Logo

გიორგი შარაშიძე - პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე

პოლიტიკა
227
Frontnews image description

პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოიკოტმა არ გაამართლა.

"ერთი წლის წინ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთხმად მიიღო პარლამენტის ბოიკოტის გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ "ოცნების" ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერა,  ვერ მოახდინა დე ფაქტო ხელისუფლებისთვის ისეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია, როგორიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემლახველი რეფორმების მიღება, ანტიდემოკრატიული რეჟიმის დამძიმება, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა. 

ერთი წლის წინ ვერ შევძელით პოლიტიკური სპექტრის დარწმუნება, რომ პარლამენტის მანდატების გაუქმება იყო შეცდომა. ამას მოჰყვა მოვლენათა ჯაჭვი, რამაც დღევანდელ მძიმე მდგომარეობამდე მიგვიყვანა. დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ არც საკუთარი შეცდომების ტყვეობაში და არც  ილუზიებში დარჩენას და თავის მოტყუებას.

ჩვენი მთავარი მიზანი განსხვავებული აზრის გადარჩენისთვის ბრძოლაა. ამიტომ, ვიწყებთ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებას, რადგან საქართველოს წარმომადგენლობითი ორგანოები არ ეკუთვნის "ქართულ ოცნებას". 

პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია  ქვეყნისა და ხალხის წინაშე", - განაცხადა შარაშიძემ.

Advertisement