Logo

გიორგი ვაშაძე – ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, არ გეგონოთ, რომ ასე უბრალოდ რაღაც ბრალდება წამომიყენეთ და გავატარო

პოლიტიკა
05.05.2023 / 15:53
Frontnews image description

ევროკავშირში ყველა ჩემს კონტაქტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ეს თაღლითი მავნებლები, კრიმინალები მიეცენ პასუხისგებაში, მათ შორის ევროპელი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

“მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაციაა რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გაგვსვარონ მე და ჩემი ძმა, რომ თითქოს ქოლცენტრებთან რაიმე კავშირი გვაქვს. ეს არის 100-პროცენტიანი ტყუილი და ქოლცენტრების უკან დღეს თუ ვინმე დგას, ეს “ქართული ოცნებაა“, უფრო სწორად, რუსული ოცნება, რომელიც თავიდან ბოლომდე ფინანსდება ამ ქოლცენტრების თაღლითური სქემით. ამას მფარველობენ სუს-ის, შსს-ს, პროკურატურის პირველი პირები. წარმოუდგენელია, ასეთი თაღლითური სქემა არსებობდეს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ამბობენ ისინი უარს საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბებაზე, რითაც პირდაპირ აღიარებით ჩვენებას აკეთებენ, რომ თვითონ დგანან ქოლცენტრების უკან. ახლა უნდათ, ისრები გადმოიტანონ აქეთ.

 

ყველა დამნაშავეს, ვინც ხელს ითბობს ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, ვინც შებღალა საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაცია, ყველას მოუწევს პასუხისგება. მე აუცილებლად დავუკავშირდები და შევეცდები, გავიდე გერმანელ სამართალდამცველებთან, რომელთაც მაქსიმალურად მივაწვდით იმ ინფორმაციას, რასაც მოვაგროვებთ. ხაზგასმით ვამბობ, რომ ევროკავშირში ყველა ჩემს კონტაქტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ეს თაღლითი მავნებლები, კრიმინალები მიეცენ პასუხისგებაში, მათ შორის ევროპელი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

 

ხაზგასმით ვამბობ, ქოლცენტრების უკან დგახართ თქვენ, თქვენ ხართ თაღლითები, დამნაშავეები. ლილუაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორს მივმართავ, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, ვერ გამაჩერებთ. თქვენ გინდათ, რომ მე გავჩერდე ან ჩვენ უკან დავიხიოთ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში. ვერ მოგართვით, ეს არ მოხდება არცერთ შემთხვევაში. მე ცამდე მართალი ვარ, ცამდე მართალია ჩემი ძმა და ყველანი, ვინც ვიბრძვით თქვენი მავნებლური, თაღლითური, კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ. სამართლიანობა იზეიმებს ამ ქვეყანაში და თქვენ იქნებით პასუხისგებაში მიცემული. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. არ გეგონოთ, რომ ასე უბრალოდ რაღაც ბრალდება წამომიყენეთ და გავატარო ეს ბრალდება ერთი პრესკონფერენციით. აგერ მე და აგერ თქვენ. მოგიწევთ ამაზე პასუხისგება, აუცილებლად მოგიწევთ ამაზე ციხეში წასვლა და იმ ნაძარცვი ქონების უკან დაბრუნება, რომლითაც ხელს ითბობთ.

 

სამი რამით ფინანსდება დღეს “ქართული ოცნება“ – ქოლცენტრების თაღლითური სქემით, კონტრაბანდით, რომელსაც რუსეთთან აწარმოებენ და კორუფციით, რომელიც უკვე აღვირახსნილ მასშტაბებსაა მიღწეული და აქეთ გინდათ, ჩვენზე წამოიღოთ? არანაირი მტკიცებულება, გამოხვიდე, დააბრალო და მერე ატრიალო ტროლ-ბოტებით სოციალურ ქსელებში, თუ შენი კონტროლირებადი მედიების მეშვეობით. ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, პირდაპირ გეუბნებით. ყველას მოგიწევთ პასუხისგება ამ მძიმე ბრალდებაზე, რომელიც წამომიყენეთ. მე მივაწვდი ინფორმაციას ევროპელ სამართალდამცველებს, ყველა ჩემს კონტაქტს გამოვიყენებ, რათა ყველა თაღლითი, მძარცველი, დამნაშავე იყოს ციხეში და სიმართლემ, სამართლიანობამ იზეიმოს ამ ქვეყანაში, აუცილებლად ამას გავაკეთებ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები