გიორგი ვაშაძე – ხართ რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძის მცველი, როცა მას უნარჩუნებთ საქართველოს მოქალაქეობას, თუ ხართ საქართველოს ინტერესების დამცველი?!


ავტორი
Front News საქართველო
ქალბატონო სალომე, ახლა თქვენ ჩამოყალიბდით, თქვენ ხართ ჯაშუში ფარცხალაძის მცველებს შორის, როგორც არის “ქართული ოცნების” მთელი დაჯგუფება თუ ხართ საქართველოს ინტერესების მხარეს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეობის შენარჩუნება ფარცხალაძეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.
“ფარცხალაძე არის რუსეთის აგენტი-ჯაშუში და მხილებულია აშშ-ის მხრიდან, შესაბამისად, მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა არის ჩვენი ეროვნული ინტერესების განმსაზღვრელი საკითხი. არგუმენტი, რომელიც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უფრო მარტივად მიეცემა როგორც საქართველოს მოქალაქე, არის ტყუილი არგუმენტი. სისხლის სამართლის კოდექსი არ განასხვავებს, როცა საუბარია ჯაშუშურ და აგენტურულ საქმიანობასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეა ადამიანი, რუსეთის თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის. ამიტომ ეს არგუმენტი აბსურდულია.
უფრო მეტიც, ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს როგორც საქართველოს შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მარტივი საკითხი რომ ვთქვათ – რუსეთის პასპორტით გადაადგილება ბევრ ქვეყანაში არის შეზღუდული, საქართველოს პასპორტით კი უვიზოდ შეუძლია გადაადგილება, ხოლო რუსეთის პასპორტით ვიზა სჭირდება და ამ ვიზას ფარცხალაძეს არავინ არ მისცემს. საფინანსო ტრანზაქციები მას, რა თქმა უნდა, შეზღუდული აქვს მთელ ცივილიზებულ სამყაროში, მაგრამ მას აქვს ძალიან დიდი ქონება, რომლის დაუყოვნებლივ დაყადაღებაში სხვადასხვა ქვეყნებში, ის, რომ ის მხოლოდ რუსეთის მოქალაქე იქნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელს შეუწყობს მისთვის ამ შეზღუდვების დაწესებას.
ამიტომ ზურაბიშვილის ეს განცხადება, რომ 3 თვე დაელოდება, სანამ ეს კაცი დაალაგებს მის საქმეებს საქართველოში თუ ფარგლებს გარეთ, არის აბსურდი, ამიტომ პირდაპირ მივმართავ – ქალბატონო სალომე, ჩამოყალიბდით, თქვენ ხართ ჯაშუში ფარცხალაძის მცველებს შორის, როგორც არის მთელი “ქართული ოცნების“ დაჯგუფება, თუ საქართველოს ინტერესების მხარეს ხართ? ეს არის გადამწყვეტი საკითხი, აბსურდი და სისულელეა ყველა არგუმენტი, რაც თქვენ მოგაქვთ, ტყუილების კასკადია, რასაც ამბობთ. ის რუსული გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მიიღო, გასაუქმებელია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის მოქალაქეობასთან მიმართებით. საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის მოქალაქეობისგან განსხვავებით ფარცხალაძეს, ჯაშუშ აგენტს, აყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და კითხვა მაქვს, რატომ შეუნარჩუნეთ ეს პრივილეგიები ფარცხალაძეს, რატომ გაწელეთ ის ორი დღე.
უფრო მეტიც, როცა გადამწყვეტი საკითხები იდგა, თქვენ ყოველთვის „ქართული ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდით. მაგალითად: ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის საკითხში, წარადგინეთ ის კანდიდატები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ სურდა; ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და საბჭოს წევრების არჩევის შემთხვევაში, წარადგინეთ ის კანდიდატები, ვინც „ქართულ ოცნებას“ სურდა, იუსტიციის საბჭოს შემთხვევაში, წარადგინეთ ადამიანი და დანიშნეთ, რომელსაც ხმა არ ამოუღია და კლანის განმამტკიცებელია. ამიტომ კითხვა ისმის: ვის მხარეს ხართ?! ყველა გადამწყვეტ სიტუაციაში ხართ „ქართული ოცნების“ მხარეს! ასრულებთ „ქართული ოცნების“ და რუსული რეჟიმის დავალებას, როცა არ იწყალებთ მიხეილ სააკაშვილს.
ამიტომ მორჩით ახლა ამ სისულელეებს, მარტივი კითხვაა თქვენთან: ხართ რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძის მცველი, როცა მას უნარჩუნებთ საქართველოს მოქალაქეობას, თუ ხართ საქართველოს ინტერესების დამცველი?! მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მიღებას, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა. სამშაბათსა და პარასკევს შორის რა შეიცვალა?! სამშაბათს ითხოვდით დაუყოვნებლივ შეწყვეტას და პარასკევს გამოგვეცხადეთ, რომ არა, ჯერ არ უნდა შეუწყდეს მოქალაქეობა. მე მაფიქრებინებს, რომ ან დიდძალ ფულთან გვაქვს საქმე ან ქვეყნის ინტერესების გაყიდვასთან“, – განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე