გიორგი ვაშაძე – ჩვენმა ერთიანობამ გააშიშვლა “ქართული ოცნება“, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, გამარჯვებისთვის აუცილებელია ერთად დგომა


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენმა ერთიანობამ გააშიშვლა “ქართული ოცნება“, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, გამარჯვებისთვის აუცილებელია ოპოზიციასთან ერთად საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, მედიის ერთიანობა და ერთად დგომა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“სამი დღის განმავლობაში ოპოზიციის აბსოლუტურმა ერთიანობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ “ქართული ოცნება” არის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებს.
ისინი არა უბრალოდ კლანს მფარველობენ, არამედ მათ აღიარეს ამა თუ იმ ქმედებასთან დაკავშირებით, ჩვენება მოგვცეს ამ სამი დღის განმავლობაში, რომ თვითონ არიან კლანი, თვითონ არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურად მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებენ სასამართლოში, ძარცვავენ ბიზნესს და ინვესტორებს, სწორედ ამ კლანის მეშვეობით და მათთვის საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, შეინარჩუნონ ეს ძარცვის მექანიზმი ქვეყანაში. ისინი ხელს აფარებენ კლანს. მათ ეშინიათ ელემენტარულის, რა არის საგამოძიებო კომისია – ხალხის სამსჯავროზე უნდა მოვიდნენ ადამიანები, ვის მიმართაც არის კითხვები და გასცენ პასუხები, რაც არის მტკიცებულებები კლანის არსებობასთან დაკავშირებით.
სწორედ აბსოლუტურმა ერთიანობამ საზოგადოებას აჩვენა, რომ “ქართული ოცნება“ პირდაპირ არის კლანი თავიდან ბოლომდე და მოდით პირდაპირ ვთქვათ, რისი ეშინიათ – ეშინიათ იმის, რომ ჩამოიშლება ეს კლანი იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი საჯაროდ არ მოაწერს ხელს კლანის წევრობას.
რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმას, ოპოზიციამ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ეს პროცესი, მაგრამ მინდა საზოგადოებას მივმართო, “ქართული ოცნება“ რეალურად უკან იხევს მაშინ, როცა ხედავს ხალხს, როცა ხედავს საზოგადოების ერთიანობას.
ამიტომ, აქვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, ხომ არ არის მნიშვნელოვანი, რომ პროცედურული ომის პარალელურად, რომელიც გაგვიმართეს პარლამენტში და პარლამენტი ფაქტობრივად, გაუქმებულია, ასევე საზოგადოებამ დაიწყოს მზადება პროტესტისთვის, იმიტომ, რომ სწორედ ჩვენი პროტესტი, ჩვენი ერთიანობა, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის, ახალგაზრდების, საზოგადოების სხვადასხვა წრეების ერთიანობა, არის ერთადერთი გარანტი, რომ მივიღოთ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
სანქცირებული მოსამართლეები აღარ უნდა იყვნენ სასამართლო სისტემაში და უფრო მეტიც, კლანთან დაკავშირებული ყველა ადამიანისგან უნდა გათავისუფლდეს სასამართლო სისტემა, ამას ითხოვს 12 პუნქტი და ამის საბოტაჟს ახორციელებს ახლა “ქართული ოცნება”.
ჩვენმა ერთიანობამ გააშიშვლა “ქართული ოცნება“, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, გამარჯვებისთვის აუცილებელია ოპოზიციასთან ერთად საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, მედიის ერთიანობა და ერთად დგომა.
“ქართული ოცნება“ გაშიშვლებულია. აღიარებითი ჩვენება სამგზის მისცეს, რომ ისინი არიან კლანი, მათი დავალებით მოქმედებდნენ სასამართლო სისტემაში, რომ სწორედ ისინი სჩადიან დანაშაულს და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოსამართლეებს გადაწყვეტილებებს აღებინებენ. მეორე, მთავარი პრობლემა, ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ, გვაქვს დრო და მოდით, გავშალოთ ფრონტი. ვისაუბროთ ღიად ამ საკითხებზე და ვთქვათ – არა კლანს სასამართლოში, არა რუსულ რეჟიმს და დავდგეთ ყველა ერთად, რათა უკან დავახევინოთ “ქართულ ოცნებას“, ისევე როგორც ეს მოხდა რუსულ კანონთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე