გიორგი ვაშაძე – ეს გზავნილი ევროპის მხრიდან ქართველი ხალხისთვის არის, გამოვფხიზლდეთ


ავტორი
Front News საქართველო
გამოვფხიზლდეთ მეგობრებო, რა გვინდა ჩვენ – პუტინი გვინდა, თუ დასავლეთი? ეს არის არჩევანი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკომისიის შეფასების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე უკმაყოფილო დღეს “ქართულ ოცნებაა”, რადგან მას უნდოდა ბოლომდე უარი მიგვეღო.
“საქართველო დიდი არჩევანის წინაშეა – ან გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომლისკენაც “ქართულ ოცნებას“ მივყავართ, ან ევროკავშირი და დასავლეთი.
დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბოლო შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და ამაზე ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის, ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, რომ საბოლოო კარები არ დახურულიყო საქართველოსთვის.
ჩვენ ვირჩევთ ან ოლიგარქს, ან დასავლეთს, ჩვენ ვირჩევთ ან რუსეთს, ან ევროპას და ამერიკას. ძალიან მარტივია და ცხადზე ცხადია ეს ყველაფერი.
დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ პირდაპირ თქვა, სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამისთვის საქართველომ, ქართველმა ხალხმა უნდა გადადგას ნაბიჯი. როგორ? 20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი. ამის შემდგომ, ყოველთვის უნდა ვიყოთ ბევრი, იმისთვის, რომ ჩვენ და ჩვენ შვილებს არ წაგვართვან ევროპული პერსპექტივა.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩამოწერილია ყველა საკითხი, 19 აპრილი, სასამართლო, დეოლიგარქიზაცია და ა.შ. რამე ახალი გაიგეთ? ეს რეკომენდაციები კი არ არის, ამიტომ ჯერი ქართველ ხალხზეა. ამერიკა, ევროპა, დასავლეთი გვეუბნება – ა, ბატონო, შენ ბოლო შანსი, კიაფობს კიდევ ეს შესაძლებლობა, ახლა ჯერი ჩვენზეა!
19 აპრილის შეთანხმება ჩვენ არ დაგვიტოვებია, თუ ვინმე უნდა დაბრუნდეს, „ქართული ოცნება“ უნდა დაბრუნდეს და მთავარი, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება ჯერ არ დასრულებულა, პირიქით, მოქმედებაშია.
დამერწმუნეთ, რომ დღეს ყველაზე უკმაყოფილო ამ გადაწყვეტილებით არის „ქართული ოცნება“. ისინი ლამობდნენ, რომ ჩვენ ბოლომდე უარი მიგვეღო, ამას ვერ მიაღწიეს, ეს გზავნილი ევროპის მხრიდან ქართველი ხალხისთვის არის, გამოვფხიზლდეთ მეგობრებო, რა გვინდა ჩვენ – პუტინი გვინდა, თუ დასავლეთი? ეს არის არჩევანი“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, 20 ივნისიდან საქართველოს ეროვნული გადარჩენის ახალი გეგმა უნდა ამოქმედდეს.
ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კი პირობების შესრულება განუსაზღვრა.
თაგები:
გიორგი ვაშაძე