Logo

გიორგი შარაშიძე - გიორგი გახარიას ქართული მიწების დაცვის გამო უყენებენ ამ ბრალს

პოლიტიკა
119
Frontnews image description

გიორგი გახარიას ქართული მიწების დაცვის გამო უყენებენ ამ ბრალს, - ამის შესახებ  Front News-თან "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. 

"მოულოდნელი არ იყო, არც სიახლეა, ამას ველოდით ჩვენ და ვამბობდით, რომ დიდი ალბათობით, ასეც მოხდებოდა. აქ მთავარი არის ის, რომ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებაა ქვეყანაში, განსაკუთრებით გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რომელიც არის ივანიშვილისთვის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, რომელსაც რეალურად შეუძლია "ოცნების" დამარცხება, თან მშვიდობიანად, პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით.

იყო მუქარა ივანიშვილის, როდესაც ამბობს, რომ ის ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, ანუ, გახარიას დაკავებას გულისხმობდა. ამ ადამიანის ხელშია ყველაფერი, მათ შორის სასჯელაღსრულებაც, სასამართლოც.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გიორგი გახარიას ქართული მიწების დაცვის გამო უყენებენ ამ ბრალს. ეს არის რეჟიმი, რომელიც საკუთარი ოპონენტის შურისძიების გამო, მზადაა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები დააყენოს რისკის ქვეშ და ეს საქმე - ჩორჩანას ვგულისხმობ, პირდაპირ აძლევს ოკუპანტს საბაბს, რომ პრეტენზიები გამოთქვან ამ მიწაზე. 

ის ხომ უკვე აბსურდია, რომ ვინმემ ამ საქმეზე რამე არ იცოდა, პირიქით, ყველამ ყველაფერი იცოდა. ჩვენ ჯერ კომუნიკაციის საშუალება არ გვქონია გიორგი გახარიასთან, რაც შეეხება პროცედურას, გაჩერებას არ ვაპირებთ", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის განცხადებით, საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს, კერძოდ პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. გახარიას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Advertisement