსეთი არ დათანხმდება ისეთ გეგმას, რომლის შემდეგაც ტრამპი შესაძლოა, იძულებული გახდეს კიევზე ზეწოლა დაიწყოს. ანუ რუსეთი საკუთარი გეგმის გარდა, მაინც მგონია, რომ არცერთ სხვა გეგმას არ დათანხმდება. ეს ისევ თამაში და ბლეფი მგონია.

- ერდოღანისა და ლუკაშენკოს როლები როგორ წარმოგიდგენიათ ცეცხლის შეწყვეტაში? ტრამპი ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების ხელშემწყობად მიიჩნევს, ხოლო ლუკაშენკო მზადყოფნას აცხადებს მოლაპარაკებებში ჩართვაზე, თუ ამერიკელები მის როლს დაინახავენ. როგორ შეიძლება გამოიყენოს ტრამპმა ეს ორი ფიგურა – ერთი, როგორც პუტინთან პატივსაცემი მეგობარი, მეორე კი, როგორც რუსეთზე დამოკიდებული მეზობელი – სამშვიდობო პროცესის ფორსირებისთვის?

- თურქეთის წონა დიახ, ნამდვილად ბევრად მაღალია, რადგან პუტინზე ერდოღანის გავლენა ნამდვილად არსებობს. გარკვეული ურთიერთობები იყო სირიასთან დაკავშირებით და მათ ერთად უთანამშრომლიათ, თუკი საჭირო გამხდარა. კი ბატონო, ისინი რეგიონალური მტრები არიან ერთმანეთის, მაგრამ კარგად ხვდებიან, რომ აშშ-ის გავლენები ძალიან დიდია და ისინი ფრთხილობენ, ღია ესკალაციაზე ერთმანეთის წინააღმდეგ წავიდნენ. ვფიქრობ, ერდოღანის როლი ამ ეტაპზე მთლიანად კონფლიქტის გადაჭრაში მინიმალური იქნება, რადგან პუტინის პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ ომი შეჩერდეს. ხოლო აი, ტყვეების გაცვლა, მოლაპარაკებების ადგილად თუნდაც თურქეთის არჩევა და ერდოღანი იყოს ამის შუამავალი, ესეც შეიძლება. ამ მიმართულებით ერდოღანის როლი ძლიერია და მისი გამოყენება შესაძლებელია. რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას უკრაინა არ ენდობა და მისი როლი არ ვიცი, აქ რა შეიძლება იყოს. 

ელზა პაპოშვილი

Advertisement