Logo

გიორგი შაიშმელაშვილი - ჯერ არ გაუციათ პასუხი რა საშუალებები გამოიყენეს ადამიანების წინააღმდეგ და უნდათ თუ არა, მოუწევთ

ინტერვიუ
20
Frontnews image description

უსაფრთხოების ექსპერტი გიორგი შაიშმელაშვილი Front News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში,  ქიმიური იარაღის, "კამიტის“ სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს. ის განიხილავს ხელისუფლების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, "ქართული ოცნების“ მცდელობას, პასუხისმგებლობა წინამორბედ ხელისუფლებაზე გადაიტანოს, BBC-ის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნას, როგორც სიტყვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობას და განმარტავს სკანდალის საერთაშორისო სამართლებრივ პერსპექტივებს, ხაზს უსვამს რა რეალისტური მოლოდინების მნიშვნელობას.

- ბატონო გიორგი, ქიმიური იარაღის, ანუ „კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალის შემდეგ ხელისუფლებამ რამდენიმე განცხადება გააკეთა. ჯერ ყოფილმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ 2012 წლამდე ნაციონალებს ჰქონდათ ეს ნივთიერება შესყიდული. შემდეგ მოქმედმა მინისტრმა გეკა გელაძემ უარყო ეს ინფორმაცია და ბოლოს პრემიერმა კობახიძემ საერთოდ თქვა, რომ არც "ნაციონალების" დროს არ ყოფილა შესყიდულიო, თუმცა ვანო მერაბიშვილმა იყიდა თუ არა, უნდა გავარკვიოთო. მოკლედ, ძალიან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა. როგორ აფასებთ ხელისუფლების ამ კომენტარებს?

- გომელაურის განცხადება მართლა ძალიან უცნაური იყო, რადგან ამ იარაღის ქართული პოლიციის შეიარაღებაში არსებობა ირიბად დაადასტურა. ამ განცხადების უკან პოლიტიკურ მოტივს ვხედავ, რადგან ხელისუფლება მუდმივად შეჩვეულია, რომ ისრები წინა ხელისუფლებაზე გადააქვს ხოლმე და ეს იყო აი, იმ დაპირისპირების ჭრილში ნათქვამი, რასაც წლებია, თვალს ვადევნებთ. ეგონათ, რომ ეს იყო იმ კალიბრის განცხადება, საიდანაც ამ გადაბრალებით იოლად გამოძვრებოდნენ. მას დაავიწყდა მთავარი, რომ თუკი ეს ნივთიერება წლების განმავლობაში შსს-ს საწყობებში ინახებოდა, ის, როგორც შს მინისტრი, ვალდებული იყო, რომ გაენადგურებინა. მეორე, მას დაავიწყდა, რომ 20 ივნისის საქმეზე, ე.წ. დათვის ტყვიების გამო, ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას ბრალი აქვს წაყენებული. ის ვაზნები „ოცნების“ განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს იყო შეძენილი, თუმცა, ამის მიუხედავად, გახარიას წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს და პატიმრობაც კი შეეფარდა. ამიტომ, გომელაურმა ეს მომენტი ვერ გაითვალისწინა. „იმედმაც“ იჩქარა, რადგან დაურეკეს გომელაურს და იფიქრეს, ექსკლუზივი გამოვაცხადეთო. გომელაურმა კი უარყოფის ტვირთი ისევ ხელისუფლებაზე გადაიტანა. ახლა კი ისევ უარყოფის რეჟიმში დაბრუნდნენ.

- პრემიერი ამბობს, რომ UN3439 კოდიდან 10-მდე სხვა ნივთიერებაა, რომლიდანაც ტელეკომპანია BBC-მ სპეციალურად აირჩია ბრომბენზილციანიდი. ხომ არ არსებობს ამ კოდის ქვეშ სხვა, ნაკლებად საშიში და წყალში უკეთ ხსნადი ქიმიკატი, რომლის გამოყენებაც უფრო ლოგიკური იქნებოდა? რატომ მიეჯაჭვა BBC ამ ძველ და პრობლემურ ვარიანტს?

- დიახ, ხელისუფლება არ უარყოფს იმ ინფორმაციას, რომ შსს-ს საწყობებში რაღაცა სახის ქიმიკატები არსებობდა და ინახებოდა. მოქმედი შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადება არსებობს, რომელიც ამბობდა, რომ შესაძლოა, ამ საპოლიციო მოქმედებების დროს, წყალში რაღაცა ქიმიკატის გარევა მომხდარიყო. ჩვენი კითხვა არის ის კი არა მაინცდამაინც, რომ ბრომბენზილციანიდი იყო გამოყენებული, ე.წ. „კამიტი“. რა საშუალებები გამოიყენეს ამ ადამიანების წინააღმდეგ? ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არ გაუციათ და უნდათ თუ არა, პასუხის გაცემა მოუწევთ.

- ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვიტა, BBC-ის წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“. ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“. დაიბარეს ექიმები, რომლებიც ამ ფილმში ფიგურირებენ. რას ნიშნავს ამ მუხლებით გამოძიების დაწყება?

- გამოძიების ეს ნაწილი, რომელიც თითქოსდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას გულისხმობს, ეს სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი აზრის ჩახშობის მცდელობა, რომელიც „ოცნებას“ უკვე დიდი ხანია, დაწყებული აქვს. ამ ადამიანებმა ჩვეულებრივი აკადემიური კვლევა ჩაატარეს. ძმებმა ჩახუნაშვილებმა და დანარჩენებმაც, ვინც ამ კვლევაზე მუშაობდა, გამოკითხეს პაციენტები შესაბამისი სიმპტომებით და ამაზე ისაუბრეს. აკადემიური ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ, მისმა კოლეგებმა დაადასტურეს, რომ ეს არის შესაბამისი ხარისხის ნაშრომი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაქვეყნა. ამიტომ, ამ ადამიანების სუსში დაბარება და გამოძიების დაწყება, სხვა არაფერია, თუ არა შეშინების მცდელობა. ასევე იმ პოტენციური მამხილებლების დაშინება, რომლებმაც მომავალში რაიმე ასეთი კვლევა გააკეთონ.

-25 არასამთავრობო ორგანიზაცია BBC-ის მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში საერთაშორისო უწყებებს მიმართავს, რათა საქართველოში მოავლინონ შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფები. საზოგადოდ, ქიმიური ნივთიერების ხალხის დიდი მასების წინააღმდეგ გამოყენება ცალსახად არღვევს ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს და შეიძლება შეფასდეს, როგორც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიმუში. რა სახის სკანდალია და პასუხისმგებლობაზე შეიძლება საუბარი იყოს?

- რა თქმა უნდა, ამ ფაქტს საერთაშორისო განზომილება ნამდვილად აქვს, თუმცა ზედმეტ ჰიპერბოლიზებაში არ უნდა გადავვარდეთ. გაეროს, იმ ორგანიზაციის შტაბ-ბინა, რომელიც ქიმიური საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ მონიტორინგის ორგანიზაციაა, ჰააგაში მდებარეობს. ქალაქი ჰააგა მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოზე არ არის საუბარი. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ არასწორი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ. საუბარი იმაზე, რომ ჰააგაში ვინმეს გასამართლება მოხდება, ძალიან გადაჭარბებულია და არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რომ ამ თემის აგდება და დაცინვა მოახდინოს.

ანუ, ამ გაზრდილი მოლოდინებით და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, ისევ „ოცნება“ შეძლებს სათავისოდ გამოყენებას. დიახ, ეს სავარაუდო, დანაშაულის შემცველი ინფორმაცია, რომელიც BBC-ის ფილმში მოვისმინეთ, უკვე ბევრის მთქმელია. ასევე ჩვენ ვნახეთ და არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულებები, მოწმეები, როგორ სცემდნენ სამარშრუტო ტაქსებში დაკავებულ მოქალაქეებს, როგორ ესხმოდნენ თავს თქვენს კოლეგა ჟურნალისტებს და ა.შ. ეს ყველაფერი ჯამში, ამ ქიმიურ აგენტთან დაკავშირებით, უკვე საკმაოდ მძიმე დანაშაულია და აღარ გვინდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე საუბარი, ეს მერე არასერიოზულს ხდის ამ მსჯელობას. ჩვენ გვიყვარს მაქსიმალისტური განცხადებები, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს. შესაბამისად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჰააგის სასამართლოში რომელიმე ქართველ პოლიტიკოსს გაასამართლებენ.

- ძალიან ბევრს გაუჩნდა ასეთი კითხვა, რომ თუ ნივთიერება „კამიტი“ უკვე 1930 წლიდან მსოფლიოში იკრძალება და მისი გამოყენება დაუშვებელია, როგორ შეძლებდა საქართველოს გინდა წინა და გინდა ახლანდელი ხელისუფლება მის შეძენას? ეს ნივთიერება სხვა რაში გამოიყენება კიდევ, რომ მისი შეძენა შესაძლებელია?

- თუ საუბარია კამიტზე, ის კონვენციით აკრძალულია და მისი გამოყენება საომარი მდგომარეობის დროს არ შეიძლება. თუმცა, კონვენცია არ ამბობს, რომ მისი გამოყენება საპოლიციო ძალების მართვის დროსაც აკრძალულია. ამიტომ, ამ ქიმიური აგენტის ყიდვა რამდენიმე ავტორიტარულ ქვეყანაში შეიძლებოდა. 

ელზა პაპოშვილი

 

Advertisement