გივი მიქანაძე - ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა შეძლო თავის ქვეყნის, ენის, სარწმუნოების შენარჩუნება და დღეს ღირსეულად განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საზოგადოებას და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"დღეს 26 მაისის აღნიშვნა უფრო კიდევ უფრო მასშტაბური და სიმბოლურია, რადგან, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, წელს, მთელი წლის განმავლობაში, აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის 1700 წლის იუბილეს.
ჩვენ უდიდესი კულტურისა და ისტორიის მატარებელი ერი ვართ. სწორედ ჩვენმა რწმენამ მოახდინა ძალიან დიდი გავლენა საქართველოს ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, ჩვენი ერის კულტურულ განვითარებაზე და ღირსეული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე.
არაერთი დიდი იმპერია ვიცით, რომელიც აღარ არსებობს და მათ შესახებ მხოლოდ ისტორიული წყაროებიდან ვიცით. ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა კი შეძლო თავის ქვეყნის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნება. ეს ჩვენი წინაპრების თავდადების შედეგად იქნა მიღწეული, მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად, შეგვინარჩუნეს სამშობლო, რომელიც დღემდე ღირსეულად აგრძელებს განვითარებასა და წინსვლას.
ეს დღე ჩვენია - ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით, მისი ისტორიით, მისი ტრადიციით, იმ განსაკუთრებული ღირებულებით და ფასეულობებით, რომლითაც საქართველო მართლაც მსოფლიოში გამორჩეულია. მთელ საქართველოს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
თაგები:
გივი მიქანაძე




