გივი მიქანაძე - ივანე ჯავახიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა განათლებული და ძლიერი ქვეყნის შენებას

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის დამფუძნებლის ღვაწლზე ისაუბრა.
"ივანე ჯავახიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა უკეთესი, განათლებული და ძლიერი ქვეყნის შენებას, რომელიც, სიმცირის მიუხედავად, საკუთარ კვალს დაატყობდა მსოფლიო ცივილიზაციას თავისი უნიკალური კულტურითა და მდიდარი ისტორიით.
ის იყო ჭეშმარიტი მამულიშვილი, სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარული და სანიმუშო მოქალაქე, რომელიც მონაწილეობდა ქვეყნის დამოუკიდებლობის გადარჩენასა თუ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში.
ივანე ჯავახიშვილი წლების განმავლობაში, დაუღალავი შრომის შედეგად, ამზადებდა ნიადაგს ქართულ ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისთვისა და ქართული მეცნიერების განვითარებისთვის. ეს იყო ერის საამაყო შვილის მთავარი ღირებულება და ამ ღირებულებების გარშემო შემოიკრიბა თანამოაზრეები, უკვე სახელგანთქმული მეცნიერები, რაც ქართული უნივერსიტეტის დაარსებით დაგვირგვინდა. სწორედ ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა საფუძველი განათლების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მთავარ კერას, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს.
მჯერა, რომ დიდი მეცნიერის მიერ დატოვებული სამეცნიერო მემკვიდრეობა კიდევ მრავალ თაობას წარუძღვება წინ და დაგვეხმარება, შევქმნათ ისეთი ინტელექტუალური რესურსი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს გაუწევს კონკურენციას”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ, საქართველოს რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარე დავით გურგენიძემ და პარლამენტისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებმა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერებმა, რომლებმაც ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში უახლესი კვლევები წარმოადგინეს.
ღონისძიების დაწყებამდე გივი მიქანაძემ, თსუ-ის რექტორთან, აკადემიკოს ჯაბა სამუშიასთან, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებთან და სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი სახელობის აუდიტორიასთან ივანე ჯავახიშვილის ბიუსტი გახსნა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართა ფილმის - „ივანე ჯავახიშვილი“ ჩვენება.
ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თსუ-ის მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში მოეწყო ივანე ჯავახიშვილის მემორიალური ნივთების, ხელნაწერებისა და წიგნების გამოფენა. ასევე, წარმოდგენილი იყო მეცნიერის თხზულებათა სრული კრებულის პირველი ტომი და დაჯილდოვდნენ შემოქმედებითი კონკურსის „ივანე ჯავახიშვილი 150“ გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები.
ასევე დაგეგმილია ივანე ჯავახიშვილის მონეტისა და საფოსტო მარკის პრეზენტაცია და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
თაგები:
გივი მიქანაძე




