გიორგი ვაშაძე – ეს არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რიტორიკა და კიდევ ერთი დიდი ტყუილი, რომლის ავტორიც არის რუსეთი

ავტორი
Front News საქართველო
მთელი ის რიტორიკა, რომელიც გუშინ ჰქონდა კობახიძეს, მდინარაძეს, კალაძეს, არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რიტორიკა და ეს არის კიდევ ერთი დიდი ტყუილი, რომლის ავტორიც არის რუსეთი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“მსოფლიოს მასშტაბით, ამერიკის სამხედრო ბაზები განლაგებულია მსოფლიოს 80 ქვეყანაში. მათი უმრავლესობა არ არის ნატოს წევრი, მაგრამ სწორედ ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობა და ამერიკის სამხედრო ბაზა არის მათი უსაფრთხოების გარანტი. მაგალითად, სამხრეთ კორეა, იაპონია, ქუვეითი და სხვადასხვა ქვეყანა, სწორედ ამ ქვეყნების უსაფრთხოების გარანტია, რომ მეზობელი ქვეყნები არ დაესხნენ თავს, არის ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისად, მთელი ის რიტორიკა, რომელიც გუშინ ჰქონდა კობახიძეს, მდინარაძეს, კალაძეს, არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რიტორიკა და ეს არის კიდევ ერთი დიდი ტყუილი, რომლის ავტორიც არის რუსეთი.
2008 წლის ომის დროს საქართველოში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოიწვია, მათ შორის აშშ-ის სამხედრო ფლოტის გემის შემოსვლამ შავ ზღვაში და ამერიკის სამხედრო თვითმფრინავების განლაგებამ თბილისის აეროპორტში. აი, ამან გამოიწვია ის, რომ საჰაერო სივრცეში დაბომბვები შეწყვიტა რუსეთის სამხედრო ძალებმა, ამის შემდეგ, როგორ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ თურმე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობას, რომლის მტკიცებაც დაგვიწყო მდინარაძემ, კობახიძემ, კალაძემ თავიდან ბოლომდე. უფრო მეტიც, კალაძის განცხადებები ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მე არ ვიცი, ამ ადამიანს განათლების პრობლემა აქვს, მაგრამ ვინმემ მაინც ურჩიეთ, ასე თავისი თავისი ლუსტრაცია, რომ არანაირი ინტერესი არ აქვს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის და საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების, ანტიეროვნულია, ანტიქართულია ყველა ეს განცხადება.
რატომ იბრძვის “ქართული ოცნება”, რომ არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი?! – იმიტომ, რომ ეს რუსეთის ინტერესებშია!
რატომ არ უნდათ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებმა თანამედროვე შეიარაღება მიიღოს და რატომ ანადგურებენ, მიზანმიმართულად, საქართველოს არმიას?! – იმიტომ, რომ ეს რუსეთის ინტერესებშია!
რატომ არ აშენებენ ანაკლიის პორტს?! – იმიტომ, რომ ეს რუსეთის ინტერესებშია!
მივმართავ “ქართულ ოცნებას”, როდემდე უნდა ემსახუროთ რუსულ ინტერესებს?!” – განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




