Logo

გიორგი კობერიძე - სამწუხაროდ, ქართული ოპოზიცია დღეს ამ სცენარისთვის მზად არ არის

ინტერვიუ
54
Frontnews image description

უნგრეთში პეტერ მადიარის ფენომენალურმა პოლიტიკურმა წარმატებამ და ვიქტორ ორბანის მრავალწლიანი "ჩაბეტონებული" რეჟიმის შერყევამ ევროპაში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა. რა მეთოდებით მოახერხა სისტემის ყოფილმა წევრმა საზოგადოებრივი მობილიზაცია, რატომ აღმოჩნდა "შეწყალების სკანდალი“ საბედისწერო "ფიდესისთვის“ და რა გავლენას მოახდენს ბუდაპეშტში ძალთა ბალანსის ცვლილება თბილისზე, ბრიუსელსა თუ ვაშინგტონზე?

Front News-თან ინტერვიუში საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე დეტალურად განიხილავს უნგრული "ტროას ცხენის" დასასრულს, ოპოზიციური ლიდერობის ახალ სტანდარტებს და იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც შესაძლოა, "ქართული ოცნება" თავისი მთავარი ევროპელი ლობისტის დასუსტების ფონზე აღმოჩნდეს.

– ბატონო გიორგი, როგორ მოახერხა პეტერ მადიარმა (რომელიც თავად იყო სისტემის ნაწილი) ვიქტორ ორბანის დამარცხება? რა იყო ის ძირითადი ლაფსუსები და კორუფციული სკანდალები (მაგალითად, შეწყალების სკანდალი), რაშიც მადიარმა რეჟიმი ამხილა?

– მადიარი, უპირველეს ყოვლისა, ძალიან ქარიზმატული ლიდერია. მას აქვს ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარები. ასევე, ის არ ცდილობდა ორბანის მოპასუხე მხარე ყოფილიყო და მის მიერ ნაკარნახევ დღის წესრიგს მიჰყოლოდა. პირიქით, ეს ადამიანი თავად ცდილობდა პოლიტიკური ამინდის შექმნას. შემოიტანა დღის წესრიგში ის თემები, რომლებიც, მისი აზრით, უნგრეთის მოსახლეობას აწუხებდა და ზუსტადაც ჩასწვდა ხალხის მოთხოვნებს, რომელთა გამხმოვანებლადაც იქცა.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამ ადამიანმა პოლიტიკური მოღვაწეობისთვის საკუთარი პირადი ცხოვრებაც კი დაანგრია. ის თავის მეუღლეს დაუპირისპირდა, რომელიც უნგრეთის იუსტიციის მინისტრი იყო. ამით ორბანის მთავრობა ამხილა არა მხოლოდ კორუფციაში, არამედ პედოფილების დაფარვაში. ეს იყო ძალიან დიდი განაცხადი, რადგან საზოგადოების თვალში ის გამოჩნდა პოლიტიკურ ლიდერად, რომელმაც პოლიტიკას, ქვეყანასა და ხალხს საკუთარი ოჯახიც კი შესწირა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მან შეძლო წარსულში არსებული ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანება ან „ჩარეცხვა“. მის გვერდით ვინც დადგა, ისინი ბოლომდე გაჰყვნენ, ხოლო ვინც მის გვერდით არ დადგა, უბრალოდ პოლიტიკური ველიდან გაქრნენ. გამოვიდა ისე, რომ ყველა, ვინც კი საერთოდ უნგრულ პოლიტიკაში რამეს წარმოადგენდა, მისი პერსონის გარშემო გაერთიანდა.

ვიღაცები წერდნენ, რომ ვითომ უნგრეთი ავტოკრატია არ ყოფილა და ა.შ. ეს არ არის სწორი, რადგან ცნობილია, რომ ამ საარჩევნო პერიოდში ამ ადამიანს "ტიტუშკებითაც“ ემუქრებოდნენ, დაკავებებით, ხელს უშლიდნენ საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში. მის წინააღმდეგ საკმაოდ რთული პოლიტიკური გარემო და ზეწოლა იყო. უბრალოდ, ერთადერთი სხვაობა რაც გახლდათ: ორბანმა დაინახა, რომ საკუთარ აქციებზეც კი მას ხალხი ლანძღავდა, როგორც ჩაუშესკუს რუმინეთში. მან ეს საფრთხედ აღიქვა და ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა. საკონსტიტუციო უმრავლესობამ უკვე წინააღმდეგობა ვეღარ გასწია. ორბანს ხალხის კრიტიკული მასის შეეშინდა.

– უნგრეთი წლების განმავლობაში ბლოკავდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას და მისი წევრობის საკითხს. ორბანის წასვლით, რამდენად რეალურია, რომ ევროკავშირმა დაიბრუნოს მონოლითურობა და გადაწყვეტილებების მიღების ტემპი რადიკალურად დააჩქაროს?

– რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს აუცილებლად ექნება ევროპაზეც გავლენა. მართალია, ფიცო და ბაბიში არსებობენ, მიუხედავად ამისა, ისინი ისეთი რადიკალურები არ არიან თავიანთ საგარეო პოლიტიკაში, როგორიც ორბანი იყო. ვიცით, რომ ორბანმა მთელი თავისი ბოლო კარიერა რუსეთზე დააშენა, რაც ფიცოს და ბაბიშის შემთხვევაში არ ყოფილა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ შეეცდებიან რაღაცების შეცვლას და დაბლოკვას. უბრალოდ, „ორბანიზაცია“, როგორც მოვლენა, აღარ იქნება. ჩვენ ვიცით, რომ მას მეტსახელიც კი ჰქონდა და რუსეთის „ტროას ცხენს“ ეძახდნენ. მისი ეს სიხისტე ასეთი შესამჩნევი აღარ იქნება.

მადიარი კონსერვატორია და ის ღია საზღვრებს ასე არ ემხრობა. შესაბამისად, შიდა დისკუსიები რიგ საკითხებთან დაკავშირებით იქნება, თუმცა ის რუსეთის მარიონეტი არ იქნება. აქედან გამომდინარე, პროცესები გაუმჯობესდება. მადიარის გამარჯვება იქნება სერიოზული წამახალისებელი ფაქტორი მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების დასაწყებად.

– რუსეთის გარდა ორბანი ასევე ტრამპის მთავარ მოკავშირედ მიიჩნეოდა ევროპაში. არის თუ არა მისი დამარცხება ევროპაში ამერიკული (კერძოდ, ტრამპისტული ფრთის) გავლენის შესუსტების ტოლფასი, თუ ეს უფრო მეტად პუტინისა და რუსეთის სისუსტის დემონსტრირებაა, რომელმაც ევროპის შუაგულში თავისი „ტროას ცხენი“ დაკარგა?

– რუსეთში რასაც პუტინი ფიქრობს, ზუსტად ის არის რუსეთის აზრიც. თუმცა ამერიკაში რასაც ფიქრობს ტრამპი, ამას არ ფიქრობს მთელი ამერიკა და სახელმწიფო სისტემა. ამიტომ ტრამპის პერსონალური პოლიტიკა ერთია და, ზოგადად, ამერიკის საგარეო პოლიტიკა – სხვა. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით იმას, რომ საგარეო პოლიტიკა ამერიკაში ტრამპის მიერ არ დგება, მაგრამ ამერიკის პოლიტიკით ყველასთან თანამშრომლობა დასაშვებია.
შესაძლოა, ორბანის დაკარგვა პირადად ტრამპის ტრაგედიაა, თორემ მას საერთო ამერიკის პოლიტიკასთან ევროპასთან მიმართებაში რა აქვს? მეტიც, სამომავლოდ შესაძლოა ვთქვათ, რომ ამერიკის პოზიციებისთვის უფრო მნიშვნელოვანია მოქნილი, ჯანსაღი ევროპა, ვიდრე დაბლოკილი, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის – ტრამპის ნება-სურვილზე უნდა თამაშობდეს. საბოლოო ჯამში, რეალური ფასეულობისთვის ეს ადამიანი (მადიარი) ნამდვილად მოვლენაა, რომელიც ამერიკის სხვა ხელისუფლებისთვის ნათელი და მისაღები გახდება. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ: მიუხედავად ორბანის წასვლისა, ტრამპის პოზიციების დაზარალება ნაკლებად შესაძლოა იყოს. უბრალოდ, ტრამპის პერსონალური მეგობარი აღარ იქნება ხელისუფლებაში.

– საქართველოზე ამ არჩევნებს რა გავლენა ექნება, რადგან ჩვენი ხელისუფლება უნგრეთს თავის მთავარ ლობისტად და სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევდა. დაკარგა თუ არა თბილისმა ამით მნიშვნელოვანი საყრდენი ბრიუსელში და ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ორბანი „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ გათვლებში?

– ევროკავშირის პოლიტიკას, რომელიც ახლა მათ საქართველოსთან დაკავშირებით აქვთ, რა თქმა უნდა, მადიარი ხელს არ შეუშლის. სავარაუდოა, რომ უახლოეს ხანში უფრო სწრაფად წავა ეს საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, ვიდრე ორბანის შემთხვევაში იყო.

– ანუ უფრო გაუადვილდება ახლა ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების მიმართ კონკრეტული სანქციების დაწესება (ფინანსური თუ პერსონალური), როდესაც გადაწყვეტილებების დაბლოკვის მექანიზმი უნგრეთის სახით აღარ იარსებებს?

– დიახ, უფრო გაუადვილდება და უნგრეთი აღარ იქნება წინაღობა. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას“, წესით, ერთი მარტივი დასკვნა უნდა გამოიტანოს უნგრეთის მაგალითზე: რომ ხალხის დაშინება, თითქოს ომი იქნება ან თითქოს ქვეყანას ვიღაცები რყვნიან და ა.შ., გრძელვადიან პერსპექტივაში აღარ იმუშავებს. უნდა დაიჯეროს "ოცნებამ“ ის ფაქტი, რომ ყველაზე მარგინალური პერსონების მხარდაჭერას სჯობს, თავად გახდეს უფრო რაციონალური და ნორმალური აქტორი. ადრე თუ გვიან, ეს მარგინალური ძალები ძალაუფლებას კარგავენ. ახლა იმის იმედი, რომ საფრანგეთში მარინ ლე პენი მოვა, ან გერმანიაში ვიღაც მოვა და ის უშველის, ან კიდევ იტალიის პრემიერ-მინისტრ მელონისთან რაღაც კავშირს იპოვიან – ამის იმედად ყოფნას სჯობს, იპოვონ ის გზა, რომ შეწყვიტონ საზოგადოების დაშინება და, ასევე, დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში ხელი არ შეუშალონ.

– რამდენად რეალურია უნგრული სცენარის (მადიარის მსგავსი გარღვევის) განმეორება საქართველოში? არის თუ არა დღევანდელი ქართული ოპოზიცია მზად კარდაკარ სასიარულოდ და საზოგადოების იმ ნაწილის გადმობირებისთვის, რომელიც ხელისუფლებას სტაბილურობის გამო უჭერს მხარს?

– სამწუხაროდ, ქართული ოპოზიცია დღეს ამ სცენარისთვის მზად არ არის. პირდაპირ რომ ვთქვათ, დღეს საქართველოში არ არის ადამიანი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა კარს გაუღებს. მადიარი არის ზუსტად ის ფიგურა, რომელსაც კარს უღებდნენ. მან ეს ყველაფერი პატარა მოვლენიდან დაიწყო. ის გავიდა ქუჩაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უნგრეთში, სადაც ორბანის გავლენები ყველაზე დიდი იყო. ის 20-კაციან აქციებს ატარებდა ხოლმე და ნელ-ნელა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ის არის ძალიან კარგი გამომსვლელი, საბოლოო ჯამში ძალიან ჭკვიანი ადამიანი, რომელმაც თავისი უბრალოებით და მჭევრმეტყველი საუბრით შეძლო და მთელი უნგრეთი გააერთიანა.

საქართველოში მსგავსი ფიგურა ან ფიგურები არ არსებობენ. ჩვენთან პოლიტიკური ფრაქციონიზმი და დაქსაქსულობა ძალიან ჭრელია. კატასტროფული მდგომარეობაა ამ მხრივ. იმდენად ბევრია პოლიტიკური სუბიექტი, რომ თითოეული ამ პოლიტიკური წარმონაქმნის მიმართ ცნობადობაც მცირეა. ასევე, თუ ერთი სიით არ გავიდნენ და ერთად არ დადგნენ (რაც „ტისამ“ გააკეთა), რაიმე შედეგზე საუბარი ზედმეტი იქნება. ამასთანავე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მადიარი ახალი სახე იყო პოლიტიკაში. ჩვენთან განა არ არიან ასეთი ახალი სახეები, უბრალოდ, ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკური ველიც ჩაკეტილი და დახურულია. ოპოზიციასაც არ აქვს საკუთარი პოლიტიკური ნება, რომ ასეთი ლიდერი იპოვოს.  

ელზა პაპოშვილი

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები