გიორგი სვანიძე - ალილო გვახსენებს, რომ ერთიანობაშია ჩვენი ძალა, სიკეთეში სიხარული, ხოლო ერთმანეთის გვერდით დგომაში შობის ნამდვილი არსი

ავტორი
Front News საქართველო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე საკრებულოს წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად ტრადიციულ საშობაო ალილოს მსვლელობას შეუერთდა.
"ქართულ ტრადიციებს განსაკუთრებული სითბო, რწმენა და ერთმანეთის სიყვარულის ძალა ახლავს. შობის ეს ნათელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სიკეთე მაშინ არის ყველაზე ფასეული, როცა მას სხვებს ვუზიარებთ. სწორედ ამ განწყობით, დღეს კოლეგებთან ერთად ტრადიციულ საშობაო ალილოს მსვლელობას შევუერთდი.
ალილო გვახსენებს, რომ ერთიანობაშია ჩვენი ძალა, სიკეთეში სიხარული, ხოლო ერთმანეთის გვერდით დგომაში შობის ნამდვილი არსი", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
საშობაო მსვლელობა დაიწყო ბოლნისის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ნიშასთან, სადაც ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ქრისტესშობის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. ქალაქის ცენტრალური ქუჩის გავლით მეალილოებმა მსვლელობა სათნოების სახლთან დაასრულეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები სათნოების სახლის ბენეფიციარებს შეხვდნენ, მათ შობა მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს.
ქრისტესშობის საზეიმო ალილოს მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან აღინიშნება, ხოლო ალილოს ტრადიცია ბოლნისში ბოლნელი მთავარეპისკოპოსის ეფრემის ლოცვა-კურთხევით უკვე მე-19 წელია იმართება.
საშობაო ალილოს მსვლელობაში ასევე მონაწილეობდნენ: პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი; ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - ალექსანდრე ზაბახიძე და თურალ ვალიევი; საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილი; საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები - ნონა ყაველაშვილი, გიორგი მჭედლიძე და იოსებ მუხაგულიშვილი; ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძე.
თაგები:
გიორგი სვანიძე




