Logo

გიორგი ვაშაძე – “ქართული ოცნების” გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს, დატოვეთ ეს გემი

პოლიტიკა
06.04.2023 / 14:01
Frontnews image description

დღეს ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მშვიდობიანად დაიწყოთ მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნება ხალხისთვის, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

“უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის მთავრობამ, ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის ერთად დგომის შედეგი. დასავლეთმა ძალიან მკაფიოდ დაინახა, რომ ქართველ ხალხს არა უბრალოდ უნდა ევროკავშირი და ნატო, არამედ მზად არის, იბრძოლოს ამისთვის და სწორედ ამის დემონსტრირება იყო 7-8 მარტს და მათი მხრიდან მყისიერმა ნაბიჯებმა არ დააყოვნა. 

 

დიახ, სანქცირებულია ოთხი მოსამართლე, მაგრამ კიდევ უფრო მეტს მოუწევს სანქცირება, თუ ისინი ხალხის ნების გაყალბებას შეეცდებიან. ჩვენ გვერდით არის ამერიკა, ჩვენ გვერდით არის ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა და ჩვენ ერთიანობას აქვს ასეთი პასუხი მათი მხრიდან, ეს მხოლოდ ნაბიჯების დასაწყისია. 

 

მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს პირველ რიგში, შეეშვით ქართველი ხალხის ნების გაყალბებას, “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა ყოველგვარი მორალური საფუძველი მას ერქვას საქართველოს ხელისულება და იცოდეთ, თუ გააგრძელებთ ხალხის ნების გაყალბებას, შემდეგი იქნებით თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი გარემოცვა და აუცილებლად არა უბრალოდ სანქცირებით, არამედ კიდევ ბევრი ქმედება იქნება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. 

 

ვფიქრობ, დღეს ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მშვიდობიანად დაიწყოთ მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნება ხალხისთვის. თუ გააგრძელებთ ხალხის ნების გაყალბებას, ძალიან მკაცრი იქნება პასუხი პირველი რიგში, ჩვენგან, ქართული საზოგადოებისგან და ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტიონების მხრიდან.

 

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, არ უნდა მოვდუნდეთ, ეს რეჟიმი არის რუსეთთან დაკავშირებული და ერთადერთი რაც უნდათ უნდათ, რომ აქ იყოს რუსული ჭაობი, ჩვენ ამას არ შევეგუებით. არ მოგვადუნოს ამ მცირე გამარჯვებებმა, საბოლოო გამარჯვება არის წინ. ჩვენ გავიმარჯვებთ მაშინ, როცა მოვიშორებთ ამ რუსულ რეჟიმს და საქართველო გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი და როდესაც ძლიერი საქართველოს იდეის რეალიზებას მოვახდებთ. 

 

“ქართული ოცნების” გემი ჩაძირულია, მოვუწოდებ მის წევრებს, დატოვეთ ეს გემი, სხვა მოსამართლეებსაც და სხვა პირებს, რომლებიც აწერდნენ ხელს ქართველი ხალხის ნების გაყალბებას, ჯერ კიდევ გაქვთ დრო. ეს იყო მთავარი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებისგან. 9 აპრილს უნდა ვიყოთ ბევრი, ჩვენი ერთიანობის დემონსტრირება არის ის ძალა, რომელიც ჩვენ საბოლოო გამარჯვებას მოგვიტანს”, – განაცხადა ვაშაძემ.

Advertisement