გოჩა ცოფურაშვილი - ამ პროექტების სწორად მართვაზეა დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკური მომავალი

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ეკონომიკის ბოლოდროინდელი ორნიშნა თუ მასთან მიახლოებული ზრდის ტემპი საზოგადოებრივი და პროფესიული დისკუსიის მთავარ თემად რჩება. რატომ ვერ აისახება მშრალი სტატისტიკური მაჩვენებლები მოქალაქეების რეალურ კეთილდღეობაზე, რა სისტემური ხარვეზები აფერხებს ადგილობრივ წარმოებას და სად გადის ზღვარი იმპორტდამოკიდებულებასა და სასურსათო უსაფრთხოებას შორის?
Front News-ის ამ და სხვა კითხვებს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ეკონომისტი გოჩა ცოფურაშვილი პასუხობს. ექსპერტი დეტალურად აანალიზებს აგრარულ სექტორში არსებულ კრიზისულ ტენდენციებს, მონეტარული პოლიტიკის გავლენებს, "შუა დერეფნის“ რეალურ პოტენციალსა და იმ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანამ განვითარების ე.წ. "ლიბერალური ხაფანგიდან“ გამოსასვლელად სასწრაფოდ უნდა განახორციელოს.
- ბოლო პერიოდში საქართველო ორნიშნა ან მასთან მიახლოებულ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს. თქვენი შეფასებით, რამდენად მდგრადია ეს ზრდა და რა არის მისი რეალური მამოძრავებელი ძალა - გარე ფაქტორები (მიგრაციული ნაკადები, გზავნილები) თუ შიდა სტრუქტურული რეფორმები?
- დიახ, სტატისტიკურად ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, რაც, რა თქმა უნდა, თავისთავად ცუდი არ არის. თუმცა, აუცილებელია ჩავუღრმავდეთ იმ ფაქტორებს, რომლებმაც ეს მაჩვენებლები განაპირობა. თქვენ მიერ ჩამოთვლილ ყველა გარე კომპონენტში - იქნება ეს მიგრაციული ნაკადების შემოდინება, ფულადი გზავნილები თუ სხვა გარე შოკები, ზრდა გვქონდა და მიმდინარე ეტაპზე, ეს მოცემულობა რელევანტურად უნდა ჩავთვალოთ, მაგრამ ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს სისტემურ, სტრუქტურულ რეფორმებსა და იმ შიდა პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებას, რაც უშუალოდ ადგილობრივ ბიზნესშია აკუმულირებული.
სამწუხაროდ, შიდა სტრუქტურული თვალსაზრისით, მზარდი დინამიკა არ გვაქვს. იმის დასადასტურებლად, რომ შიდა ეკონომიკური ბაზისი არ იზრდება, შეგვიძლია მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქცია ავიღოთ და დეტალურად მივყვეთ სტატისტიკას, რას ვაწარმოებთ, რას ვაწარმოებდით და სად გვაქვს მკვეთრი კლება. ავიღოთ ერთწლოვანი კულტურები და ვნახოთ, რამდენი ჰექტარი მიწა იხვნებოდა და მუშავდებოდა ადრე და რამდენი დღეს. ერთწლოვანი კულტურების ქვეშ მოქცეული დამუშავებული ფართობების მაჩვენებელი სტაბილურად მიდის დაბლა და ბოლო წლების განმავლობაში 200 ათასიანი ჰექტარის კრიტიკულ ზღვარსაც ჩამოსცდა. ეს ტენდენცია პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ამ სტრატეგიულ ნაწილში არანაირი აქტიურობა და გარღვევა არ გაგვაჩნია.
- ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ კეთილდღეობას საკუთარ ჯიბეზე ვერ გრძნობს. რატომ გვაქვს ეს დისბალანსი მშრალ ციფრებსა და მოქალაქეების რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შორის? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ზრდა არ არის ინკლუზიური და მდგრადი?
- მოსახლეობა ამ ეკონომიკურ ზრდას საკუთარ ჯიბეზე ზუსტად იმიტომ ვერ გრძნობს, რომ ის სექტორები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ხალხის ყოველდღიურობასა და დასაქმებასთან, მაგალითად, კვების პროდუქტების წარმოება, სტაგნაციას განიცდის. ჩვენ არ ვაწარმოებთ იმ რაოდენობის პროდუქციას, რისი რეალური პოტენციალიც ქვეყანას გააჩნია. შესაბამისად, უამრავი ადამიანი, ვისაც აქვს მიწის ნაკვეთები და შეუძლია მათი დამუშავება, არ არის აქტიურად და სრულფასოვნად ჩართული ეკონომიკურ პროცესში. ჩვენ არ გვაქვს მაღალი ინკლუზიურობა, აკლია მასშტაბური ჩართულობა.
ამის ნათელი მაგალითია ადგილობრივ ბაზარზე ხახვით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი. თუ გადავხედავთ ბოლო 10-12 წლის მონაცემებს, საქართველო 70-80%-იანი თვითუზრუნველყოფიდან ჩამოსულია სულ რაღაც 22-24%-მდე. ეს კატასტროფული კლებაა. იგივე მდგომარეობაა ხორცის წარმოების ნაწილშიც, რაც განსაკუთრებით მეფრინველეობას და მეღორეობას ეხება, აქაც მკვეთრად დაბალი მაჩვენებლები გვაქვს. არასახარბიელო სიტუაციაა სიმინდისა და ბოსტნეულის წარმოებაშიც. რეალურად, ამ მიმართულებებით სახელმწიფო სახსრებიც იხარჯება და უზარმაზარი ბუნებრივი პოტენციალიც გვაქვს, მაგრამ შედეგს ვერ ვიღებთ ისეთს, როგორსაც უნდა ვიღებდეთ.
ეს ყველაფერი ზუსტად იმის მანიშნებელია, რაზეც მკითხეთ: დიახ, ჩვენ კი ვიღებთ სხვადასხვა ტიპის დამატებით შესაძლებლობებს მშპ-ის ზრდისთვის, მაგრამ ეს ხდება სატრანზიტო-ლოჯისტიკური აქტივობებისა და რეექსპორტის ხარჯზე. თუ ქვეყანამ მეტი ტვირთი გაატარა, მეტმა ენერგომატარებელმა გაიარა დერეფანში და ამით სახელმწიფომ გარკვეული ფინანსური ბენეფიტი მიიღო, საერთო ჯამში ეს ციფრობრივად გაზრდის მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ), მაგრამ რიგითი მოქალაქის კეთილდღეობაზე პირდაპირ ვერ აისახება. თუ არ განვითარდა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და მცირე მეწარმეობა, ეკონომიკური ზრდა არ იქნება ინკლუზიური და საზოგადოების ფართო ფენებზე ორიენტირებული.
- ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო დროს სტატისტიკურად დასტაბილურდა, თუმცა ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მედიკამენტებზე მაინც მაღალი რჩება. რა ბერკეტები აქვს ქვეყანას ფასების რეალური დასტაბილურებისთვის? ხელისუფლება რამდენიმე თვის წინ მოსახლეობას ამ პრობლემის მოგვარებასა და ფასების დაწევას დაჰპირდა, თუმცა სპეციალურმა კომისიამ სრულიად განსხვავებული დასკვნა დადო. რაში ხედავთ გამოსავალს?
- ზოგადად, ინფლაციურ პროცესებზე, ფასების სტაბილურობასა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის კონტროლზე პასუხისმგებლობა კონსტიტუციურად ეროვნულ ბანკს ეკისრება. მას აქვს შესაძლებლობა, მონეტარული ინსტრუმენტებით შეზღუდოს ან მართოს ფულის მასა. თუმცა, გრძელვადიანი და რეალური ფასების დასაჭერად, განსაკუთრებით სასურსათო სექტორში, მთავარი და ყველაზე ეფექტური ბერკეტი ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ბაზარზე იმპორტმა სრული და უკონტროლო დომინირება არ მოიპოვოს.
აქ ვეჯახებით სერიოზულ სტრუქტურულ პრობლემას, არაკონკურენტულ გარემოსა და სავაჭრო ქსელებში არსებულ ბარიერებს. ავიღოთ მარტივი პროდუქტი, მაგალითად, ბულგარული წიწაკა (მწვანე ან წითელი). როგორ შეიძლება მისი საცალო ფასი 11-12 ლარს აღწევდეს, როდესაც მისი მოყვანის რეალური თვითღირებულება, სავარაუდოდ, 2-3 ლარია? კლიმატური პირობები იდეალურ საშუალებას გვაძლევს, რომ ეს პროდუქტი თავად ვაწარმოოთ. თუმცა, აღნიშნული სამთავრობო კომისიის მუშაობის შედეგად გამოჩნდა, რომ ადგილობრივ ფერმერებს საკუთარი პროდუქციის მსხვილ სავაჭრო ქსელებში შეტანა უკიდურესად უჭირთ. ბაზარზე არსებობს გარკვეული კარტელური გარიგებები, დახლები წინასწარ არის შესყიდული და იქმნება მრავალი ხელოვნური ბარიერი, რის გამოც იმპორტიორი ყოველთვის უკეთეს, პრივილეგირებულ პირობებში აღმოჩნდება ხოლმე.
მაგალითად, რამდენიმე მსხვილმა იმპორტიორმა, რომლებიც ხახვის შემოტანას ეწევიან ქვეყნის ფარგლებს გარედან, ფაქტობრივად, მუშაობა გაუჩერა ასეულობით ადგილობრივ ფერმერს, რომელთაც ამ ხახვის საქართველოშივე მოყვანა შეეძლოთ. ახლა რომელი სჯობს ქვეყნის ეკონომიკისთვის: 5-მა მსხვილმა კომპანიამ შემოიტანოს ეს პროდუქტი და მათ ჰქონდეთ მილიონიანი ბრუნვა, თუ 500-მა ადგილობრივმა ფერმერმა აწარმოოს, დაასაქმოს ხალხი და დაიტოვოს ეს დოვლათი რეგიონში? სამწუხაროდ, ამ კომისიის მუშაობისას არ გაჟღერებულა არცერთი სტრატეგიული, პროგრამული საკითხი. ველოდით გეგმას, რომელიც იტყოდა: "ჩავუღრმავდით პრობლემას, გამოვავლინეთ ხარვეზები და გვაქვს 1-2 წლიანი სამოქმედო სტრატეგია სიტუაციის შესაცვლელად". რისთვის გამოიკვლიეს ეს ფასები, საბოლოო ჯამში იმის სათქმელად, რომ რეალიზატორები და იმპორტიორები ყველაფერში მართლები ყოფილან? ამ მიმართულებით უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი.
- საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რეგიონულ პარტნიორებზე და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე. მიმდინარე საერთაშორისო სანქციებისა და რეგიონში არსებული კრიზისების ფონზე, სად ხედავთ საქართველოს ეკონომიკის მთავარ რისკებს? "შუა დერეფნის“ (Middle Corridor) როლი და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ხშირად ხდება განხილვის საგანი. რა კონკრეტული ნაბიჯები აკლია ქვეყანას, რომ ეს შანსი მაქსიმალურად გამოიყენოს და მხოლოდ "გამტარ“ ქვეყნად არ დარჩეს?
- საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ჩვენი ეკონომიკა ზედმეტად, კრიტიკულ დონეზეა დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. სწორედ ამიტომ, პირველი რიგის ამოცანა უნდა იყოს საკუთარი შიდა რესურსების რაციონალური და ეფექტიანი ათვისება, რათა თუნდაც სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით ასეთი მასშტაბით არ ვიყოთ იმპორტზე მიჯაჭვული.
რაც შეეხება „შუა დერეფანს“, ეს გეოპოლიტიკური შანსი მაქსიმალურად გონივრულად და პრინციპულად უნდა გამოვიყენოთ, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით. ამ პროექტების სწორად მართვაზეა დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკური მომავალი. ჩვენთან ხშირად იციან ხოლმე ცალმხრივი „გაჭედვა“ და ილუზიების შექმნა, მაგალითად: „აი, ანაკლიის პორტს ავაშენებთ და ყველაფერი ავტომატურად მოგვარდება“. ანაკლია აუცილებელია, მაგრამ მისი პარალელურად რატომ არ ვფიქრობთ აგრარული სექტორის განვითარებაზე, ენერგეტიკული სიმძლავრეების გაზრდასა და სხვა შიდა რესურსების სინქრონულ ათვისებაზე?
ეს უკიდურესი გარე დამოკიდებულება წინა ხელისუფლების პერიოდში გატარებულმა ჰიპერ-ლიბერალურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოიტანა. ჩვენ, მონეტარული და სტრუქტურული თვალსაზრისით, გარე ძალებისა და ინტერესების ხაფანგში აღმოვჩნდით. ჩვენი საბანკო სისტემაც მნიშვნელოვანწილად გარე სტანდარტებით იმართება და ქვეყნის შიგნით კოლოსალურ მოგებებს ნახულობს, რაც რეალურ სექტორს სისხლს აცლის. იმდენად არაგონივრულად ლიბერალური მიდგომები დავამკვიდრეთ, რომ თავადვე ჩავიგდეთ თავი განუვითარებლობის მანკიერ წრეში. მომავალში კონკურენტული ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა თუ გვინდა, აუცილებლად უნდა გადაიჭრას მიწის პარცელაციის (დაქუცმაცების) პრობლემა, განხორციელდეს კონსოლიდაცია და ამას მოჰყვება როგორც მსხვილი ინვესტიციები, ისე თანამედროვე ტექნოლოგიები. როდესაც წარმოებას ექნება შესაბამისი მასშტაბი და მოცულობა, ბაზართან და სავაჭრო ქსელებთანაც სრულიად სხვა პოზიციიდან ვილაპარაკებთ. ამ ყველაფერს სჭირდება სახელმწიფოებრივი ხედვა, შეღავათიანი პლატფორმები და მიზნობრივი სტიმულირება.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
გოჩა ცოფურაშვილი




