გიორგი შარაშიძე - ჩვენ დებატებისთვის მზაობას გამოვხატავთ, გიორგი გახარიასთვის ოპონენტი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იქნება

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ მხრიდან რაც არ უნდა თავსმოხვეული ფორმატი იყოს, დებატებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
"ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ ჩვენი გუნდიდან „ქართულ ოცნებას“ დებატებზე არაერთი შეთავაზება ჰქონია. „ქართული ოცნება“ აქამდე ნებისმიერი ტიპის დებატებზე უარს აცხადებდა. ჯერ არ ვიცით, რა ფორმატს გადაწყვეტენ. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს მათთვის არ იქნება არაკომფორტული ფორმატი. ყველაფერს გააკეთებენ, რომ დებატები იყოს მათთვის კომფორტული – მათი ტელევიზია, მათი ჯიბის ექსპერტები, მათი სატელიტური ოპოზიცია. მოიწვევენ ფილოსოფოსებს, ვითომ ოპოზიციას პარლამენტიდან, „ხალხის ძალას“ და „ევროპელ სოციალისტებს“, აღარ ვსაუბრობ არასაპარლამენტო სხვა პარტიებზე „ნეიტრალურ საქართველოზე“ და ა.შ. „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა სპიკერები, ვინც რეალურად პასუხისმგებელი არიან, მაგალითად, კობახიძე, კალაძე და ა.შ. არ გამოუშვას და გამოუშვას მეორადი კატეგორიის სპიკერები.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად კი არ სურს დებატები და დემოკრატიული პროცესები, არამედ უნდა შეფუთოს, რეალურად დებატების სიმულაცია მოახდინოს, მაინც სწორად მიგვაჩნია „ქართული ოცნების“ ელექტორატისთვის ბრძოლა. „ქართული ოცნების“ მხრიდან რაც არ უნდა თავსმოხვეული ფორმატი იყოს, დებატებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ, რათა „ოცნებას“ საკუთარ მოედანზე, პირში ვუთხრათ, რა არის სიმართლე და ხალხს გავაგებინოთ, რომ მთელი მათი პროპაგანდა აგებულია ტყუილებზე, ცილისწამებაზე, დეზინფორამაციას და ზღაპრებზე. მოლოდინი არ მაქვს, რომ ისინი დებატებში დაგვიჯდებიან, რადგან „ოცნებას“ დღეს ვინმესი თუ ეშინია, პირველ რიგში, ეს არის გახარია და მისი გუნდი, თუმცა ვნახოთ, დაველოდოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ დებატებისთვის მზაობას გამოვხატავთ“, – განაცხადა შარაშიძემ.
რაც შეეხება პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, შარაშიძის თქმით, გახარიასთვის ოპონენტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იქნება.
„დისტანციურადაც შეიძლება დებატების მოწყობა. გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დებატებზე საუბარი ჯერ ცოტა ადრეა. გიორგი გახარიასთვის ოპონენტი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იქნება. რა თქმა უნდა, გახარია ირაკლი კობახიძესთან დებატებზე რომ არ დაჯდება, მგონი, ამას თავადაც კარგად ხვდებით“, – განაცხადა შარაშიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად რომ გააკეთოს, უნდა მიეცეს საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.
თაგები:
გიორგი შარაშიძე




