გიორგი ვაშაძე – მივმართავ კობახიძეს, არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის


ავტორი
Front News საქართველო
ირაკლი კობახიძის მიერ დღეს ჩემი მისამართით გაკეთებული განცხადება, ჩემი, როგორც პირველ რიგში დასაჭერ ოპოზიციონერ ლიდერზე, არის ძალადობის მორიგი მუქარა და წახალისება, მით უფრო, როცა ტოლობას სვამს 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზატორებსა და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს შორის, – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.
“მან ვერ დამალა რეალური განზრახვა, მას სურს დაშინებული და დაპატიმრებული ოპოზიცია. დაშინებული ახალგაზრდობა და ქართველი ერი.
მივმართავ კობახიძეს, არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის, რადგან მე გააზრებული მაქვს, რომ თქვენ საფრთხე ხართ არა ჩემთვის, არამედ საქართველოსთვის და ჩვენი შვილებისთვის!
სწორედ ამიტომ, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას!
კობახიძე გრძნობს პოლიტიკური დაისის მოახლოებას, რომ ქართველმა ხალხმა საბოლოო განაჩენი გამოუტანა მას, როგორც რუსს და გაუშვა პოლიტიკურ სანაგვეზე, რაც აუცილებლად გაფორმდება უახლოეს არჩევნებზე!
მე მჯერა, საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ!” – წერს გიორგი ვაშაძე.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გიორგი ვაშაძეზე განცხადება 5 ივლისის ორგანიზატორების დასჯის შესახებ საუბრისას გააკეთა.
“სამართლებრივად 5 ივლისის ორგანიზატორების იდენტიფიცირება აქამდე იყო შეუძლებელი. რატომ? იმიტომ, რომ არ დგინდება არცერთი ფაქტი, სადაც მოხდა დანაშაულის ორგანიზება. დანაშაულის ორგანიზება ეს არის სამართლებრივი კატეგორია. ორგანიზატორი არ იკვეთება. როდესაც ვიღაცები საუბრობენ იმაზე, რომ ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ, მაშინ უნდა თქვან სამართლებრივად ვინ იყო ორგანიზატორი.
მე მინდა შეგახსენოთ, როცა აქ ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე 7-8 მარტს, მაშინ იყო პირდაპირი მოწოდებები ხომ? ანუ ორგანიზებული იყო შეკრება. უფრო მეტიც, მაგალითად, მოუწოდეს ადამიანებს, რომ ალყა უნდა შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის და ამ ალყას მოჰყვა მერე პირდაპირი ძალადობრივი აქტები.
თუ ჩვენ დაბალი სტანდარტით გავყვებით, რასაც თქვენ ითხოვთ, ამ შემთხვევაში, მაგალითად, პირველი არის დასაჭერი გიორგი ვაშაძე, დასაჭერები არიან ოპოზიციის სხვა ლიდერები, მაგრამ ეს არის დაბალი სტანდარტი. ძალიან სარისკოა ეს დაბალი სტანდარტი, რისი თქმა მინდა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ორგანიზატორები 5 ივლისის დანაშაულს არ ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, ეს არის დღემდე სამართლებრივი მოცემულობა. თუ რაიმეს დაადგენს პროკურატურა, არ ვიცი”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე – არც ერთ ახალგაზრდას არ დაადოთ ხელი და არც ერთ მშვიდობიან მანიფესტანტს

გიორგი ვაშაძე – ჩვენი მთავარი ამოცანაა, ერთად ვიყოთ და არ ვცნოთ ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ

გიორგი ვაშაძე – ბატონ გომელაურს მივმართავ, დაკითხეთ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, რომლებიც არიან ამ ძალადობის მთავარი ორგანიზატორები