გიული ალასანია – გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს და ჯერჯერობით იქ საბუთები შეტანილი არ არის


ავტორი
Front News საქართველო
გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს და ჯერჯერობით იქ საბუთები შეტანილი არ არის, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა კითხვის პასუხად, თუ რატომ არ გადაყავთ მესამე პრეზიდენტი უცხოეთში სამკურნალოდ.
მისი თქმით, ამ საკითზე იმავეს აცხადებს იუსტიციის მინისტრი და თბილისის მერი.
“როგორც მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრისგან, დღეს კალაძემაც გააკეთა იგივე განცხადება, იმიტომ არ გაყავთ თუნდაც, რომ არ არის შეტანილი საბუთები შეტანილი სასამართლოში, გადაწყვეტილება სასამართლოზე უნდა იყოს მიღებული და არ არის იქ შეტანილი, ჯერჯერობით არ არის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენს ის რომ ვერ ხერხდება დიაგნოზის დასმა, რათა ადვოკატებმა სასამართლოს მიმართონ.
“მე რომ მკითხოთ, აშკარად ავად არის. ბევრი სპეკულაციებია, რომ “არ არის ავად“, “ამდენი დიაგნოზი აქვს“, ეს ყველაფერი არის მაინც ფოლკლორის დონზე. წელიწადი და 2 თვე, დიაგნოზები კი არ იცვლება, იქ მდგომარეობა მძიმდება, დიაგნოზები დაწერილი მე ჯერ არ მინახავს.
მდინარაძემ თქვა, “ფეიკი დიაგნოზებიაო“, რა არის ფეიკი, დაწერილი მე არაფერი მინახავს. იქნებ მან ნახა რაღაც, რაც ჩვენ არ გვინახავს.
“რაღაც დამატებით კიდევ ჭირდება შემოწმება, კიდევ ჭირდება“… – მაგას დასასრული არ უჩანს, რამდენი ხანია, ვამბობ უკვე, რომ ძალიან საჩქაროა, ძალიან გადაუდებელია, მაგრამ გრძელდება ეს მდგომარეობა, ვერ მივიღეთ ვერაფრით ის დიაგნოზი, რომელსაც ველოდებით. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს კიდევ, არ ვიცი. ვერ შედგება პროცესი, თუ არ გვექნება დიაგნოზი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
მისვე თქმით, ამერიკელმა ექსპერტებმა სწრაფად გამოაგზავნეს პასუხები, ახლა საბოლოო დასკვნა ცენტრმა ემპათიამ უნდა შეადგინოს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული დასკვნა 18 ნოემბერს იქნება მზად.
