Logo

გიორგი შონია მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა, ბესიკ ჯიქურაული წყალმომარაგების კომპანიას უხელმძღვანელებს

პოლიტიკა
142
Frontnews image description

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად გიორგი შონია დაინიშნა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ბექა ურუშაძე შეცვალა.

გიორგი შონია 2025 წლის აგვისტოდან ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მის ნაცვლად კომპანიის დირექტორად ბესიკ ჯიქურაული დაინიშნა.

გიორგი შონიას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დანიშვნამდე, იგი ამავე კომპანიაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და დირექტორის მოადგილე იყო. 2025 წლის ივნისის ბოლომდე ეკავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია, ასევე იყო მინისტრის მრჩეველი. 2018-2025 წლებში იგი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სამდივნოს უფროსის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2014-2018 წლებში საკრებულოში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

გიორგი შონიამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

ბესიკ ჯიქურაულს სახელმწიფო და კერძო სექტორებში, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

წყალმომარაგების კომპანიაში დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე, იგი ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.

სხვადასხვა წლებში ბესიკ ჯიქურაული მუშაობდა, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციებზე კერძო კომპანიებსა და ორგანიზაციებში, საბანკო სექტორში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და საქართველოს პარლამენტში.

ბესიკ ჯიქურაულს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ასევე არის მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროკავშირის სამართლის მაგისტრი და ჰარვარდის ბიზნესსკოლის კურსდამთავრებული ორგანიზაციული მართვის მიმართულებით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები