Logo

გიორგი ვაშაძე – ვუერთდებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ არჩევნების თარიღი სწრაფად უნდა დაინიშნოს

პოლიტიკა
23.12.2024 / 12:47
Frontnews image description

ჩვენ ვუერთდებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ არჩევნების თარიღი სწრაფად უნდა დაინიშნოს. ჩვენ მზად ვართ, შევთანხმდეთ არჩევნების თარიღზე და პირობებზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ არჩევნები ახლიდან არის ჩასატარებელი საქართველოში.

“ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ არჩევნები ახლიდან არის ჩასატარებელი საქართველოში. არ არსებობს არცერთი კომპონენტი, რითაც შეიძლება, ეს არჩევნები ჩაითვალოს ჩატარებულად, ამიტომ, ჩვენ ვუერთდებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ არჩევნების თარიღი სწრაფად უნდა დაინიშნოს. ჩვენ მზად ვართ, შევთანხმდეთ არჩევნების თარიღზე და პირობებზე.

ეუთო/ოდირის დასკვნა ცხადყოფს, რომ ამ არჩევნებს ლეგიტიმურად არავინ არ თვლის, შესაბამისად, “ქართული ოცნება” გასულია კონსტიტუციის ჩარჩოდან, ის არის თვითმარქვია ხელისუფლება და იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს კონსტიტუციის ჩარჩოში, აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება” , – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ეუთო/ოდირმა დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რაც ეხებოდა ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას. ამ ყველაფერმა, შერწყმულმა არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან, მოახდინა კომპრომეტირება ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობისა, მიეცა ხმა შურისძიების შიშის გარეშე“.

Advertisement