გიორგი ვაშაძე – აუცილებელია, შეიქმნას კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომ ყველამ იცოდეს, რა ტიპის პროდუქციის ტრანზიტია აკრძალული

ავტორი
Front News საქართველო
აუცილებელია, შეიქმნას კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომ ყველამ იცოდეს, რა ტიპის პროდუქციის ტრანზიტია აკრძალული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.
მისი თქმით, რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებთან მისაერთებლად საჭიროა შესაბამისი ნორმატიული აქტების შექმნა.
“მე ხელთ მაქვს უზარმაზარი ნუსხა იმ პროდუქციის, კომპანიების, რომელთა პროდუქციის ტრანზიტი უკვე იკრძალება რუსეთის მიმართულებით, მათ შორის ორმაგი დანიშნულების სამხედრო პროდუქცია, მაგრამ საქართველოში დღეს არ არსებობს არცერთი ნორმა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი, რომლითაც აკრძალული იქნება ამ პროდუქციის ტრანზიტი საქართველოს გავლით რუსეთის მიმართულებით. შესაბამისად, იმისთვის, რომ საქართველოსთან მიმართებით ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას, აუცილებელია, შეიქმნას შესაბამისი კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომ ყველა მებაჟემ, ყველა მესაზღვრემ, ყველა პოლიციელმა, ყველა საჯარო მოხელემ იცოდეს, კონკრეტულად, რა ტიპის პროდუქციის ტრანზიტი არის აკრძალული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




