Logo

გიორგი შარაშიძე - ვაღიარებთ თუნდაც უსამართლო ბრძოლაში დამარცხებას, განახლებული გეგმით გავაგრძელებთ მოქმედებას

პოლიტიკა
227
Frontnews image description

პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვაანალიზებთ ყველა გარემოებას და მიზეზს, არ გავურბივართ დამდგარ რეალობას  და ვაღიარებთ თუნდაც უსამართლო ბრძოლაში დამარცხებას, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

"დღეს ორი მხარე ზეიმობს, რომ ბოიკოტი შედგა. "ოცნება“ ზეიმობს, რადგან თბილისში მხოლოდ 215 000 ხმით, 20 პროცენტიანი მხარდაჭერით „80 პროცენტიანი“ მერი აირჩია და „ნაცები“ რას ზეიმობენ, გაუგებარია. საბოლოო ჯამში დაზიანდა ქვეყანა. ბოიკოტმა გაიმარჯვა! საქართველო დამარცხდა! ეს გვერდი ვერ გადაიფურცლება, ვიდრე შეცდომას - შეცდომა, დანაშაულს დანაშაული არ დაერქმევა.

ფაქტია, რომ საზოგადოებაში მოთხოვნაა ცვლილებებზე, მაგრამ მშვიდობიან ცვლილებებზე, რაც დადასტურდა 4 ოქტომბერს.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ადამიანს, რომელიც ამ რთულ ვითარებაში თავდასხმის და შანტაჟის მიუხედავად მივიდა არჩევნებზე და საკუთარი ნდობა გამოგვიცხადა.

ყველა, ვინც საარჩევნო ყუთთან მივიდა - განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის განვითარების და სტაბილურობის ერთადერთი შანსი და პოლიტიკური ცვლილებების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკურ პროცესში და არა ქუჩაში.

ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება აღარასდროს უნდა მოხდეს ძალადობრივი გზით.

ფაქტია, რომ 4 ოქტომბერი შესაძლებელი გახდა შეცდომების ჯაჭვის შემდეგი ქმედებების ან უმოქმედობის შედეგად:

გაყალბებული არჩევნების შედეგად შემდგარი პარლამენტის ბოიკოტირებით პოლიტიკური პროცესი მოკვდა, რის ალტერნატივად დარჩა მხოლოდ ქუჩა. საზოგადოება ვერ დავარწმუნეთ, რომ ბოიკოტი არ იყო პოლიტიკურად გამართლებული და სწორი გზა პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად. ვერ გავიმარჯვეთ საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც რევოლუციური და დამხობის სცენარებს ემხრობოდა. და “ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვავიწყდა მთავარი - თუ არ დაამარცხე ნაცები, ვერ დაამარცხებ ოცნებას. 

ამ ყველაფერმა მიგვიყვანა შედეგამდე, რომ თბილისში სადაც მილიონი ამომრჩეველია 215 ათასი ხმით თბილისის მერი გახდა ადამიანი, რომელმაც წინა არჩევნებზე თბილისი მნიშვნელოვანი სხვაობით წააგო. სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ ერთად ჩავაბარეთ თბილისი კორუმპირებულ კალაძეს და მოძალადე ოცნებას.

მოხდა როგორც მშვიდობიანი პროტესტის, ისე არჩევნების, როგორც მშვიდობიანი ცვლილების დისკრედიტაცია და “ოცნებას” გაუჩნდა ავტორიტარული რეჟიმის კიდევ მეტად დამძიმების შესაძლებლობა.

უსამართლო, უთანასწორო არჩევნებში შესვლისას ჩვენ გააზრებული გვქონდა, რომ ნებისმიერი შედეგი შეიძლება დამდგარიყო. ჩვენთვის მთავარია, ყველაფრის მიუხედავად, პატივი ვცეთ კონსტიტუციას და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს. ამაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ და ახლაც პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვაანალიზებთ ყველა გარემოებას და მიზეზს, არ გავურბივართ დამდგარ რეალობას  და ვაღიარებთ თუნდაც უსამართლო ბრძოლაში დამარცხებას.

სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებრივი აზრისთვის ბრძოლა წავაგეთ. თუმცა, შეიძლება ერთი  ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომს აუცილებლად მოვიგებთ. „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი ოცნება აქვთ - როგორმე გააქრონ პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური ველიდან, რადგან ამ ორი რადიკალური ძალის ტყვეობიდან საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება თუ ვინმეს შეუძლია ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდია.

ბრძოლის ამ აუცილებლად გასავლელი ეტაპის შემდეგ, ჩვენ განახლებული გეგმით გავაგრძელებთ მოქმედებას", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. 

Advertisement