Logo

გივი მიქანაძე იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტს ეწვია, სადაც წელს შოთა რუსთაველის სახელობის ქართველოლოგიის ცენტრი გაიხსნება

პოლიტიკა
49
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტს ეწვია, სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისრაელის ებრაულ უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის დაარსების მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს.

"დეტალურად განვიხილეთ ის კონკრეტული ასპექტები, რომლებიც ქართველოლოგიის ცენტრის დაფუძნებასა და განვითარებას ეხება. მივიღეთ სრული მხარდაჭერა როგორც უნივერსიტეტის რექტორისა და ხელმძღვანელობის, ასევე ჰუმანიტარული ფაკულტეტის წარმომადგენლების მხრიდან.

უახლოესი თვეების განმავლობაში ყველა საჭირო პროცედურას გავივლით, რის საფუძველზეც ჩვენ უკვე შევძლებთ, რომ მიმდინარე წელს იერუსალიმის უნივერსიტეტში გავხსნათ შოთა რუსთაველის სახელობის ქართველოლოგიის ცენტრი. აღნიშნული ხელს შეუწყობს ქართული ენის და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას  და, რაც მთავარია, ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს გაძლიერებისა და  მსოფლიო მასშტაბით ქართული ენის ცნობადობის ამაღლების კუთხით", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა, ებრაულ უნივერსიტეტს მდიდარი ტრადიციები და ისტორია აქვს, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტი მსოფლიო რეიტინგში დღესაც საპატიო ადგილს იკავებს.

გივი მიქანაძეს უნივერსიტეტში რექტორმა ორონ შაგრირმა უმასპინძლა.

უნივერსიტეტში მინისტრთან ერთად იმყოფებოდა ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სოფიო ოტიაშვილი. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები