“გირაო არაა იმის გარანტია, რომ ნიკა მელია საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე”

ავტორი
Front News საქართველო
"გირაოს გადახდა არ ნიშნავს, რომ ეს ნიკა მელიას საბოლოო თავისუფლებაზე ყოფნას უზრუნველყოფს, ვინაიდან მის ბრალეულობასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს“, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით, სპეკულაციური კომენტარები კეთდება, რისი მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
„საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში. სიმართლე არის შემდეგი: გირაოს გადახდა ცვლის მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მოცემულობას, ანუ თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, ის დატოვებს დაწესებულებას და სხვა კოლეგების მსგავსად, მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პროცესში. გირაოს გადახდა არ ნიშნავს, რომ ეს მის საბოლოო თავისუფლებაზე ყოფნას უზრუნველყოფს, ვინაიდან მის ბრალეულობასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. სწორედ ამიტომ ჩადეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა დოკუმენტში ამნისტიის შესახებ პროექტი, რათა საბოლოოდ მოგვარდეს ეს საკითხი და არა შუალედურად. ამიტომ, ნიკა მელიას განცხადება მიმართულია იქით, რომ ამ შეთანხმებას დესტრუქცია მოუწყონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
გირაო არაა იმის გარანტია, რომ ნიკა მელია საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე. ამისთვის საჭიროა ამნისტია. ნიკა მელია არ არის დოკუმენტზე ხელმომწერი მხარე, ის არ გახლავთ რაიმე უფლებებით აღჭურვილი, რომ გვიკარნახოს პირობები. თუ მას სურდა, რომ ყოფილიყო იმ მხარეს, სადაც ცივილიზებული პოლიტიკა მიმდინარეობს, მას ეს შეეძლო. მათ ეს არ გააკეთეს. ახლა, გარედან რამის კარნახი მისივე კოლეგებისთვისაა მიუღებელი, რომ არაფერი ვთქვათ „ქართულ ოცნებაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თაგები:





