Logo

გიორგი კონდახიშვილი - მოსამართლემ ორჯერ დაჭერილ ნიკა მელიას შეუფარდა 5 ათას ლარიანი ჯარიმა

სამართალი
221
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

სხდომაზე მოწმის სახით ორი პოლიციელი იყო წარმოდგენილი. ორივე მათგანი სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ ნიკა მელიას მხრიდან პოლიციის მისამართით ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას, მაშინ როცა ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მოწმეებმა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს.

"ფაქტობრივად, დღეს ყველაფერი, მათ შორის მართლმსაჯულება გამრუდებულია. დაახლოებით, 5 თვის წინ ნიკა მელია გაიტაცეს, ამ 5 თვის განმავლობაში ვცდილობდით, რომ აღნიშნული საქმის ერთი ფარატინა ფურცელი მაინც მოგვეპოვებინა და მივმართავდით ყველა შესაბამის ორგანოს. დღეს მოსამართლემ, ფაქტობრივად, არანაირი არგუმენტი არ გაითვალისწინა, ორი მოწმე მოიყვანა შსს-მ, რომლებსაც დაზეპირებული ჰქონდათ ტექსტები, რომ ნიკა მელიამ მოძრავი მანქანიდან მათ უწოდა მონა, რის შემდეგაც ნიკა მელია დააკავეს. ეს არის აბსურდი, რეალობა კი არის ის, რომ მეორე დღეს იგეგმებოდა მისი განაჩენი და ხელისუფლებას არ უნდოდა, რომ მისი განაჩენის აღსრულებას რაიმე მოჰყოლოდა და წინასწარ მოგონილი მიზეზით დააკავეს და 5 თვე საქმე "თაროზე იყო შემოდებული". მოწმეები ყველა სხვადასხვას ამბობდა, დაიბნენ, ჩვენ კითხვებზე გვპასუხობდნენ, რომ არ ახსოვდათ და მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ორჯერ დაჭერილ ნიკა მელიას შეუფარდა 5 ათას ლარიანი ჯარიმა", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია 25 მაისს დააკავეს.

Advertisement