Logo

გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილს – მეგონა, ბოდიშს მოიხდიდით იმ უამრავი ტყუილისთვის, რომელსაც თქვენგან ვისმენთ

პოლიტიკა
858
Frontnews image description

“მეგონა, დღევანდელ დღეს გამოიყენებდით და შესთავაზებდით საზოგადოებას კონკრეტულ გეგმას, ეროვნული თანხმობისკენ სვლას,  რა შეიძლება ერთად გავაკეთოთ. მეგონა,  დღეს თქვენს გამოსვლას დაიწყებდით ბოდიშით.  ბოდიშს მოუხდიდით საზოგადოებას, რომ შეაფერხეთ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა, ბოდიშს მოუხდიდით იმ ასი ათასზე მეტ შეკრებილ ადამიანს გაუწბილეთ იმედები ევროინტეგრაციის კუთხით“, – მიმართა „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ  წლიური მოხსენება გააკეთა.

 

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ახალგაზრდებს ფაქტობრივად  წაართვა ევროპული პერსპექტივა და ნორმალური განვითარების გზა.

 

“მეგონა, ბოდიშს მოიხდიდით იმ უამრავი ტყუილისთვის, რომელსაც  თქვენგან ვისმენთ, ბოდიშს მოუხდიდით პენსიონერებს, რომლებსაც საჭმელსა და წამალს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ, ბოდიშს მოუხდიდით იმ  100 000 ადამიანს, რომელსაც თქვენი პრემიერობის დროს საქართველოს დატოვება მოუწია გასულ წელს, ბოდიშს მოუხდიდით მექსიკა-ამერიკის საზღვარზე მდგარ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც  სარჩო-საბადებლის საძიებლად ქვეყნიდან გარბიან. და რაც მთავარია ბოდიშს მოუხდიდით ჯარისკაცებს, რომელთაც ნორმალური ანაზღაურება არ აქვთ; ექიმებს, რომელთაც უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება;  დევნილებს, რომელთაც 40-ლარიანი დახმარებაც კი ვერ გაუზარდეთ; უკრაინაში დაღუპულ გმირებს, რომელთა ოჯახისთვის სამძიმრის გამოცხადებაც კი თქვენთვის უხერხულია და მეგონა, რომ დღევანდელ დღეს გამოიყენებდით და რაღაცას შესთავაზებდით საზოგადოებას, კონკრეტულ გეგმას, ეროვნული თანხმობისკენ სვლას,  რა შეიძლება ერთად გავაკეთოთ“, – მიმართა გიორგი ვაშაძემ ღარიბაშვილს.

 

დეპუტატის შეფასებით, პრემიერ-მინისტრს არცერთი სიტყვა არ უთქვამს ევროკავშირის მიერ დასახული 13 პუნქტის შესახებ,  რის გაკეთებას აპირებს.

 

“სიმართლე არის ის, რომ თქვენ ევროკავშირი არ გინდათ“,- მიმართა სახელისუფლებო გუნდს  საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები