გიორგი მელაშვილი - რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხითაც ისეთივე ჩიხში არიან, როგორც ამერიკასთან

ავტორი
Front News საქართველო
Front news-თან ინტერვიუში ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი აფასებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კრიტიკულ ფაზას და „ქართული ოცნების“ მზარდ იზოლაციას დასავლური სტრუქტურებისგან. მელაშვილი განმარტავს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებების სამართლებრივ წონას, აანალიზებს ხელისუფლების რადიკალურ რიტორიკას ევროპელი ლიდერების მიმართ და ყურადღებას ამახვილებს იმ გეოპოლიტიკურ ჩიხზე, რომელშიც საქართველო „ასოცირებული ტრიოს“ ლიდერობიდან აუტსაიდერობამდე დაქვეითების შედეგად აღმოჩნდა. ექსპერტი ასევე ეხება რუსეთის პროპაგანდისტულ გზავნილებს და ხაზს უსვამს, რომ თბილისის მცდელობა დააბალანსოს ურთიერთობები მოსკოვთან დასავლეთის ხარჯზე, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.
- ბატონო გიორგი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის საბჭოს დასკვნა „ჩავარდა“ და ის მხოლოდ დანიის (თავმჯდომარეობის) პოზიციაა. განგვიმარტეთ, რა განსხვავებაა ევროკავშირის საბჭოს ერთსულოვან დასკვნასა და თავმჯდომარეობის სახელით გამოქვეყნებულ დოკუმენტს შორის? რამდენად ამცირებს ეს ფაქტი დოკუმენტში მოცემული კრიტიკის წონას?
- დავიწყოთ იქიდან, რომ ევროკავშირში მიღებული ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსის შედეგად მიიღწევა, ამიტომ საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა. ხოლო რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არის დანიის მიერ ინიციირებული დასკვნა, რომელსაც არ დაეთანხმა ერთი კონკრეტული ქვეყანა. იგი არ დასახელებულა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის უნგრეთი და მისი პრემიერი ვიქტორ ორბანი, რომელიც ტრადიციულად „ოცნების“ ერთადერთ ლობისტად გადაიქცა ევროკავშირში.
აქვე საგულისხმოა ისიც, რომ არც ესტონეთი, არც დანია, სლოვაკეთი თუ რომელიმე სხვა ქვეყანა „ოცნებას“ არ გამოექომაგა. ამიტომ აშკარაა, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც „ოცნებას“ ესარჩლება, უნგრეთია. ასევე ჩვენ გვაქვს 26 ქვეყნის დასკვნა, რომელიც „ოცნების“ მიმართ უაღრესად კრიტიკულია. ევროკავშირის პოზიცია ევროკავშირმა უშუალოდ გააჟღერა. ის ფაქტი, რომ ორბანი ბლოკავს მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებულს და ასევე ითვლება რუსეთის ინტერესების გამტარ ქვეყნად ევროკავშირში, საქართველოსთვის ძალიან სამწუხარო უნდა იყოს. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მათ მხარს უჭერს, პუტინის მიმართ კეთილგანწყობილი სახელმწიფოა. აპრილში უნგრეთში არჩევნებია, ამიტომ ძალიან ცუდ დღეშია თავად ორბანიც.
- კაია კალასის განცხადება - „მხარს ვუჭერთ ხალხს და არა მთავრობას“ საკმაოდ მკაცრი გზავნილია. მკაცრადვე უპასუხა მას შალვა პაპუაშვილმა და კალასის რიტორიკა 1921 წლის წითელი არმიის ინტერვენციას შეადარა. რა გრძელვადიან ზიანს აყენებს ეს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს? რამდენად ხშირია ევროკავშირის პრაქტიკაში პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლების ასეთი მკვეთრი გამიჯვნა მისი მოქალაქეებისგან და რა პოლიტიკური შედეგები მოსდევს ამას ჩვეულებრივ?
- "ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც სასათბურე პირობები შეუქმნა რუსეთს საქართველოში, ხოლო ევროკავშირთან ურთიერთობა გააფუჭა და არნახული კრიზისი შექმნა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ცოტა კომიკურიც კია, რომ პაპუაშვილი 20-იან წლებზე საუბრობს. თუ ვინმეა ორჯონიკიძის პოლიტიკის გამგრძელებელი, ეს სწორედ ის ძალაა - იქნება ეს განათლებაში, როცა „ოცნება“ ანადგურებს ივანე ჯავახიშვილის ტრადიციებს, თუ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, როცა სერიოზული ეჭვები არსებობს ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.
ცოტა უჩვეულოა, როცა ისინი აკრიტიკებენ ჩვენს ევროპელ ლიდერებს, მათ შორის კაია კალასს, რომელიც აღიარებს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას. საბოლოო ჯამში, „ოცნება“ რუსეთსა და დასავლეთს შორის ტოლობის ნიშანს სვამს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის მოტყუება გააგრძელოს. ეს კი საქართველოში რუსეთის გავლენების გაძლიერებას უწყობს ხელს.
- ლიეტუვის პრეზიდენტმა გაფართოების 4 ლიდერი ქვეყანა დაასახელა (უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ალბანეთი), სადაც საქართველო აღარ ფიგურირებს. რეალურად რამდენად შორს აღმოჩნდა საქართველო ამ „ტრიოს“ (უკრაინა-მოლდოვა-საქართველო) ფორმატიდან და რა რესურსი არსებობს ამ ჩამორჩენის ამოსაქაჩად?
- საქართველო არა მხოლოდ ასოცირებული იყო „ტრიოსთან“, არამედ ჩვენ ვიყავით ამ ტრიოს წამყვანი, ლიდერი სახელმწიფო. ჩვენ ვაჩვენებდით ძალიან მაღალ შედეგებს არა მხოლოდ ამ ნახსენებ ასოცირების ტრიოსთან შედარებით, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებითაც. მას შემდეგ კი, რაც „ოცნებამ“ „რუსული კანონები“ მიიღო, გააღრმავა ანტიდასავლური რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონები დაამტკიცა, ფაქტობრივად, იერიში მიიტანეს ყველა ოპოზიციურ პარტიაზე. ევროკავშირთან ურთიერთობა გაუარესდა და საქართველო ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნად იქცა.
„ოცნებამ“ ჯერ შეძლო და აზრის გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა დრაკონული კანონებით, ახლა კი ცდილობენ, კიდევ უფრო მეტად მიიტანონ იერიში ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც სულს ღაფავენ. ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა „ოცნებას“ ეკისრება. თუ გავიხსენებთ, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, გვახსოვს „გამჭვირვალობის კანონი“. აქაც კარგად ჩანს, რომ მათი მიზანი დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება იყო. არა აქვს მნიშვნელობა, აკეთებენ თუ არა ამას უშუალოდ რუსეთის დაკვეთით - ფაქტია, რომ ყველაზე მეტად ეს რუსეთს აწყობს და თუ ვინმეა ამ ყველაფრით კმაყოფილი, ეს კრემლია. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ შექმნან აღქმა, თითქოს მხარს უკრაინას უჭერენ, ეს არის პროპაგანდა, რომლის მთავარი მიზანია ადამიანების ყურადღების გადატანა რეალური პრობლემებიდან.
- ევნიკა სილინამ საბჭოთა პერიოდი გაიხსენა და ხალხის ძალაზე გააკეთა აქცენტი. თქვენი აზრით, არის თუ არა ევროკავშირის მხრიდან ეს მოწოდება პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ ბრიუსელი საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელების ერთადერთ გზას მხოლოდ სამოქალაქო პროტესტში და ხალხის ნებაში ხედავს? ამას კი, ვიცით, რომ „ოცნება“ გამოიყენებს იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ დაადანაშაულოს ბრიუსელი და ევროკავშირი საქართველოს შიდა არეულობასა და დაპირისპირების ხელშეწყობაში...
- აქაც ძალიან კარგად ჩანს, რომ „ოცნებას“ საკუთარი დანაშაულის გადაბრალება სხვა პოლიტიკური მოთამაშეებისთვის უნდა. „ოცნება“ უკვე პარანოიაში გადასული პოლიტიკური ძალაა. ხელისუფლება ცდილობს ქვეყანა სრულიად გაუგონარი კონსპირაციებით მართოს. შესაბამისად, ისინი ვერ ხვდებიან, რომ შესაძლოა, არსებობდეს ღირსეულ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც საკუთარ ღირსებას თითქმის ყველაფერზე მაღლა აყენებენ და ცდილობენ, საკუთარი სამშობლო გაზრდილი რუსული გავლენებისგან დაიცვან. ამიტომაც ვხედავთ, რომ „ოცნება“ აქტიურად ცდილობს, ყველანაირად ჩააქროს საზოგადოებაში არსებული საპროტესტო მუხტი.
- ოპოზიცია პრემიერ კობახიძის აშხაბადში ვიზიტს კურსის ცვლილებად აფასებს. თქვენი ხედვით, რამდენად იძლევა მსგავსი ნეიტრალური მოედნები იმის შესაძლებლობას, რომ საქართველომ შუამავლების გარეშე, პირდაპირ დაიწყოს მუშაობა დეოკუპაციის საკითხებზე და არის თუ არა ეს „ჯანსაღი პრაგმატიზმის“ ნაწილი?
- ზოგადად, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს მხრიდან აქტიურობა მნიშვნელოვანია და არავინ დაობს იმაზე, რომ ეს არის ჯანსაღი და საჭირო. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო ფუნქცია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებლობაა, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენი აქტიურობა მნიშვნელოვანია.
აქ პრობლემა კონტექსტშია. კონტექსტი ისაა, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუკავშირდა ევროკავშირის მიერ ინიციირებულ შეკრებას, რომლის მთავარი მიზანი ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობის გაღრმავებაა. ის, რომ საქართველო არ მონაწილეობს აშშ-ის მიერ ინიციირებულ „ზანგეზურის დერეფნის“ ამოქმედებასა და ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებულ აქტივობებში, მაგრამ ამავდროულად მონაწილეობენ ფორუმში, სადაც იმყოფება პუტინი — ეს არის სიგნალი ევროიზოლაციას და რუსული გავლენების გაზრდაზე. ამავდროულად, არანაირი საჭიროება არ იყო, რომ ამ სამიტში კობახიძეს მიეღო მონაწილეობა. არცერთი ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან, არც ფაშინიანი და არც ალიევი იქ არ ყოფილან. ასე რომ, აქაც აშკარად ჩანს ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტები. ცდილობენ სიგნალი გააგზავნონ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ თუ დასავლეთი არ იტყვის უარს იმ მიდგომაზე, რომელიც „ოცნების“ მიმართ აქვს, მაშინ ისინი გადავლენ რუსეთის მხარეს და უფრო მეტად აუბამენ მხარს რუსეთის ფედერაციას.
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ კალუგინმა, 16 დეკემბერს რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაგრამ „მთავარია“, თბილისი არ გახდეს „ვაჭრობის საგანი ანტირუსულ თამაშებში“ და „ხურდა ფულად“ არ იქცეს. პაპუაშვილმა კი უპასუხა, რომ საქართველოს დეოკუპაციის შემთხვევაშია მხოლოდ რაიმე დიალოგზე საუბარი შესაძლებელი. რას გულისხმობს კალუგინი ამ „მზადყოფნაში“? როგორ გაიგეთ მისი გზავნილი?
- ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რეალურად ერთადერთი აგრესორი ქვეყანა რუსეთია. რუსეთმა დაიწყო ჩვენ წინააღმდეგ 1990-იანებში ომი, თავს დაგვესხა 2008-ში და ასევე თავს დაესხა უკრაინას. აგრესორი ამ შემთხვევაში სრულიად ცალსახაა. ამიტომ „ხურდა ფული“ და ა.შ. უკვე მანიპულაციებია და რუსული პროპაგანდაა ჩართული.
აქ საინტერესო საქართველოს ხელისუფლების პასუხია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ შექმნა რუსეთისთვის სრულიად სასათბურე პირობები, მათი მხრიდან ამ ნაბიჯების „დაფასება“ ჩვენი ხელისუფლებისთვის არ ხდება. ცოტა პარადოქსული სიტუაცია გვაქვს: „ოცნება“ ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების დათბობას, ცდილობენ პუტინის ყურადღება მიიპყრონ, თუმცა რუსეთი ამაზე არაფერს პასუხობს. მხოლოდ იმეორებენ იმავეს, რომ „ოცნებამ“ უნდა აღიაროს ოკუპირებული ტერიტორიები. ამ ხელისუფლებას არ აქვს ქვეყანაში ის პოლიტიკური კაპიტალი, რომ ეს გაბედონ. ამიტომ, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხითაც ისეთივე ჩიხში არიან, როგორც ამერიკასთან ურთიერთობის მიმართულებით. უკვე ერთი წელი ხდება, რაც ხელისუფლება იანვარში, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ამ ურთიერთობების „გადატვირთვას“ ელოდა, თუმცა აქაც წარუმატებელი სიტუაცია აქვთ.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
გიორგი მელაშვილი




