Logo

გიორგი შარაშიძე - უამრავი ადამიანი აპირებს არჩევნებზე მისვლას, თითზე ჩამოსათვლელი თუ მახსენდება, ვინც ამბობს, რომ არ მიდის

პოლიტიკა
258
Frontnews image description

ხალხზე პასუხისმგებლობის გადატანა ამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს, თავად შემოიტანეს ამ მშვიდობიან საპროტესტო აქციაში გარკვეული გაუგებრობა, - ამის შესახებ  Front News-თან "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების -  არჩევნებზე ხმის მიცემის არგამოყენებისკენ მოწოდება არასწორია.

"ხალხზე პასუხისმგებლობის გადატანა ამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს, თავად შემოიტანეს ამ მშვიდობიან საპროტესტო აქციაში გარკვეული გაუგებრობა, გაურკვეველი დაპირებებით გამოდიან, შემოიტანეს თარიღი, რომელიც დაამთხვიეს არჩევნების დღეს, შემდეგ გვესმოდა რაღაც საათების დასახელება და დამხობის მშვიდობიანი მოთხოვნები, ამიტომ, მე მათ, პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ, ხალხისკენ ნუ გაიშვერენ ხელს და ხალხს ნუ დააბრალებენ ნურაფერს იმიტომ, რომ ამ ხალხის უდიდესი ნაწილი არის გულათნებული პატრიოტი, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში ცვლილებები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაკვეთა არის მშვიდობიანი ცვლილებების და არა ძალადობის. რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ამ პოლიტიკოსებმა, რომ ისინი მშვიდობიანად აპირებენ ხელისუფლების ცვლილებას, სამწუხაროდ, რეალობა არის სხვა. როდესაც ავტოკრატიულ რეჟიმს ებრძვი, ავტოკრატიული რეჟიმი მშვიდობიანად, ცხადია, არ დათმობს ხელისუფლებას და ამიტომ, მათ მეტი პასუსიხმგებლობა მართებთ. როდესაც ამ მოლოდინს აჩვენებ, რომ ერთ დღეშია შესაძლებელი ისეთი ბრუტალური, ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხება, თუ ამას რეალური შედეგი არ მოჰყვა, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს  "ოცნებას", ხალხი კი იმედს დაკარგავს, რომ მშვიდობიანი ქუჩის პროტესტით შეიძლება ცვლილებები.

რისკი არსებობს ძალიან ბევრი, არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების რისკი, პირველ რიგში, შემდეგ ის, რომ ხალხსა და ოპოზიციას შორის არსებობს დაპირისპირების რისკი და ეს რისკები რომ არსებობს, ამას ჩვენი პოლიტიკური ძალა თავიდანვე გაემიჯნა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ მიიღო ასეთი ტიპის სახე და წამოვიდა ე.წ. მშვიდობიანი დამხობის მოთხოვნები, ჩვენ ამას გავემიჯნეთ, თორემ როცა მოთხოვნა იყო ხელახალი საპარლამენტო არჩევნების, ჩვენც ვითხოვდით ამას.

რაც შეეხება არჩევნებს, უამრავი ადამიანი აპირებს არჩევნებზე მისვლას და თითზე ჩამოსათვლელი თუ მახსენდება ადამიანი, ვინც ამბობს, რომ არ მიდის არჩევნებზე. ჩვენს მოქალაქეებს უფლება აქვთ კონსტიტუციით განსაზღვრული, რომ მათ შეუძლიათ, საკუთარი ხმა გამოიყენონ მშვიდობიანი ცვლილებებით და როდესაც ეუბნები, რომ ეს უფლება არ გამოიყენონ, რა თქმა უნდა, არ უწყობს ხელს რეალურ ცვლილებას. ეს პოლიტიკოსები, რომლებიც ამ მოწოდებით გამოდიან, რეალურად, "ოცნების" საქმეს აკეთებენ. თუ დღეს "ოცნებას" რამის ეშინია, ეს არის საარჩევნო უფლებით აღჭურვილი ამომრჩეველი. მესმის, რომ " ოცნება" აყალბებს არჩევნებს, მაგრამ თუ იქნება მოსახლეობის დიდი ნაწილის ერთსულოვნება, ამ შემთხვევაში "ოცნება" გაყალბებითაც ვეღარ გააყალბებს", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

Advertisement