Logo

გიორგი ვაშაძე – მხოლოდ მკაცრი განცხადებების გაკეთება არ არის საკმარისი, კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდები თებერვალ-მარტიდან

პოლიტიკა
555
Frontnews image description

უკრაინის პრეცედენტი ჩვენთვის ძალიან სერიოზული მაგალითია,  თებერვალი-მარტიდან ველოდები ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს, –  ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს. 

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს მიმართ ამოქმედეს იგივე მექანიზმები, რაც უკრაინის შემთხვევაში მოხდა. საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ ხელმძღვანელის ალექსანდრ ტუპიცკისა და სხვა პირების მიმართ  სანქციების დაწესების შესახებ. 

 

“ჩვენთვის ეს არის ძალიან სერიოზული პრეცედენტი და მაგალითი, რომ ეს აღვირახსნილი თავგასულობა, რომელიც ხდება მართლმსაჯულების სახელით საქართველოში, რასაც მთელი მსოფლიო ხედავს.  ეს პრეცედენტი,  რაც მოხდა უკრაინაში გამოვიყენოთ იმისთვის,  რომ ზუსტად იგივეს რეალიზება მოვითხოვოთ საქართველოში.ყველა იმ მოსამართლეს, რომელიც კონკრეტულ საქმეზე კონკრეტულ პოლიტიკურ დავალებას ასრულებს, მათ მინდა ვუთხრა, რომ მეგობრებო, არ ჩაივლის ასე, რომ უბრალოდ, ახლა გადაწყვეტილება მიიღეთ და მორჩა. არა, 2 წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციოს მოსამართლემ და დღეს აშშ-ს სანქცირებულთა სიაშია. ყველას კარგად ესმის,  რომ ეს არის კატასტროფა – ქონებების დაყადაღება, გადაადგილების პრობლემები და სხვა. ვთვლი, რომ ყველა სხვა მექანიზმთან ერთად მსგავსი ტიპის მექანიზმები აუცილებელი იქნება, რომ გონს მოვიყვანოთ ქართული ოცნება, რომელიც გავეშებული ძაბავს სიტუაციას”,  – განაცხადა ვაშაძემ “ტვ პირველის“ ეთერში. 

 

მისი თქმით, არ  შეიძლება  ნორმად იქცეს  უწესობა ევროპასთან და აშშ-სთან ურთიერთობაში, ასეთი ქმედებები  არავის გასვლია და არც  “ქართულ ოცნებას” გაუვა. 

 

“ველოდები,  რომ ახალი წლიდან ღია დისკუსია გაიხსნება, რომ  საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ მკაცრი განცხადებების გაკეთება არ არის საკმარისი. კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდები თებერვალ-მარტიდან.  მე ასე ველოდები, ამაზე ვმუშაობთ კონკრეტულად. ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს, ძალიან ბევრი ჩართვა”, – განაცხადა ვაშაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები