Logo

გიორგი კობერიძე - თუ ვაშინგტონი პროცესიდან გამოთიშავს თავს, ის არამხოლოდ ლიდერის პოზიციას დაკარგავს, არამედ მოკავშირეებსაც

ინტერვიუ
2 საათის წინ / 09:43
162
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის მოლაპარაკებისთვის რუსეთის ლიდერთან – ნებისმიერ ფორმატში. თუმცა, სანამ მხარეები შეთანხმდებიან შეხვედრის ადგილსა და თარიღზე, ფრონტის ხაზზე დაძაბულობა კვლავ მაღალია. მოსკოვი უარს აცხადებს ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ "ხანგრძლივი მშვიდობის სურვილზე“ საუბრობს. პარალელურად, ვლადიმერ პუტინი კურსკში ჩავიდა, მოხალისეებს შეხვდა და კიევს ახალი ბრალდებები წაუყენა.

ამავდროულად, ვაშინგტონში უკრაინის თემა კვლავ დაბრუნდა პოლიტიკურ დღის წესრიგში – სენატში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის მარტო დატოვებაში დაადანაშაულეს. მარკო რუბიოს განცხადებამ, რომელიც საქართველოც შეეხო, გააჩინა კითხვა – ხომ არ მიანიშნებს ეს რეგიონიდან ახალი ადმინისტრაციის დისტანცირებაზე? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Front News საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გიორგი კობერიძეს ესაუბრა.

– ბატონო გიორგი, მოლაპარაკებების თემა კვლავ საერთაშორისო დღის წესრიგშია. როგორ შეაფასებთ ზელენსკის მზადყოფნას პუტინთან შეხვედრაზე? რატომ ვერ ხერხდება შეთანხმება თარიღსა და ლოკაციაზე? და რამდენად შესაძლოა ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გარდამტეხი აღმოჩნდეს?

- მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინს არ აქვს სურვილი, მოლაპარაკებების გზით რაიმე რეალურ შედეგს მიაღწიოს. ის დროს წელავს და პროცესით მანიპულირებს. სინამდვილეში, რასაც პუტინი ითხოვს, მშვიდობა კი არ არის – ეს არის კაპიტულაცია. ის მოითხოვს არა მხოლოდ იმ ტერიტორიების დათმობას, რომლებიც უკვე აქვს ანექსირებული, არამედ იმ ზონების გადაცემასაც, რომლებიც ფაქტობრივად არ აქვს კონტროლქვეშ. სწორედ ამიტომაა მისი მოთხოვნები ისე ფორმულირებული, რომ მოლაპარაკება აზრს კარგავს.

რაც შეეხება ტრამპსა და პუტინს – მათი შეხვედრა რეალურია და შესაძლოა, გავლენიანი იყოს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს: პუტინი გაცილებით გამოცდილი პოლიტიკოსია, უკეთესი მანიპულატორია. ის ჯერ კიდევ დრეზდენში მუშაობის პერიოდში ეუფლებოდა სწორედ ასეთ ინსტრუმენტებს. ამიტომაც იყო, რომ რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ ტრამპის პოზიცია მკვეთრად შეიცვალა და კვლავ რუსეთის სასარგებლოდ გადაიხარა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე საკმაოდ მკაცრი განცხადებები ჰქონდა გაკეთებული რუსეთის მიმართ, მათ შორის სანქციების შესახებ. ეს ნათელი მაგალითია იმისა, როგორ ეფექტურად იყენებს პუტინი კომუნიკაციას საკუთარ სასარგებლოდ.

– ანუ გამოდის, რომ პუტინის განცხადებები "ხანგრძლივ მშვიდობაზე" მხოლოდ დიპლომატიური ფასადია და რეალურად ძალისმიერი სცენარის გაგრძელება იგეგმება?

– დიახ, ეს მხოლოდ ფარსია. ომის ლოგიკით, მინიმუმ ერთი მხარე მაინც უნდა იყოს დარწმუნებული, რომ აგებს. დღეს კი ორივეს – რუსეთსაც და უკრაინასაც მტკიცედ სჯერათ, რომ გამარჯვება მათი იქნება. პუტინის მთავარი მიზანია, აშშ ჩართოს არაკონსტრუქციულ მოლაპარაკებებში, შეაფერხოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და დაარწმუნოს ევროპაც, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ამერიკული იარაღი, რომელსაც ევროპელები აწვდიან უკრაინას, ვაშინგტონის თანხმობით მიდის – სწორედ ამ საყრდენის მოშლა სურს პუტინს. მისი გეგმაა, ამერიკა გამოთიშოს მოლაპარაკების მაგიდიდან და უკრაინა დატოვოს მარტო.

– ვლადიმერ პუტინი კურსკში ჩავიდა და უკრაინა პროვოკაციებში დაადანაშაულა. თქვენი აზრით, ასეთი ვიზიტები შიდა მობილიზაციას ემსახურება თუ დასავლეთისთვის გზავნილია, რომ რუსეთი სტრატეგიულ პოზიციებს არ დათმობს? და ხომ არ ემზადება მოსკოვი კურსკის მიმართულებით ახალი შეტევისთვის?

– პუტინის მიზანი ორმაგია – ერთი მხრივ, შიდა მობილიზაცია და პიარი, მეორე მხრივ კი რეალური მანევრია. შესაძლებელია, კურსკის მიმართულებით ძალების გადაადგილება მხოლოდ უკრაინული არმიის ყურადღების გადატანას ემსახურებოდეს, რათა სხვა მონაკვეთებზე რუსეთმა შეტევა წარმატებით განახორციელოს. ცნობისთვის, თავდაპირველად სწორედ უკრაინა ცდილობდა ამ მიმართულებით პოზიციების გამაგრებას, თუმცა ამ ეტაპზე შესაძლოა, ინიციატივა კვლავ მოსკოვმა გადაიბაროს.

რაც შეეხება ძალოვან რესურსს – რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ადამიანური და სამხედრო რესურსი, მათ შორის პროფესიონალი ჯარისკაცები, რომლებიც კონტრაქტით მსახურობენ. ასევე არსებობს მოქმედი და ყოფილი სამხედროებისგან შედგენილი რეზერვი. დამატებით, არის პატიმრები, რომლებიც 6–12 თვიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ თავისუფლდებიან. პუტინს ჯერ კიდევ ჰყავს მობილიზებული და გადამზადებული კადრები, რაც იმას ნიშნავს, რომ ომის გაგრძელებისთვის მას ჯერ კიდევ საკმარისი რესურსი აქვს.

– სენატის სხდომაზე დონალდ ტრამპი კვლავ გახდა კრიტიკის ობიექტი უკრაინის პოლიტიკის გამო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი საგარეო სტრატეგია ჩიხშია, თუ მას ჯერ კიდევ შეუძლია გავლენა იქონიოს კონფლიქტის დინამიკაზე?

– მარკო რუბიომ რამდენიმე კვირის წინ ღიად განაცხადა, რომ თუ მოლაპარაკებები შედეგს არ მოიტანს, ამერიკა გადგება გვერდით და მოლაპარაკების მაგიდას დატოვებს. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამერიკაში მსგავსი სცენარი უკვე განიხილება. სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი რეალობაა. თუ ვაშინგტონი პროცესიდან გამოთიშავს თავს, ის არამხოლოდ ლიდერის პოზიციას დაკარგავს, არამედ მოკავშირეებსაც. გარდა ამისა, ამერიკა დაკარგავს ზეგავლენას იმ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერაზე, რასაც უკრაინას დღეს აძლევს. პუტინს ეს მშვენივრად ესმის და სწორედ ამ სისუსტეების გამოყენებას ცდილობს. 

ელზა პაპოშვილი

Advertisement