Logo

გიორგი კობერიძე - ასეთი მუქარის შემდეგ, თუ ტრამპმა უკან დაიხია, ამერიკისა და პირადად მისი რეპუტაცია სერიოზულად დაზიანდება

ინტერვიუ
71
Frontnews image description

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა პიკს აღწევს: პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ მკაცრი ზომებისა და შესაძლო სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება. რა ბედი ელის აიათოლების რეჟიმს, რამდენად რეალურია მასშტაბური საჰაერო იერიშები და როგორ შეცვლის ვაშინგტონის მკვეთრი ნაბიჯები გლობალურ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს - ვენესუელიდან უკრაინის ფრონტამდე? საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიორგი კობერიძე Front News-თან ინტერვიუში  მიმოიხილავს ირანის შიდა კრიზისს, რეგიონული მოკავშირეების დილემას და იმ შესაძლო სცენარებს, რომლებმაც შესაძლოა, თეირანის რეჟიმი კადაფის ბედის გაზიარებამდე მიიყვანოს.

- პრეზიდენტი ტრამპი ირანს პირდაპირი ინტერვენციით და „მკაცრი ზომებით“ ემუქრება. რამდენად რეალურია, რომ აშშ-მა დაიწყოს საჰაერო იერიშები იმ ფონზე, როდესაც ადმინისტრაციას ირანში 50 სამხედრო სამიზნის სია უკვე გადაეცა? როგორია თქვენი მოლოდინი?

- რა თქმა უნდა, ამერიკის მხრიდან ირანზე საჰაერო თავდასხმების განხორციელება სრულიად შესაძლებელია. იერიშები, სავარაუდოდ, მიტანილი იქნება  ინფრასტრუქტურულ, ეკონომიკურ და ენერგოობიექტებზე. პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს ნავთობისა და გაზის მოპოვების საბადოები. ასევე, სამიზნეში მოექცევა პოლიტიკური ცენტრები, მათ შორის - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბბინები. არ არის გამორიცხული მასშტაბური კიბერთავდასხმებიც, რაც ირანში კომუნიკაციების სრულ ბლოკირებას გამოიწვევს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დარტყმები აუცილებლად ატომურ სადგურებზე არ განხორციელდება, რადგან ზემოქმედების სხვა ბერკეტებიც არსებობს. 

ასეთი მუქარის შემდეგ, თუ ტრამპმა უკან დაიხია, ამერიკისა და პირადად მისი რეპუტაცია სერიოზულად დაზიანდება. მან უკვე რამდენჯერმე გააკეთა მკაცრი მოწოდება და თუ ამას ქმედება არ მოჰყვა, ირანის ხელისუფლების ქმედებები კიდევ უფრო სასტიკი და ცინიკური გახდება. მით უმეტეს, ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, არსებობს მოლოდინი, რომ ტრამპი დაპირებას შეასრულებს და საგარეო პოლიტიკაში რადიკალური ცვლილებები მოხდება.

- თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი, კატარი და ისრაელიც კი (გარკვეული ტაქტიკური მიზეზებით) ვაშინგტონს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ხომ არ აღმოჩნდება ტრამპი დილემის წინაშე — შეასრულოს მუქარა თუ გაითვალისწინოს მოკავშირეების შიში ნავთობის ფასებსა და ირანულ სარაკეტო პასუხზე, რომლის სამიზნეც შესაძლოა ისრაელიც აღმოჩნდეს?

- ისრაელის მხრიდან საუბარი იმაზე, თითქოს ის თავდასხმისთვის მზად არ არის, სიმართლეს არ შეესაბამება. აქ საუბარია უფრო დროის მცირე მონაკვეთით გადავადებაზე - შესაძლოა, რამდენიმე დღეზე ან საათზე. მარტში მსგავს ოპერაციას აზრი დაეკარგება, რადგან რეჟიმი დაპატიმრებულებს დახოცავს და ეცდება სიტუაცია სისხლში ჩაახშოს. ამიტომ, არ მგონია, პროცესი დიდხანს გაიწელოს.

თუ დარტყმების პოლიტიკური მიზანი რეჟიმის ჩამოშლაა, ეს სრულმასშტაბიანი ომისთვის მზადებას გულისხმობს, რასაც დრო სჭირდება. ხოლო თუ მიზანი რეჟიმის დაშინებაა, რათა მათ შეწყვიტონ მოქალაქეების მკვლელობა, გაათავისუფლონ დაკავებულები და გაატარონ რეალური რეფორმები, მაშინ მოქმედება სწრაფი იქნება. მალე გამოჩნდება, რა არის ამ დარტყმების რეალური სტრატეგია.

- ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი მოჰსენი-ეჟეი ხაზს უსვამს რეპრესიების სისწრაფეს, რათა მათ „ეფექტი“ არ დაკარგონ. არის თუ არა ეს ნიშანი იმისა, რომ რეჟიმი შიგნიდან ირყევა და ცდილობს დააშინოს მომიტინგეები მანამ, სანამ აშშ-ის დაპირებული დახმარება რეალურ ქმედებებში გადაიზარდება?

- ქვეყანა რეალურად იმართება არა თეირანიდან, არამედ ქალაქ ყომიდან - აიათოლების მიერ. მათი თანხმობის გარეშე ადამიანი პრეზიდენტობის კანდიდატადაც ვერ დარეგისტრირდება. შესაბამისად, რეჟიმი მანამ არ ჩამოიშლება, სანამ აიათოლა ხამენეი ან არ გაიქცევა, ან არ მოკვდება. აიათოლებს იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი კაცობრიობის წინააღმდეგ, რომ კარგად ესმით — ხელისუფლების დაკარგვა მათთვის დასასრულს ნიშნავს. ისინი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ტერორს აფინანსებენ: „ჰეზბოლას“, იემენელ ჰუსიტებსა და „ჰამასს“. ისინი რეგიონში ტერორიზმის მთავარი დასაყრდენია.

- თეირანი ღიად აფრთხილებს მეზობელ ქვეყნებს, რომ მათ ტერიტორიაზე არსებულ ამერიკულ ბაზებს დაარტყამს. რამდენად ძლიერია ირანის სარაკეტო პოტენციალი და შეუძლია თუ არა ამ შანტაჟს აიძულოს რეგიონული მოთამაშეები, აშშ-ს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი უთხრან?

- თუ ამერიკის დარტყმა იქნება მასირებული და სინქრონული, ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე ობიექტით. ირანს აქვს ბალისტიკური რაკეტების რესურსი, რომელთა ჩამოგდება რთულია, რადგან ისინი ატმოსფეროს ზედა ფენებიდან დიდი სიჩქარით ეშვებიან. თუმცა, თუ ამერიკის იერიში იქნება გადამწყვეტი და მართვის რგოლები განადგურდება, ბრძანების გამცემი აღარავინ დარჩება.

რაც შეეხება მოკავშირეებს, ბაჰრეინის ან საამიროების მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მათ ამერიკასთან ურთიერთობას დაანგრევს. მეორე მხრივ, აშშ-ს აქვს გიგანტური ბაზა დიეგო გარსიაზე (ინდოეთის ოკეანეში), საიდანაც თავისუფლად შეუძლია ირანის დაბომბვა ისე, რომ ირანულმა რაკეტებმა იქამდე ვერც კი მიაღწიონ. ამერიკის საჰაერო პოტენციალი წარმოუდგენელია - მათ შეუძლიათ ერთდროულად 2000-მდე წერტილოვანი დარტყმის მიყენება.

- ჩინეთი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება „გარე ჩარევას“ ირანის შიდა საქმეებში. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს პეკინი ირანის მხარდაჭერისას?

- არ მგონია, ჩინეთმა ქმედითი ნაბიჯები გადადგას. მათ საკუთარი გადაუჭრელი პრობლემები აქვთ ტაივანთან. მართალია, ჩინეთს აქვს გიგანტური ეკონომიკური და ადამიანური რესურსი, მაგრამ ირანის სამხედრო დახმარება არარეალურია. მაქსიმუმ, პეკინმა თეირანს სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდოს, სხვა სახის ჩარევას მე არ ველოდები.

- ბოლოს, რამდენად არის გადაჯაჭვული ირანში მიმდინარე პროცესები უკრაინის ფრონტთან? დაასუსტებს თუ არა ირანზე იერიში რუსეთის სამხედრო მომარაგებას?

- რუსეთმა უკრაინაში თითქმის ყველა რესურსი ამოწურა. ირანული შეიარაღების წილი რუსეთის არსენალში ახლა შედარებით შემცირებულია, რადგან ბევრი რამ უკვე ადგილზე, რუსეთში იწყობა ირანული ტექნოლოგიებით. თუმცა, ირანის, როგორც მოკავშირის დაკარგვა, კრემლისთვის უდიდესი დარტყმა იქნება როგორც გეოპოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად.

ირანში რეჟიმის ცვლილება ნავთობის ფასებზეც მოახდენს გავლენას. ბაზარზე ვენესუელური და ირანული ნავთობის ჭარბი მიწოდება ფასებს მკვეთრად დასწევს. გარდა ამისა, ირანის რეჟიმის დამხობა იქნება მკაფიო სიგნალი სხვა დიქტატორებისთვის, რომ საკუთარი ხალხის ხოცვა დაუსჯელი არ დარჩება. თუ ამერიკამ ეს ნაბიჯი არ გადადგა, ირანის რეჟიმი რეპუტაციულად გაძლიერდება. თუ გადადგა, შესაძლოა, ირანში სამოქალაქო ომი დაიწყოს და აიათოლებმა მუამარ კადაფის ბედი გაიზიარონ. 

ელზა პაპოშვილი 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები