გივი მიქანაძე - 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტში უკვე ჩარიცხულ ყველა სტუდენტს, უზრუნველვყოფთ დაფინანსების იმავე მექანიზმით, რომელიც აქამდე იყო მათთვის შეთავაზებული. 2026 წლიდან კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, ის, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა მეტად ორიენტირებულია სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე არახალია და რეფორმის დაანონსების დღიდან არის ცნობილი საზოგადოებისთვის, მათ შორის, უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის.
"უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული რეფორმის დაანონსების დღიდან ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რეფორმის მთავარი აქცენტი კეთდება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა შეასრულონ სახელმწიფოს დაკვეთები ბაზრის კვლევებისა და საჭიროებების მიხედვით. შესაბამისად, დაფინანსების ძირითადი რესურსების მობილიზება ამ პრინციპის გათვალისწინებით მოხდება. ეს სიახლეს არ წარმოადგენს. კერძო უნივერსიტეტებისთვისაც თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ახალი დაფინანსების მოდელი მთლიანად სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იქნება მიმართული.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, სტუდენტები, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან, სახელმწიფოსგან საგრანტო მხარდაჭერას აღარ მიიღებენ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე - მეორე, მესამე, მეოთხე კურსის, აგრეთვე მაგისტრატურის სტუდენტებზე - ეს შეზღუდვა არ გავრცელდება და მათთვის დაფინანსების არსებული კომპონენტი ძალაში დარჩება", - განაცხადა მიქანაძემ.
გივი მიქანაძემ უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, მისი თქმით, გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვისას მათაც შეეხება.
"უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით, მომდევნო სასწავლო წლიდან დაწესდება გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამ მიზნით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც, უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება. გამონაკლისად განიხილება ორმხრივი შეთანხმებები, გაცვლითი და სპეციალური პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ უნივერსიტეტებს აქვთ სხვადასხვა ფორმატით.
საგულისხმოა, რომ ყველა ის უცხოელი სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა საქართველოში, შეძლებს ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტებში. მოგეხსენებათ, დღეს მოქმედი 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მხოლოდ 19 არის სახელმწიფო, ხოლო 45 - კერძო. შესაბამისად, მათ თავისუფლად შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ და სასურველ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასურველ პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა", - განაცხადა მიქანაძემ.
თაგები:
გივი მიქანაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


