
ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ახალგაზრდებს სწავლის წარჩინებით დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სკოლებში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მნიშვნელობაზე.
"მთავარი მიზანი იყო, საჯარო სკოლებში ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების დანერგვით, ახალგაზრდებისთვის სკოლაშივე მიგვეცა შესაძლებლობა, სრულ ზოგად განათლებასთან ერთად, პროფესიასაც დაუფლებოდნენ. დღეს ეს მიზანი მიღწეულია – აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად ახალგაზრდებმა სკოლაში, ზოგადი განათლების მიღების პარალელურად, შეიძინეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რომლებიც მომავალში პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ.
როცა ვხედავ ახალგაზრდებს, რომლებმაც უკვე გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი პროფესიული გზის დასაწყებად, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ძალიან საჭირო და დროული იყო აღნიშნული ინიციატივის განხორციელება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულების ნაწილს სწავლის დასრულებისთანავე უკვე მიეცა დასაქმების შესაძლებლობა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა პროგრამის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის პროექტში ჩართული საჯარო სკოლების დირექტორებს მადლობის სიგელები გადასცა.
კურსდამთავრებულებს სიტყვით ასევე მიმართეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა.
ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2024 წელს საპილოტე რეჟიმში საქართველოს 20 საჯარო სკოლაში დაინერგა, ამ ეტაპზე კი პროგრამები უკვე 80-ზე მეტ საჯარო სკოლაში ხორციელდება. შესაბამისად, დღეს კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას ეძლევა შესაძლებლობა, სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ მიიღოს როგორც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ისე პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები ბაია კვიციანი და თამარ მახარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლები, დამსაქმებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს